fbpx

მარადონადან მესიმდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

შორეულ 1982 წელს, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა დიეგო არმანდო მარადონამ „ბარსელონას“ მაისური მოირგო. ტრავმების და სკანდალების ფონზე აქ გატარებული ორი წლის განმავლობაში მან სულ 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლის გატანა მოახერხა. 

მასთან ერთად „ბარსელონამ“ ზედიზედ ორჯერ ითამაშა ესპანეთის თასის ფინალში. 1983 წელს კატალონიურმა კლუბმა გმირობა ჩაიდინა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ამავე სტადიონზე ფინალი ბილბაოს „ატლეტიკთან“ მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო.

სკანდალური მატჩი, რომელსაც 100 000 მაყურებელი და მათ შორის ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი დაესწრო, მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელთა შორის მასობრივი ჩხუბით აღინიშნა. საბოლოოდ მარადონას, როგორც ამ ინციდენტის ერთ-ერთ მთავარ გმირს, კატალონიური კლუბის დატოვება მოუწია.  

„ბარსელონა“ ორივე ფინალში  მარადონას თანამემამულემ, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, მწვრთნელმა ლუის სესარ მენოტიმ გაიყვანა.

მოხდა ისე, რომ ზუსტად ათი წლის შემდეგ, 1992 წელს, იტალიურ „ნაპოლიში“ კოკაინის ტესტზე ჩავარდნის გამო მიღებული 15-თვიანი დისკვალიფიკაციიდან ფეხბურთში მობრუნებული მარადონა კვლავ ესპანეთში აღმოჩნდა და უკვე „სევილიაში“ ჩაირიცხა, რომელსაც იმ პერიოდში მენოტის მემკვიდრე, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი კარლოს ბილარდო წვრთნიდა.


აღსანიშნავია, რომ „ბარსელონასგან“ განსხვავებით, „სევილიამ“ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა უკვე მსოფლიო ჩემპიონის და ვიცე-ჩემპიონის რანგში შეიძინა, თუმცა მასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა და თასის ასპარეზობას მერვედფინალში გამოეთიშა. 

„სევილიას“ ასეთ უღიმღამო ასპარეზობაზე საინტერესო კი ალბათ მარადონას ამ რიგით კლუბში გადასვლის ფენომენია. მით უმეტეს, რომ სწორედ 1992 წელს დაარსდა ჩემპიონთა ლიგის ტურნირი, რომელმაც არსებობის 28 წლის მანძილზე ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ფეხბურთის იქამდე არნახულ კომერციალიზაციაში.

აბა როგორ წარმოუდგენია დღევანდელ გულშემატკივარს მესის, რონალდუს, ნეიმარის, ვან დაიკის, მბაპეს თუ სხვა გამორჩეულ ვარსკვლავთა თუნდაც „სევილიას“ ან მისი კატეგორიის რომელიმე კლუბში მოხვედრა, როდესაც ზემოთ ხსენებულ მარადონას პერიოდის არაერთ ბრაზილიელ, არგენტინელ თუ ევროპელ ტოპ ფეხბურთელს, მისი მსგავსი წარსული აქვს. 

დღევანდელ დღეს კი უძლიერესი ფეხბურთელების შეძენა მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრეს საფეხბურთო კლუბებს ხელეწიფებათ და ისინი ამისთვის მარადონას 1982 წლის ტრანსფერთან შედარებით გაცილებით მეტ თანხებს იხდიან.

უძლიერესთა მარათონში მოსახვედრად კი კლუბისთვის აუცილებელია ევროპის წამყვან ლიგაში ასპარეზობა, ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში დამკვიდრება და შემდეგ უკვე ამ ტურნირზე მონაწილეობა.   

ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისას კლუბები უეფასგან თანაბრად ღებულობენ თითოეული მოგებისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას, რაც ჯგუფურთან შედარებით, ფინალურ ეტაპზე მატულობს.

მიუხედავად ამისა, გასული სეზონის გათვლების მიხედვით ირკვევა, რომ მაგალითად, ნახევარფინალში გამოვარდნილი ამსტერდამის „აიაქსი“, რომელმაც მერვედფინალში და მეოთხედფინალში შესაბამისად „რეალი“ და „იუვენტუსი“ გამოაგდო, ტურნირის მოგების შემთხვევაშიც კი, „ბარსელონასთან“ შედარებით, რამდენიმე ათეული მილიონით ნაკლებ წლიურ მოგებას ნახავდა.

ამის მიზეზი კი ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებთან შედარებით ჰოლანდიის ერედივიზიონის სუსტი მარკეტინგული პოზიციაა. მეტიც, გასულ სეზონში „აიაქსზე“ დიდი მოგება აღმოაჩნდა პრემიერლიგის ორ საშუალო კლუბს – „ევერტონს“ და „ვესტ ჰემს“, რომელთათვისაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ათწლეულების აუხდენელი ოცნებაა.

23-ე პოზიციაზე მყოფი „აიაქსისგან“ განსხვავებით, ყველაზე წარმატებულთა 20-ეულში ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთაგან „ლიონი“ აღმოჩნდა, რომელმაც 28-ე ადგილიდან მე-17-ზე გადაინაცვლა. 

