fbpx

საუბრები ფეხბურთის ირგვლივ – გლობალიზაცია, ტრანსფერები და ტენდენციები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ალბათ დადგება დრო და ფეხბურთს არა მარტო სპორტის სახეობად, არამედ საერთაშორისო ცხოვრების წესადაც აღიარებენ, როგორც კაცობრიობის ერთგვარი მარადიული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშს, რომელშიც სულ უფრო მეტი ფული ჩაიდება და  მეტი ადამიანი ჩაერთვება. 

2019 წლის ტრანსფერების ჯამურმა ღირებულებამ 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც  მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთის განუწყვეტლივ მზარდ პოპულარობაზე მეტყველებს.  

თუმცა, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშია, სადაც ფეხბურთი თუნდაც გასული საუკუნის 80-იან წლებთან შედარებით, პოპულარული ნამდვილად არ გამხდარა. მეტიც, „კომუნისტების პერიოდის“ ქვეყანაში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში გაცილებით მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე დღევანდელ დღეს.

აი, მაგალითად, სენეგალში  ბევრმა ფეხბურთის არსებობის შესახებ 2002 წელს შეიტყო, როდესაც ამ ქვეყნის ნაკრებმა იმ პერიოდის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – საფრანგეთი დაამარცხა და მთელ მსოფლიოს ამცნო სამომავლოდ ფეხბურთში აფრიკული გენეტიკის ძირფესვიანი დამკვიდრების შესახებ.

“ფიფაში” მიაჩნდათ, რომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ, აშშ-ში ფეხბურთი გაცილებით პოპულარული გახდებოდა, თუმცა ბევრი ამერიკელისთვის ის უბრალოდ რიგით სპორტის სახეობად იქცა, ზოგიერთ შტატში კი მის შესახებ დღესაც არაფერი გაუგიათ. 

სამაგიეროდ სხვაგან ასე არ მომხდარა და ფეხბურთს მაღალ დონეზე უკვე ისლანდიაშიც თამაშობენ და მდიდარი შეიხების მიერ დაფინანსებულ აზიის ქვეყნებშიც. 

გლობალიზაციამ ფეხბურთი ფუნდამენტურად შეცვალა, რადგან თუკი გუნდური სპორტის სხვადასხვა სახეობები ასე თუ ისე ინარჩუნებენ თავდაპირველ იერსახეს, „ბოსმანის საქმეს“ თურმე თანდათანობით უნდა წაეშალა ზღვარი არა მარტო სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო სტილს შორის, არამედ მომავალში ისეთი სიმძლავრის კლუბების შექმნისთვის შეეწყო ხელი, რომლებიც მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებსაც გაუწევდნენ კონკურენციას.

ასეთი ძლევამოსილი კლუბების დაარსება კი ჩემპიონთა ლიგის ტურნირის შექმნას უკავშირდება, როდესაც გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, თავ-თავიანთი ეპოქა შექმნეს „მილანმა“, „აიაქსმა“, „რეალმა“ თუ „ბარსელონამ“. 

ეს გუნდები საუკეთესო პერიოდებში მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ნაკრებს გაუწევდნენ წინააღმდეგობას, რადგან თითოეული მოთამაშე ამა თუ იმ ნაკრების გამორჩეული წევრი იყო. 

დღესდღეობით ამ როლში „ლივერპულია“, ხოლო ყოველდღიური განვითარების თვალსაზრისით კი მადრიდის „რეალი“, რომელმაც ესპანეთის თასზე „სარაგოსას“ განადგურებით ცხადყო, რომ წლეულს ყველა ტურნირის მოგებას აპირებს… 

ცვლილებები სანაკრებო ფეხბურთსაც დაეტყო, რადგან წამყვან ფეხბურთელებს კლუბები ასტრონომიულ ხელფასს უხდიან, სეზონის მანძილზე მათ მრავალი მატჩის ჩატარება უწევთ, სანაკრებო თამაშებს კი ხშირად გადაღლილები და რაც მთავარია სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით ხვდებიან ხოლმე.

დაძაბული სეზონიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს შეთამაშებისთვის არც დრო აქვთ საკმარისი და ზოგჯერ არც სურვილი, რადგან ვარსკვლავურ სინდრომს არაერთი გამოჩენილი ფეხბურთელი საკუთარი ქვეყნის ნაკრების ინტერესებსაც სწირავს ხოლმე.

კლუბებში კი, სადაც ფეხბურთელები თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ, შეთამაშების პრობლემა ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, თუკი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია, რომლის ხელმძღვანელობით „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში ძირძველ ინგლისელთა სიმრავლე ნამდვილად არ შეინიშნება…

საინტერესოა, რომ ზოგადად ბრიტანელები, ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული ტრანსფერების მიხედვით, ბრაზილიელებისა და არგენტინელების შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

ეს, ერთი მხრივ, ინგლისის პრემიერლიგის მაღალ დონეს უკავშირდება, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია და ფეხბურთელებიც შესანიშნავად გრძნობენ თავს. 

