fbpx

მუქი ფერების რევოლუცია ტექნოლოგიების სამყაროში


გააზიარე სტატია

ხელოვნებაში მუქ ფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მხატვრები, მუსიკოსები, რეჟისორები სიბნელეს, როგორც მეტაფორას, ძალიან ხშირად იყენებენ. 

მაგალითად, Pink Floyd საკულტო ალბომში “Dark side of the moon” ფილოსოფიურ კონცეპტს ავითარებს, რომელიც მთლიანად ადამიანის ბნელ მხარეებს მეტაფიზიკურ ახსნას უძებნის. სწორედ ამიტომაც არის, რომ ფლოიდების ეს ალბომი არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ კონცეპტუალური შედევრიცაა. 

მუქი ფერებისგან შედგებოდა კლოდ მონეს ფერთა პალიტრაც, ისევე როგორც უამრავი გამოჩენილი მხატვრის. არც ლიტერატურა და კინოა გამონაკლისი, რომლის შემთხვევაშიც სიბნელე ხშირად სწორედ მეტაფორულად გამოიყენება. 

რეჟისორები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მესიჯების გასაჟღერებლად მეტწილად მუქ კადრებს ირჩევენ, მწერლები კი საკვანძო მოვლენებზე მკითხველის ყურადღების გასამახვილებლად გარემოს ხშირად სწორედ მუქი ფერებით აღწერენ.

რატომ მაინცდამაინც მუქი ფერები? – ამ კითხვას არაერთი პასუხი შეიძლება მივუსადაგოთ, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო მხოლოდ ერთია: მუქი ფერები ადამიანის ყურადღებას იპყრობს, მას დრამატულობას, სენსიტიურობას სძენს და უფრო მეტად კონცენტრირებულს ხდის. პარადოქსულად არ მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ სიბნელეში სინათლე უკეთესად ჩანს და კონტრასტიც უფრო გამოკვეთილია.

მუქი ფერები უკვე დიდი ხანია ტექნოლოგიების დიზაინშიც გამოჩნდა. კომპანია Apple-მა 2008 წლიდან შავი აიფონების გამოშვება დაიწყო, რომლის პირველი მაგალითი iPhone 3G იყო. მომდევნო თაობებში შავი მუქმა ნაცრისფერმა ჩაანაცვლა, დღეის მდგომარეობით კი კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ტელეფონები სწორედ მუქი ფერისაა. 

კომპიუტერების მწარმოებელი კომპანიები, როგორიცაა Asus, Lenovo, HP და სხვა, მეტწილად სწორედ მუქი დიზაინის მქონე მოწყობილობებს აწარმოებენ. ტექნოლოგიური გიგანტები თვლიან, რომ მუქი ფერი სოლიდურობას და პრემიალურობას უსვამს ხაზს, რაც ადამიანებს იზიდავს.

 

მუქი ფერების ახალი ეპოქა

თუმცა დღეს სულ სხვა ეპოქაში გადავდივართ, რადგან მუქი დიზაინი უკვე ოპერაციულ სისტემებსა და აპლიკაციებში ხდება პოპულარული. OS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ Dark Mode-ის გამოყენება, აპლიკაციებში კი ერთ-ერთი პირველი ტექგიგანტი, რომელმაც მუქი დიზაინი დანერგა, ფეისბუქის მესენჯერი და ტვიტერი იყო. დღეს უკვე თითქმის ყველა დიდი კომპანია ნერგავს მუქ დიზაინს, რათა მომხმარებლებს კომფორტი შეუქმნას.

 

კომფორტი ვახსენეთ და საინტერესოა, რატომ ითვლება მუქი დიზაინი თანამედროვეობის პრიორიტეტად?

უკვე რამდენიმე წელია, მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ნათელი დიზაინის გამო. სმარტფონების მომხმარებლები სინათლეს (Brightness) მინიმალურამდე ამცირებენ, რათა თვალები დაიცვან ზედმეტი სიჭრელისგან, ელემენტი კი სწრაფად დახარჯვისგან. 

