fbpx

ვირუსის შესახებ 2012 წლის ვიდეოთამაში ახალ რეკორდებს ხსნის


გააზიარე სტატია


ახალი სახეობის კორონავირუსის (2019-nCoV) გავრცელებამ ბევრი ქვეყნის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, თუმცა კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს შორის განსხვავებული ატმოსფეროა, რადგან სტრესს გართობით უმკლავდებიან. 

გეიმერებმა 2012 წელს გამოცემული თამაში – ეპიდემიის სიმულატორი Plague Inc. გაიხსენეს და ყველასგან მივიწყებული პროექტი ხელახლა გააცოცხლეს. სცენარის მიხედვით, მომხმარებლებს არცთუ ღირსეული და კეთილშობილური მისია აქვთ, მათი ამოცანა ახალი სახეობის ვირუსის შექმნა, მისი მუტაცია, მსოფლიოში გავრცელება და საბოლოო ჯამში, კაცობრიობის სრული განადგურებაა.

ბიბისის ცნობით, კორონავირუსის შესახებ ყოველდღიური ზღვა ინფორმაციის ფონზე, თამაშის გადმოწერის რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად 56 ქვეყანაში, AppStore-ისა და Steam-ის პლატფორმებზე, გაყიდვების რეკორდებს ხსნის. მხოლოდ 4 დღეში პროექტის ავტორების შემოსავალი 16-დან 60 ათას დოლარამდე გაიზარდა. 

 

საინტერესოა, თავად მომხმარებლების გამოხმაურებები და პოსტები. გეიმერები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე ზონებში ცხოვრობენ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, პრობლემას იუმორით უყურებენ. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ისინი ადამიანებს გრენლანდიაში გადაბარგებას ურჩევენ, რადგან „Plague Inc.“-ში გრენლანდია ვირუსებისგან ყველაზე დაცული რეგიონია ყინვისა და აეროპორტების არარსებობის გამო.

ზოგიერთ გეიმერს რეალობის გამძაფრება სურს, თამაშის პროგრამულ განახლებას და კორონავირუსის (2019-nCoV) დამატებას ითხოვს. ზოგიერთი კი „Plague Inc.“-ს თერაპიულ დატვირთვას აძლევს. ეს თამაში შიშთან და პანიკასთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა“, – წერს ჩინური სოციალური ქსელის, WEIBO-ს მომხმარებელი.   

თუმცა, არიან გეიმერები, რომლებიც ეპიდემიის შიშით რეალურად არიან შეშფოთებულები. თამაშის შემქმნელი ბრიტანული კომპანია Ndemic Creations-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მომხმარებლებისგან ყოველდღიურად უამრავ შეკითხვას იღებენ კორონავირუსისა და პრევენციული ზომების შესახებ. პროექტის ავტორები მათ კატეგორიულად მოუწოდებენ, რეალურ ცხოვრებაში ნუ იმოქმედებენ თამაშის სცენარში მოცემული წესებით  და ნუ იხელმძღვანელებენ ვირტუალური რეალობით, შესაბამისად, რეკომენდაციების მისაღებად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შესაბამის ონლაინ წყაროებს უთითებენ. 

Plague Inc.“ პოპულარული 2014 წელსაც გახდა, როცა დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსი მძვინვარებდა და ათასობით ადამიანი შეიწირა. აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა პროექტის ავტორებთან კონსულტაციებიც კი გამართა, თამაშის დახმარებით ეპიდემიების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის შესაძლებლობებზე.  ბრიტანულმა კომპანია Ndemic Creations-მა 2014 წლის შემოსავალი მთლიანად გადარიცხა ებოლას ვირუსთან ბრძოლის შესაბამის ფონდებში. 

საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა „Plague Inc.“-ის პროგრამული განახლება, სადაც დაემატა ე.წ. ფეიკ ნიუსის კატეგორიაც, რომელიც მომაკვდინებელ ვირუსებს გაუთანაბრეს. თამაშის შემქმნელების განცხადებით, ყალბ ინფორმაციას ეპიდემიების მსგავსი ტრაგიკული ზიანის მოტანა შეუძლია კაცობრიობისათვის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.