მეორე მხრივ კი, ორ წამყვან ესპანურ კლუბში მხოლოდ ერთადერთ ბრიტანელს – უელსელ გარეთ ბეილს ვხედავთ, რომელსაც „რეალიდან“ წამდაუწუმ გაშვებით ემუქრებიან. 

ესპანეთის ლა ლიგაში უპირატესობას ზოგადად სამხრეთ ამერიკელებს – ბრაზილიელებს და არგენტინელებს, ასევე პორტუგალიელებს ანიჭებენ. თუმცა, ამ ქვეყნების წარმომადგენლები ინგლისსა და იტალიაშიც მრავლად არიან.   

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ტრანსფერებში მონაწილე ბრაზილიელთა რიცხვმა 2000-ს მიაღწია, რაც ამ ქვეყნის დომინირებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს, მაგრამ ამასთან ერთად საკითხავია, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თუნდაც ათიოდე წლის შემდეგ?

დღესდღეობით ბრაზილიის ნაკრებში რონალდოს, რომარიოს, რონალდინიოს, კაკას ტიპის დიდოსტატები, რომელთაც „კოჭებში ეტყობოდათ“ ბრაზილიელობა, უკვე აღარ ჩანან. 

გამონაკლისი ნეიმარია, რომლის ხშირი ტრავმიანობაც სწორედ ევროპაში გატარებულ ბოლო წლებს უკავშირდება.

მომავალში ფეხბურთელების ევროპიზაციით გამოწვეული ბრაზილიის ნაკრების სათამაშო სტილის თანდათანობით გაქრობა კი სანაკრებო ფეხბურთს აშკარად უკან დახევს, რადგან ბოლო ათწლეულში მომძლავრებული სხვადასხვა ნაკრებები საფეხბურთო ესთეტიკის თვალსაზრისით ვერასოდეს ჩაანაცვლებენ გარინჩას, პელეს, ჟაირზინიოს, ზიკოს, სოკრატესის, ფალკაოს თუ წარსულის სხვა ბუმბერაზთა მიერ ნაჩვენებ დიდ ფეხბურთს. 

ევროპის წამყვან კლუბებში არგენტინელებიც დომინირებენ, აქვე მრავალი კოლუმბიელი, სერბი და ხორვატია. ურუგვაელები კი აღფრთოვანებას იწვევენ, რადგან ქვეყნის მოსახლეობა 3,5 მილიონია, ტრანსფერებში კი 400-ზე მეტმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთი უკანასკნელი გახმაურებული ტრანსფერი სწორედ ურუგვაის ნაკრების ფორვარდს, ედისონ კავანის უკავშირდებოდა. თითქოს უკვე გადაწყვეტილი იყო მისი „პარი სენ-ჟერმენიდან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლა, მაგრამ საბოლოოდ ესპანურმა კლუბმა ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა პარიზელთა მოთხოვნები და კონტრაქტი ჩაიშალა. 

სამაგიეროდ რვაწლიანი პაუზის შემდეგ „მილანში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა. შვედეთის ყველა დროის უძლიერესმა ფეხბურთელმა „როსონერის“ შედეგებს უკვე აშკარა კვალი დაატყო.

ერლინგ ჰალანდის გადასვლის შემდეგ გამოცოცხლდა დორტმუნდის „ბორუსია“. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ სამ შეხვედრაში უკვე შვიდი გოლის გატანა მოასწრო.

მნიშვნელოვანი ტრანსფერი მილანის „ინტერმაც“ განახორციელა, რომელმაც „ტოტენჰემიდან“ დანიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი გადაიბირა. 

ასეთი გახმაურებული ტრანსფერები ზღვაში წვეთია ყოველდღიურად მიმდინარე „წვრილმან“ გადასვლა-გასხვისებებთან შედარებით, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნება, რადგან რონალდუ, მბაპე, ვან დაიკი თუ ალისონი ყოველდღე კლუბებს არ იცვლიან, ხოლო მესი კი, სავარაუდოდ, კარიერას მისთვის მარადიულ „ბარსელონაში“ დაასრულებს…

ჩვენთვის სატრანსფერო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ჯანო ანანიძის ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადასვლა, რადგან თემურ ქეცბაიას გუნდში უკვე ხუთმა ქართველმა მოიყარა თავი. 

გარდა იმისა, რომ კლუბი კვიპროსის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის, საქართველოს ნაკრებს აშკარად წაადგება მისი ფეხბურთელების შეთამაშებულობა ერთა ლიგის კარს მომდგარ მატჩებში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.