თუმცა, ტიტულოვანი ფრანგული კლუბი ცეცხლს ეთამაშება, რადგან თუკი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ვერ შეძლებს, უკვე მომავალ წელს მისი შემოსავლები მკვეთრად შემცირდება და კლუბმა შეიძლება თავიდანვე ვერც მოახერხოს ადრინდელი პოზიციის აღსადგენად საჭირო ფეხბურთელების შესაძენი თანხების მოგროვება. 

ასევე ცეცხლს ეთამაშება ლონდონის „არსენალიც“, რადგან დიდხანს ჩემპიონთა ლიგის ტურნირის გარეშე დარჩენის უფლება პრემიერლიგის  პრეტენზიულ კლუბს ვერ ექნება. 

ჩემპიონატში უნიათო ასპარეზობას აუცილებლად მოჰყვება კლუბიდან უძლიერესი ფეხბურთელების გადინება. ახალგაზრდა ტიერი ანრის მასშტაბის ფეხბურთელები კი უკვე სხვა ინგლისურ კლუბებთან გააფორმებენ კონტრაქტს.

შემთხვევით „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხომ არა? ინერციით კი. მით უმეტეს, რომ შარშანდელი წლიური მოგების მიხედვით ამ უკანასკნელმა თვით პრემიერლიგის გამარჯვებულ „მანჩესტერ სიტისაც“ ოდნავ გადაუსწრო და ფინანსურად ყველაზე წარმატებულ კლუბთა შორის მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. 

თუმცა, თუკი „ბარნლის“ ტიპის გუნდებთან წაგებები ტრადიციად იქცევა, უახლოეს მომავალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ უფრო „არსენალს“ გაეჯიბრება, ვიდრე „მანჩესტერ სიტის“.

წინა სეზონის შედეგების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის ყველაზე წარმატებული კლუბების სათავეში 117.7 მილიონევროიანი მოგებით ტურნირის ნახევარფინალისტი „ბარსელონაა“. 

არცაა გასაკვირი, რადგან კლუბმა ტურნირის გამარჯვებულ „ლივერპულთან“ შედარებით უკეთ იასპარეზა ჯგუფურ ეტაპზე. „ბარსელონა“ დღესდღეობით მსოფლიოს უმდიდრესი კლუბიცაა, რომლის ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 841 მილიონი ევრო შეადგინა…

აქ კი, რა თქმა უნდა. საქმეში ერთვება სატელევიზიო ტრანსლაციები და სხვადასხვა ტიპის რეკლამიდან შესული თანხები, რაშიც ლიონელ მესი ალბათ გაცილებით წარმატებულია, ვიდრე 1984 წელს „ბარსელონადან“ „ნაპოლიში“ იმხანად სარეკორდო 11 მილიონ ამერიკულ დოლარად გადასული მისი სახელოვანი თანამემამულე…

მარადონადან მესის ეპოქამდე ფეხბურთის ასეთი კომერციალიზაციიდან გამომდინარე, საფეხბურთო სეირის მოყვარულები დიდი სიხარულით ეგებებიან ხოლმე ინფორმაციას, მაგალითად, ერთსა და იმავე დღეს ესპანეთის თასის ასპარეზობიდან „რეალისა“ და „ბარსელონას“ გამოთიშვის შესახებ. 

გულშემატკივრები მსგავსი ტიპის შედეგებს ხშირად შეთქმულების თეორიასაც კი მიაწერენ ხოლმე, იშველიებენ რა საბუკმეიკერო კანტორებთან დაკავშირებულ ათასგვარ სიბრძნისეულ საფეხბურთო გამონათქვამებს.

ეჭვის საფუძველი ასეთ გულშემატკივარს „რეალის“ „სათასო მეკარე“ არეოლამ უხერხულად მოგერიებული და შემდეგ უცნაურად, ფეხებშუა გაშვებული პირველი ბურთით მისცა. 

დანარჩენი გოლები „რეალმა“ უკვე მეორე ტაიმში გაუშვა. სამივე მათგანი „სამეფო კლუბის“ ბოლო პერიოდის საათის მექანიზმივით აწყობილი დაცვის ხაზის სრული უმოქმედობის შედეგი იყო. 

ტრადიციულად აგრესიული სერხიო რამოსი მშვიდად უცქერდა „სოსიედადის“ ფეხბურთელების თარეშს „რეალის“ საჯარიმო მოედანზე „სანტიაგო ბერნაბეუს“ გავსებული ტრიბუნების წინაშე… 

„ბარსელონას“ კი „ბილბაომ“ მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე გაუტანა მატჩის ერთადერთი ბურთი, რამაც კიდევ უფრო შეარყია კატალონიურ კლუბში ამ ცოტა ხნის წინათ „მხსნელად“ მოვლენილ მწვრთნელ კიკე სეტიენის პოზიცია.

ამ უკანასკნელის „ბარსელონაში“ გამოჩენა სეირის მომლოდინე გულშემატკივარს განსაკუთრებული ინტერესით ამ ბოლო ხანს მოძლიერებულ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩის მიმართ განაწყობს…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.