fbpx

7 გავრცელებული მითი აუტიზმის შესახებ


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ: 


 

-იქით გაიხედე, რეიმონდ. აქეთ კი არა, იქით. „ Eighteen Wheels and A Dozen Roses”. რა ნომერია?

– E-5.

-„Cheating Heart“, ჰენკ უილიამსი.

-„Your Cheating Heart.“რა თქმა უნდა, ეს ჰენკ უილიამს უმცროსია.D-1, D-1.

-„Blue Moon of Kentucky“,ბილ მონრო.

-და მისი Тhe Bluegrass Boys. K-5

გზისპირა სასაუზმეში, ფანჯარასთან მოკალათებული ჩარლი ბაბიტის გონებაში ამ მომენტში ტიტანური მასშტაბის გარდატეხა ხდება. ფირსაკრავებიანი მუსიკალური აპარატის სრული პროგრამა მისმა ძმამ, რეიმონდმა, სულ რამდენიმე წუთში ზეპირად ისწავლა. ძმის გასაოცარად მოწყობილი ტვინის დახმარებით, ჩარლის შეუძლია კაზინოში დიდი ფული მოიგოს…

ეს საკვანძო სცენა ბარი ლევინსონის 1988 წელს გადაღებულ ოსკაროსან ფილმში, „წვიმის კაცი“, ტომ კრუზსა და დასტინ ჰოფმანს შორის თამაშდება. სწორედ ეს დიალოგი დაუდებს საფუძველს აუტიზმის შესახებ მითს, რაც წლების განმავლობაში გაჰყვება ამ ქოლგა-ტერმინს. დასტინ ჰოფმანის განსახიერებული პერსონაჟი, რეიმონდი, ხომ სწორედ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანია.


 

ექიმ ლეო კენერს 5 წლის ბიჭის მამა სწერდა. წერილი რთულად ეთქმოდა იმ საკმაოდ სქელტანიან ნაშრომს, რომელშიც წარმოშობით ავსტრიელი ექიმი მისთვის ჯერ უცნობ ბიჭუნაზე, დონალდზე კითხულობდა. მამას დეტალურად, ლამის ობსესიურად ჰქონდა აღწერილი ვაჟიშვილის ყოველდღიური ქცევები: „იგი ბედნიერია, როცა მარტოა… თითქოს საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი… საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, თუ რა ხდება მის იგვლივ“.

5 წლის მოუსვენარ ბიჭუნასთან შეხვედრამ ექიმი მიახვედრა, რომ მას ნამდვილად არაჩვეულებრივ ბავშვთან ჰქონდა შეხება.მომდევნო წლებში, დონალდის გარდა, მსგავსი სიმპტომებით ლეო კენერმა კიდევ 10 ბავშვი გამოიკვლია. მათ შესახებ აშშ-ში მოღვაწე ექიმი 1943 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, „ემოციური კონტაქტის აუტისტური დარღვევები“  დაწერს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მედიცინაში აუტიზმის ცნება გაჩნდება.

წლებთან ერთად, კვლევის არეალის გაფართოების პარალელურად, აუტიზმის დეფინიციაც იცვლებოდა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ლეო კენერის სტატიიდან 1 წელში მისმა თანამემამულემ და კოლეგამ, ჰანს ასპერგერმა აღწერა მდგომარეობა, რომელსაც ასევე „აუტისტური“ უწოდა.თუმცა, მიუხედავად მსგავსებისა, არსებითი განსხვავება მაინც თვალშისაცემი იყო.

კლასიკური აუტიზმის დიაგნოზი უკვე კლინიკურ იშვიათობას წარმოადგენს და მას იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც პაციენტსსოციალური ინტეგრაციისა და კომუნიკაციისათვის საჭირო ქცევების სრული მოშლა აღენიშნება. ასეთ დროს შესაძლოა გამოხატული იყოს შედარებით ვიწრო ინტერესის სფეროები და გამოხატული იყოს განმეორებითი, რიტუალური ქცევები. ეს ნიშნები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულ მშობელთა 20% პირველი 2 წლის მანძილზე ბავშვის ნორმალურ განვითარებას აღნიშნავს.

