fbpx

თბილისში იმერსიული ხელოვნების პირველი ფესტივალი გაიმართება


გააზიარე სტატია

იმერსიული ხელოვნება ვიზუალურ გამოსახულებას, ტექნოლოგიებსა და მუსიკას აერთიანებს. წარმოდგენა სფეროს ფორმის, გუმბათოვან კინოთეატრში, დოუმში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი 360 გრადუსითაა მასში ჩართული და გამოსახულებასა და მუსიკას აღიქვამს არა სიბრტყეზე, არამედ მთლიან სივრცეში.

წარმოდგენის შესაქმნელად ხელოვანი სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების ფართო შესაძლებლობებს იყენებს, რაც მას მაქსიმალური შთაბეჭდილების მოხდენაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ.  „Immersive Experience“ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება და კარგია, რომ გამონაკლისი არც საქართველო იქნება.

ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების შემდეგ, თბილისში ძალიან მალე პირველი იმერსიული ხელოვნების ფესტივალი გაიმართება.

„თბილისის იმერსიული ხელოვნების ფესტივალი პირველი განაცხადია საქართველოში ამ კულტურის დანერგვისა და პოპულარიზაციისთვის. 2010-იანი წლების მეორე ნახევრის ქართული კულტურა ღირშესანშნავია, რადგან მისი მნიშვნელობა გასცდა ლოკალურ მასშტაბს და თანმიმდევრულად იმკვიდრებს გლობალურ სივრცეში ახალი, ცოცხალი, ავთენტური და უნიკალური ფორმისა და შინაარსის მქონე კულტურის სახელს“, — ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი კიკონიშვილი AT.ge-სთან საუბრისას.

 

სწორედ ამიტომ, იმერსიული ხელოვნების ფეტივალი არამხოლოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ადგილობრივ კულტურულ სივრცეში, არამედ თბილისს დამატებით ხიბლს შესძენს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ადგილს ჩვენს რეგიონში.

ფესტივალი იმერსიული ხელოვნების კანადელ პიონერებთან, Société des Arts Technologiques (SAT) კოლაბორაციით გაიმართება. მონრეალიდან მოწვეული არტისტები ოთხ სხვადასხვა ცოცხალ წარმოდგენას და რამდენიმე ფილმს აჩვენებენ ქართველ მაყურებელს. თუმცა, ორგანიზატორების თქმით ინტენსიურად იწყება მუშაობა ქართული იმერსიული ხელოვნების შექმნის მიზნით, რაც მათი უპირველესი ამოცანაა. ამიტომ, ფესტივალის ფარგლებშივე ქართველი არტისტებისთვის გაიმართება სპეციალური ვორქშოპები, რომლითაც ისინი დოუმისთვის იმერსიული ხელოვნების შექმნის ტექნიკას დაეუფლებიან.

“გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ამ ხელოვნების ქართულ სცენას და დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი არტისტების ნამუშევრები მალე მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებზე იქნება წარდგენილი” – ამბობს გიორგი კიკონიშვილი.

ფესტივალი 2020 წლის მარტში, თბილისის ახალ გუმბათოვან კინოთეატრში, დოუმში გაიმართება, რომელიც რიყის პარკში დაიდებს ბინას.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.