fbpx

მოკლედ ვიტამინების დანამატების შესახებ


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ: 

 

ავტორი: ჯაბა ზარქუა

სამედიცინო საგანმანათლებლო ბლოგების ციკლში – „მოკლედ“ გაეცნობით პაციენტთათვის საინტერესო და საკვანძო ინფორმაციებს სხვადასხვა დაავადების, მედიკამენტისა თუ სამედიცინო პროცედურის შესახებ. პოსტები დაფუძნებულია თანამედროვე, განახლებულ სამედიცინო მტკიცებულებებზე და მიზნად ისახავს პაციენტთა ცნობიერების ამაღლებას ამა თუ იმ სამედიცინო თემის შესახებ.  

 

რა არის ვიტამინების დანამატები?

ვიტამინები არის ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს საკვები. უმეტესობა მათგანის წარმოება ორგანიზმს დამოუკიდებლად არ შეუძლია, არადა სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინების დანამატები არის ტაბლეტები, კაფსულები თუ სითხეები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინებს. 

 

როდის გვჭირდება ვიტამინების დანამატები?

საბედნიეროდ, ნორმალური და ჯანსაღი კვებით ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს საკმარისად ვღებულობთ. ექსპერტები მოგვიწოდებენ, რომ ვიტამინები მივიღოთ სწორედ ამ გზით, რადგან ვიტამინებით მდიდარ საკვებში სხვა სასარგებლო ნივთიერებებიც შედის, თუმცა არსებობს ზოგიერთი მდგომარეობა, როდესაც ვიტამინების დანამატები საჭიროა:

  • 65 წელზე უფროსი ადამიანები – ძვლების ჯანმრთელობისთვის შეიძლება დასჭირდეთ D ვიტამინის დანამატები.
  • ვიტამინური დეფიციტის მქონე პაციენტები – ზოგიერთი დაავადების დროს ადამიანებს აკლიათ ვიტამინები, რისი შევსებაც შეიძლება დანამატებით გახდეს საჭირო.
  • წონის დასაკლები ქირურგია (ბარიატრიული ქირურგია) – წონის დაკლების მიზნით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტი, რისი შევსებაც დანამატებით მოხდება.
  • ვეგანები – ადამიანებს, რომლებიც არ იღებენ ხორცს, კვერცხს, რძეს და სხვა ცხოველურ პროდუქტებს, ხშირად ესაჭიროებათ ვიტამინების დანამატები. 

 

ვიტამინების დანამატები სახიფათოა?

მეტწილად, ვიტამინური დანამატები სერიოზულ რისკებთან არ არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ეს ეხებათ მულტივიტამინურ კომპლექსებს, რომლებშიც მცირე დოზით შედის ცალკეული ვიტამინები, თუმცა გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ვიტამინის თვითნებურად მიღებამ შეიძლება გამოუსწორებლად დააზიანოს  თქვენი ჯანმრთელობა, მაგ.: A და E ვიტამინი. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს სპეციალურ შემთხვევებში აღნიშნული დანამატების გამოყენების საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს თქვენი ჯანმრთელობა.

 

რომელი საკვები შეიცავს ყველაზე მეტი რაოდენობით ვიტამინებს?

ყველაზე მეტი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს ხილი და ბოსტნეული. გაითვალისწინეთ, რომ ისინი ასევე შეიცავენ სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც, მაგალითად, მცენარეულ ბოჭკოებს, რის გამოც უმჯობესია ვიტამინების მიღება ჯანსაღი საკვებით, ვიდრე დანამატებით, როცა ამ უკანასკნელის სამედიცინო საჭიროება არ დგას.

 

რა ხდება ორსულობის დროს?

ფოლიუმის მჟავას (ერთ-ერთი B ვიტამინი) მიღება შეიძლება იყოს სასარგებლო. შესაძლოა მისი მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1 თვით ადრეც დაიწყოს. ფოლიუმის მჟავამ შეიძლება სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიის რისკი შეამციროს. სწორედ ამიტომ, ამ დანამატს ხშირად მიმართავენ  გინეკოლოგები. გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს მედიკამენტებისა და მათ შორის ვიტამინების (მაგ.: A ვიტამინი) თვითნებური მიღება დაუშვებელია, რადგან გამოუსწორებლად შეიძლება დააზიანოს ნაყოფის ჯანმრთელობა. 

 

2,164 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.