რადგანაც თითოეული ინდივიდი უნიკალურია, განსხვავებულია ამგვარი ნიშნების გამოვლენის სიმძაფრეც. შესაბამისად, მათი მკაცრად, ერთი ჩარჩო-დიაგნოზის ქვეშ მოქცევა გამართლებული არ იქნება. სწორედ ამიტომაც, ამობენ, რომ აუტიზმი სპექტრული ხასიათის დარღვევაა და იგი როგორც ქოლგა-ტერმინი თავისი საფარველის ქვეშ მოიაზრებს სიმპტომთა მრავალფეროვან გამოხატულებებს -როგორც მწვავეს, ასევე ძალზედ მსუბუქს.

ამგვარი მრავალფეროვნების წყალობით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანების შესახებ ბევრი მითია გავრცელებული. ამის მიზეზი უპირველესად საზოგადოების მცირე განსწავლულობა გახლავთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აუტიზმის ხილვადობა იზრდება. სპეციალისტთა მიზანმიმართული მუშაობა ხელს უწყობს ასეთი ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც მათ პოტენციალის სრულ ან თუნდაც ნაწილობრივ რეალიზაციაში ძალიან ეხმარებათ.

აქ შემოგთავაზებთ აუტიზმის შესახებ ყველაზე გავრცელებულ 7 მითს და რეალურ სამეცნიერო ფაქტებს ამ მცდარი შეხედულებების მიღმა.


მითი#1 – ტყუილია, თითქოს ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს.

ყველაზე დიდი და ამასთანავე ჯანმრთელობისთვის საშიში სწორედ ეს მითია, რომელიც საფუძველს 1998 წლიდან იღებს. მედიცინის ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო, გაყალბებულმა კვლევამ ბიძგი მისცა ანტივაქსერულ მოძრაობას, რამაც ხელი შეუწყო თითქმის სრულად აღკვეთილი ბავშვთა ვირუსული ინფექციების ხელახალ აფეთქებებს და ამასთანავე დიდი ზიანი მიაყენა აუტისტური სპექტრის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. ერთ-ერთი ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევა ამ საკითხზე წელს, ჟურნალში Annals of Internal Medicine, გამოქვეყნდა. მონუმენტურ ნაშრომში გაანალიზებული იყო 1999-2010 წლების შუალედში დაბადებული 657 461 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიღებულმა დასკვნამ კიდევ ერთხელ განამტკიცა აქამდე არსებული ფაქტობრივი მტკიცებულება – ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს!

 

მითი#2 – ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის აშლილობებს მხოლოდ აღზრდის თავისებურება ან გარმო-ფაქტორები განაპირობებენ

2019 წლის ივლისში აუტისტური სპექტრის აშლილობების გამომწვევი მიზეზების მკვლევართა გუნდმა მრავალწლიანი შრომის შედეგები გამოაქვეყნა. მეცნიერთა ჯგუფმა  5 ქვეყნიდან შეაგროვა მონაცემები და ჯამში 2 001 631 ბავშვის სამედიცინო ისტორია შეისწავლა. მათგან მხოლოდ 22 156 ინდივიდს ჰქონდა კლინიკურად დადასტურებული აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი.

ამ საკვანძო კვლევით ნათელი გახდა, რომ  აუტისტური სპექტრის აშლილობების მთავარი რისკ-ფაქტორი გენეტიკური ხასიათისაა (81,2%), ხოლო ზოგადი გარემო ფაქტორების როლი კი მინიმალურია (0,3%).

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი გენები წარმოადგენენ აუტისტური სპექტრის აშლილობის რისკს. ასევე დასაზუსტებელია ის პოტენციური გარემო ფაქტორები, რომლებიც დამოუკიდებლად ან გენებთან კომბინაციაში ზრდიან მისი განვითარების ალბათობას.

 

მითი#3 – ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის დაღვევები ადრე არ არსებობდა და მისმა რიცხვმა ბოლო პერიოდში იმატა.

