fbpx

მოდის მეხუთე ელემენტი – ჟან პოლ გოტიე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სალომე დადუნაშვილი

 

შატლეს თეატრს ბრწყინვალე პუბლიკით ვერ გააკვირვებ.  ხალხის გუგუნს და დარბაზში გაჩენილ აპლოდისმენტების ქარიშხალს მოოქრული კედლები მედგრად უძლებს, თუმცა, რაც 2020 წლის იანვრის საღამოს ფოიეში თუ კულისებში, სცენაზე თუ პარტერში ხდებოდა,  რაღაც ახალი იყო – ფილოსოფოსები და მსახიობები, დიზაინერები და ინსტაგრამელები ერთმანეთში გადარეულიყვნენ. თეატრის კიბეებზე შილიფად ჩაცმული მოდელები და ინფლუენსერები პოზირებდნენ. ფრანგული კინოსა და თეატრის თვალცრემლიანი ვარსკვლავები აღფრთოვანებისა და სინანულისგან  ოხრავდნენ. მოკლედ, ყველა მოვიდა- ყველა.

ოცდამეერთე  საუკუნის მესამე დეკადა მოდის სამყარომ დასასრულით დაიწყო. ამიერიდან მან ჟან პოლ გოტიეს ხულიგნური ენერგიის გარეშე უნდა იარსებოს.

 

 

ლურჯ სამუშაო კომბინეზონში, აი ისეთში,   ელექტრიკოსებს ან მუშებს რომ აცვიათ, გამოწყობილი გოტიე თავის ყოფილ თუ ახალ მუზებთან და საყვარელ მომღერლებთან ერთად მხიარულად დახტოდა სცენაზე.  დიზაინერი ამ გიჟური საღამოს სრულიად გიჟურ დასასრულს და ახალი ცხოვრების დასაწყისს ზეიმობდა.

 

 

გოტიეს ჩვენება ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე მოდა. ეს იყო სპექტაკლი, ხალასი და სპონტანური, ამიტომ სწორედ თეატრის სივრცეში, ამ  უკანასკნელ საღამოს, ჟან პოლ გოტიემ ყველა სული მოიხმო და პოდიუმზე 50-წლიანი კარიერის ყველა აჩრდილი გამოიყვანა. საფირმო მეზღვაურის ფემინური ვერსიის წარდგენა ჯიჯი ჰადიდს ერგო წილად.  დიტა ფონ ტიზი ატლასის პირისფერი ბანდაჟით ბურლესკისა და კაბარეს განსახიერება იყო. კოკო როშამ საყვარელი დიზაინერისთვის მთელი პოდიუმი რივერდანსის ნახტომებით გაიცეკვა. მილენ ფარნმერი შავი კორსეტითა და მასკულინური პიჯაკით ძლიერი ქალის განსახიერება იყო. როსი დე პალმა, დიზაინერის ერთ-ერთი მუზა, ფერად ესპანურ მარაოს ჰგავდა.  

კუტიური არ მომკვდარა, თუმცა პოდიუმზე სავარაუდოდ, სწორედ მცირე მოდის სახლების სიკვდილის სიმბოლოდ –  კუბო გამოასვენეს. სამაგიეროდ იქიდან თეთრ, სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი მოდელი ამოფრთხიალდა, როგორც ახალი სიცოცხლე.  

ოტ კუტიურის უძვირფასესი, ხელით გამოყვანილი  გვირისტებით შექმნილი ტანსაცმლის – აბრეშუმის ტაფის, ქაშმირის და შიფონის ტალღებში ჩაძირულიყვნენ მუშების  ლურჯ კომბინეზონებში გამოწყობილი გოტიეს სახლის თანამშრომლებიც. მოდის მშენებელები, მუშა ფუტკრები, ვისი დამსახურებითაც დიზაინერის ფანტაზია ხორცს ისხამს. 

„კულისებში სრული ქაოსია. არავინ იცის რა ხდება. მთავარია, ყველამ თავისი ტანსაცმელი ჩაიცვას. ყველაფერი საშინლადაა ორგანიზებული. ამ თვალსაზრისით სწორედაც რომ საწყისებს ვუბრუბდები“, – მხიარულად ჩაჰყვიროდა ჟურნალ ვოგის მიკროფონს  ადამიანი, რომელმაც მეოცე საუკუნის მოდაში გატარებული 50 წელი მის თავადაყირა დაყენებას მოახმარა და ეს უდიდესი წარმატებით შეძლო.

 

 

ჟან პოლ გოტიემ ქალის საცვლები გამოსასვლელ სამოსად ა ქცია, მამაკაცებს შოტლანდიური კილტის ინსპირაციით – ქვედაბოლოები ჩააცვა, კორსეტი და ბანდაჟი, რომელიც  მანამდე ბუდუარის სენსუალურ სივრცეში ბუდობდა – პოდიუმზე აღმოჩნდა. მადონას წყალობით ატლასის წვეტიანი ბიუსტჰალტერი მსოფლიომ გაიცნო. ჯან პოლ გოტიეს მიერ დანერგილი ერთ-ერთი ბოლო ტრენდი – ჭაღარა თმა  2016-17 წლების მთავარი გასართობი იყო ინსტა ვარსკვლავებისთვის. 

პიერ კარდენთან დაწყებული კარიერა 5 წელიწადში ჟან პოლ გოტიეს მოდის სახლი დაარსებით დასრულდა. 

„ახლა სულ სხვა დროა. მაშინ თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა და შესაძლებლი იყო. დავფრინავდით. ახლა უფრო მეტ დროს ბუღალტრებთან ერთად ვატარებთ და თვლას ვანდომებთ“, – აცხადებდნენ გოტიეს მეგობრები.