UX (მომხმარებელთა გამოცდილების) მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანების უმრავლესობას ყოველდღიური მოხმარების პროცესში ძალიან აღიზიანებს ნათელი ფერები, რამაც მუქი დიზაინის რევოლუცია დააჩქარა.

Dark Mode, იგივე მუქი დიზაინი, მთლიანად ცვლის UI (მომხმარებელთა კავშირს) მოწყობილობებთან. ასეთი დიზაინი ფერთა მინიმალური კონტრასტის დახმარებით ამცირებს ეკრანის სინათლის გამოსხივებას, რაც ზრდის ფრაგმენტების გარჩევადობასა და ვიზუალის ერგონომიულობას. მარტივად რომ ვთქვათ, მუქი დიზაინის დახმარებით, ყველაფერი უფრო მარტივად გარჩევადი და მიმზიდველია, თანაც ნაკლებად შემაწუხებელი.

2019 წელს MacOS Catalina-ს განახლებას Dark Mode დაემატა, რამაც მომხმარებლები ძალიან გაახარა. ფორუმებსა და რევიუებში Apple-მა დამაკმაყოფილებელზე უკეთესი შეფასებები მიიღო, რასაც iPhone-ს მომხმარებლების მადლიერებაც დაემატა iOS 13-ის გამოვლის შემდეგ. ტენდენცია ასეთია, მომხმარებლების უმრავლესობა საორიენტაციოდ სწორედ Dark Mode-ს ირჩევს.

ტრენდს არ ჩამორჩა არც Google, რომელმაც თავისი აპლიკაციების უმრავლესობას უკვე დაამატა მუქი დიზაინი, მათ შორის Youtube-სა და Gmail-ს. დიზაინი განაახლა Whatsapp-მაც, რომელიც მუქი ფერების ფონზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

 

და მაინც, რა უპირატესობები აქვს მუქ დიზაინს?

მუქი დიზაინი მხოლოდ და მხოლოდ მიმზიდველი არ არის, მას კიდევ ბევრი პლუსი აქვს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს: მუქი დიზაინი ამცირებს თვალის დატვირთვასა და დაძაბულობას. 

ნათელი დიზაინი კი პირიქით, იწვევს თვალის პრობლემებს, რადგან ის მუდმივად დაჭიმულია, განსაკუთრებით სიბნელეში. გარდა ამისა, მუქი დიზაინი დიდხანს ინახავს მოწყობილობის ბატარეას და ნაკლებად იყენებს ენერგიას, რაც ზრდის მოხმარების ხანგრძლივობას. 

ამასთან ერთად, ნათელი დიზაინი იწვევს მელატონინის სეკრეციას, ეს ჰორმონი კი ძილისთვის გამოიყენება. მუქი დიზაინის პირობებში, მელატონინი უცვლელი რჩება და მოწყობილობის მოხმარების გამო თქვენს ძილს საფრთხე არ ემუქრება.

ამერიკელი ახალგაზრდების 80% დღის განმავლობაში მინიმუმ 2 საათით მაინც იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს, მათგან 59% კი აცხადებს, რომ ნათელი დიზაინის პირობებში თვალების დაძაბულობა და სიმშრალე აწუხებს. ამ პრობლემებს მნიშვნელოვნად აგვარებს სწორედ მუქი დიზაინი, რომელშიც შემცირებულია გამოსხივება, ფერები კი უფრო გამოკვეთილია.

განვიხილოთ კიდევ ერთი პლუსი, რომელიც მუქ დიზაინს აქვს. Dark Mode-ში თითქმის ყველა ფერის გრადაცია მარტივად აღქმადია, სხვა ფერებისგან განსხვავებით. ამის მაგალითი ზემოთ მოცემულ ფოტოზეც არის გამოსახული, რომელზეც განხილულია ერთი და იგივე ფერები სხვადასხვა ფონის პირობებში.

ტენდენცია აჩვენებს, რომ ძალიან მალე ყველა წამყვან აპლიკაციას ექნება Dark Mode და იმედია, მათ შორის, ფეისბუქის აპლიკაციასაც ვიხილავთ.

723 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.