რა თქმა უნდა, აუტისტური სპექტრის აშლილობა აქამდეც არსობობდა, უბრალოდ ჩვენ მათი შემჩნევა და გამოვლენა ასეთი სიზუსტით არ შეგვეძლო. აშლილობის დიაგნოსტირების სირთულეს შესაბამისი ქცევების ინტერპრეტირების სიძნელე წარმოადგენს, რაც ზოგჯერ გამოცდილ სპეციალისტებსაც კი უჭირთ. ამის სადემონსტრაციოდ ის ფაქტიც გამოდგება, რომ „აუტისტური სპექტრის“ ცნება მედიცინაში მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს, ბრიტანელი ფსიქიატრის, ლორნავინგის დაუღალავი ბრძოლის შედეგადშემოვიდა. იგი, როგორც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინვალიდი გოგონას დედა, წლები იბრძოდა საკუთარი შვილის დიაგნოზის დასამტკიცებლად, რადგანაც მისი სიმპტომატიკა ლეო კენერისეულ კლასიფიკაციაში არ ჯდებოდა. მისი დამსახურებაა ასევე ასპერგერის სინდრომისდაავადებათა ნუსხაში მოხვედრაც.

ავსტრიელი მეცნიერი თავის შვილობილ დაავადებას რკინის კლანჭებით იცავდა და საკუთარი შეფასების კრიტერიუმების გადახედვას კატეგორიულად გამორიცხავდა. ერთხელ მან დაიტრაბახა კიდეც, რომ მასთან დიაგნოსტირებაზე მოსული 10 ბავშვიდან, 9-ს უკანვე აბრუნებდა, რადგანაც ისინი მის მკაცრად დავიწროებულ კრიტერიუმებში ვერ ხვდებოდნენ.

1980-იან წლებში დიაგნოსტირების კრიტერიუმების დრამატულმა შეცვლამ ნათელი მოჰფინა აქამდე ჩრდილში მყოფ აშლილობებს, რომელთაც ექიმები შეცდომით არასწორად აკლასიფიცირებდნენ.

აუტისტური სპექტრის აშლილობის ხილვადობა პირდაპირ არის დამოკიდებული ექიმთან მიმართვიანობაზე. ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ მხოლოდ 2006 წელს გასცა რეკომენდაცია პედიატრებისთვის პაციენტების რუტინულ შემოწმებაზე აუტისტური სპექტრის აშლილობების ადრეული დიაგნოსტირებისათვის.

მოკლედ რომ ვთქვათ: სამეცნიერო პროგრესმა და საზოგადოების მაღალმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა უფრო მკაფიოდ და ფართოდ დაგვენახა არსებული რეალობა.

 

მითი#4 – ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები შეხებას ვერ იტანენ და სხვებს თვალებში ვერ უყურებენ.

ეს შეხედულება დამახინჯებული და გენერალიზირებულია. როგორც უკვე მრავაგზის გავიმეორეთ, თითოეული ინდვიდისათვისაუტისტური სპექტრის აშლილობა განსხვავებული კლინიკური ნიშნებით გამოვლინდება. ზოგიერთი მათგანი მართლაც ვერ იტანს ფიზიკურ კონტაქტს და გაურბის თვალებში შეხედვას, თუმცა ამგვარი წარმოდგენის გენერალიზება არასწორია და იგი სტიგმატიზაციას უწყობს ხელს.

 

მითი#5 – ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები უემოციოები არიან.

აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანთა ნაწილს შეიძლება ალექსითიმია აღენიშნებოდეს. ეს ნიშნავს, რომ მათ უჭირთ ზედმიწევნით ზუსტად გაიაზრონ ის ემოცია, რაც მათ ან სხვა ინდივიდს კონკრეტულ მომენტში გააჩნია. შედარებისათვის, თქვენ შეიძლება სრულიად უცხო სიტყვა წაიკითხოთ, თუმცა მისი მნიშვნელობა ვერ გაიგოთ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კითხვა არ შეგიძლიათ?

აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები განიცდიან და გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, ოღონდ შესაძლოა ეს იმგვარად იყოს ქცევაში გამოხატული, რომ ჩვენ მისი აღქმა გაგვიჭირდეს. ასეთ დროს ძალზე მნიშვნელოვანია, ვეცადოთ მაქსიმალურად გავიაზროთ ის სირთულეები, რასაც სპექტრის მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

აუტიზმი ხშირად არის ამგვარი სტერეოტიპული შეხედულებებით დაკავშირებული ემოციურ სირთულეებთან, რის გენერალიზაციასაც ზოგჯერ საზოგადოება ახდენს. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარ შეხედულებებს ძალზედ უმნიშვნელო სამეცნიერო საფუძველი გააჩნია.