ახლა მართლაც სხვა დროა – ჟან პოლ გოტიეს, რომელსაც არასდროს არსად უსწავლია მოდელირება და ხატვა, 18 წლის ასაკში სწორედ დაბადების დღეზე მოუვიდა წერილი პიერ კარდენის მოდის სახლიდან, რომ  ასისტენტად ქირაობდნენ. ჯან პოლმა უბრალოდ ესკიზები გააგზავნა მისთვის საინტერესო სახლებში. პიერ კარდენმა დაინახა მისი პოტენციალი და დაასაქმა. 

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მოდის სამყარო უკვე დიდი ხანია ფინანსისტების კალკულატორების კაკუნის ფონზე იძინებს და იღვიძებს. 

სწორედ ამ დამღლელი კაკუნის გამო ჟან პოლ გოტიე 2015 წელს პრედ ა პორტეს, მზა ტანსაცმლის ხაზს გამოემშვიდობა. თქვა. რომ ამ სფეროში ყველაფერი იმდენად კომერციალიზირებულია, რომ შემოქმედებისთვის ადგილი საერთოდ არ რჩება. მაშინ გოტიემ  განაცხადა, რომ დროს მხოლოდ ოტ კუტიურს დაუთმობდა. როგორც ჩანს, კალკულატორის შემაწუხებელმა კაკუნმა ამ ეფემერულ სფეროშიც შეაღწია და მოდის გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტად სპონტანურობა უყვარდა – წავიდა. 

 ბავშვობის ფოტოებში შორტებში გამოწყობილ პატარა ბიჭში  ჟან პოლს უცვლელი, მხიარული თვალებით ამოიცნობ. თავისუფალ და სიყვარულით სავსე ოჯახში გაზრდილი ლაღი ბავშვი, თავისუფალ და თავდაჯერებულ ახალგაზრდად იქცა.როცა მშობლებს გამოუცხადა, რომ გეია, პასუხად მიიღო: „ოღონდ შენ ბედნიერი იყავი და ჩვენთვის სულერთია“. შესაძლოა  ამიტომ მოდის სამყაროში, სადაც ჰომოსექსუალიზმი არავის აკვირვებს, სწორედ გოტიე იყო ერთ-ერთი პირველი გახსნილად გეი დიზაინერი, რომელსაც ამ საკითხისთვის ტაბუ არასდროს დაუდვია. 

სკოლაში, გაკვეთილებზე ძირითადად ხატავდა. ხატავდა კაბარეს მოცეკვავეებს. ლამაზ კაბებში გამოწყობილ ლამაზ ქალებს. ერთხელ მასწავლებელმა ამისთვის დასაჯა, სკეტჩი ზურგზე მიამაგრა და აიძულა ასე ევლო. ამან გოტიე მხოლოდ გაართო და თან აღმოჩნდა, რომ მისი ნახატები ყველას მოსწონდა.

 

 

ტანსაცმლის მოდელებს ჯერ თავის პატარა დათუნიას არგებდა. გოტიესადმი მიძღვნილ მოდის გამოფენაზე პატარა გაქუცული ტედი დათუნია ატლასის წვეტიან ბიუსტჰალტერში იწონებდა თავს. 

გოტიესთვის სულერთი იყო ვის აცმევდა დათუნიას თუ მადონას, მაღალს თუ დაბალს მსუქანს თუ გამხდარს. სწორედ სილამაზის ამ თავისებური აღქმის გამო  ის პირველი იყო, ვინც პოდიუმი არაკლასიკური მოდელებით, ტატუირებული პირსიანგიანი „უცნაური“ ადამიანებით გაავსო. თუმცა, მისი აღმოჩენილია ლეტიცია კასტაც, რომელიც 15 წლისა სწორედ გოტიემ გამოიყვანა პირველად პოდიუმზე. ის ყველგან ხედავდა სილამაზეს.

ასეთივე მრავალმხრივი იყო მისი  საქმიანობაც. გოტიე არასოდეს ამბობდა უარს მაგალითად, ოქროს ზოდებისთვის განსაკუთრებული დიზაინის შექმნაზე, ან მერსედესის საქველმოქმედო საღამოსთვის მანქანის  საფირმო, მეზღვაურის მაისურის მსგავსად შეღებვაზე, კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრობაზე, ან კურდ კობეინის თხოვნით, მუსიკალური ვიდეოსთვის ჯგუფის წევრების ჩაცმაზე. რომ არაფერი ვთქვათ ფილმისთვის  – „მეხუთე ელემენტი“ შექმნილ კოსტიუმებზე, რომლებიც ყველა კინომოყვარულის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. თუნდაც მილა იავოვიჩის ბანდაჟი კომბინეზონის სახით.

 

 

„ვიმუშავებ თეატრში, კინოში „გოტიე პარიზის“ ხაზზე. ძალიან ბევრი საქმეა, რომელიც მინდა გავაკეთო. ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ გზა” – მხიარულად განაცხადა მან ჩვენების შემდეგ.

წარმოუდგენელია მოდის სამყარო ჟან პოლ გოტიეს გარეშე, მაგრამ ასევე წარმოუდგენელია ისიც, რომ ადამიანი, რომელიც ამდენ სასიცოცხლო ენერგიას ასხივებს, მშვიდად მიეცეს საპენსიო ასაკისთვის დამახასიათებელ ფიქრებს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოდის მეხუთე ელემენტი აუცილებლად დაბრუნდება.       

 

1,708 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.