 

მითი#6- ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ყველა ადამიანი განსაკუთრებით ნიჭიერია.

„წვიმის კაცის ეფექტი“- ასე უწოდებენ ახლა იმ შედეგებს, რაც 31 წლის წინ ფილმის პრემიერას მოჰყვა. მანამდე არ არსებობდა მხატვრული ნამუშევარი, რომელიც ოდნავ მაინც აღწერდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანის ყოფას. დასტინ ჰოფმანის განსახიერებულმა რეიმონდ ბაბიტმა ხორცი შეასხა აუტიზმის აბსტრაქტულ ცნებას და იგი ხელშესახები გახადა. ხილვადობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ის თანაგანცდა, რასაც სურათი მაყურებელში აღძრავდა – შეუძლებელია ფილმს უემოციოდ ვინმე დაეტოვებინა. ეს ყოველივე კინოაკადემიის გადაწყვეტილებაზეც აისახა – ბარი ლევინსონის ნამუშევარს 4 „ოსკარი“ გადაეცა.

თუმცა მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც. ფილმმა საზოგადოებაში გააჩინა მითი, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ყველა ადამიანი განსაკუთრებით ნიჭიერია. რა თქმა უნდა, აღწერილია შემთხვევები, როდესაც ერთეულ ინდივიდებს ნამდვილად აქვთ არაორდინალური უნარ-ჩვევები, მაგრამ ამ ყოველივეს გენერალიზება არასწორია. ამგვარმა დამოკიდებულებამ და წინასწარგანწყობამ შესაძლოა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანზე ერთგვარი ზეწოლა გამოიწვიოს.

ამიტომაც, ბევრი მიიჩნევს, რომ მხატვრულმა ფილმმა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ერთგვარი კარიკატურა შექმნა. ამჟამად ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ეკრანზე უფრო რეალისტური პერსონაჟები ჩნდებიან და „წვიმის კაცის ეფექტიც“ ეტაპობრივად სუსტდება.

 

მითი#7- ტყუილია, თითქოს აუტიზმი მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხდება და იგი ასაკის მატებასთან ერთად იკურნება.

აუტისტური სპექტრი ადამიანს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. ხანგრძლივმა მუშაობამ შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევები და ასწავლოს მათი კონტროლი, თუმცა ეს განკურნებას ნამდვილად არ ნიშნავს. ამ სტერეოტიპის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი დახვეწილი დიაგნოსტირებაა, რამაც ზოგიერთ ინდივიდს აუტიზმის დიაგნოზი შეუცვალა. შესაბამისად, ეს ყოველივე ზოგიერთმა ისე აღიქვა, თითქოს ამ ადამიანებმა აუტიზმი ბავშვობაში „მოიხადეს“. ამგვარი მიდგომა ძალზედ საზიანოა, რადგანაც შესაძლოა მშობლებმა დროულად არ მიმართონ ექიმს და დაელოდონ აუტისტური სპექტრის აშლილობის თავისით, ასაკის მატებასთან ერთად განკურნებას. ამ მითის გაქარწყლება ასევე ეხმარება სპექტრის მქონე ადამიანებს, მიიღონ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც არიან.


 

1938 წელს ჰანს ასპერგერი ლექციათა კურსს კითხულობდა. ავსტრიელი ექიმი გასაოცარ ბავშვებს აღწერდა, რომელთაც „გაფანტული გონების მქონე პროფესორებს“ უწოდებდა. მის მიერ მოთხრობილი ისტორიებში პატარები ძალზედ დაინტერესებულნი იყვნენ სისტემათა მოწყობასა და კონკრეტული საკითხების სიღრმისეულ შესაწავლაში. ასეთი ვიწრო ინტერესების მიღმა, მათ სოციალური კავშირების გაგება და მათი გაბმა ძალზე უჭირდათ. ეს ყველაფერი კი ქალაქ ვენაში ხდებოდა, ლეო კენერის სახლიდან 4 000 მილის დაშორებით, „აუტიზმის“ ცნების გაჩენამდე 5 წლით ადრე.

ავტორი: დიმიტრი ლიპარტელიანი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.