პაკო, თაბაშირის სკულპტურები და ჩუმი დიალოგები
ფოტოები: ნიკა გნოლიძე
პაკო მარიამ შველიძემ პირველი სკულპტურა 2000 წელს შექმნა, საბერძნეთში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილების შედეგად. მაშინ იმას, რასაც ვქმნიდი, თოჯინებს ვეძახდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ თოჯინებზე მეტი იყოო. რამდენიმეწლიანი შემოქმედებითი წყვეტის მერე ისევ მიუბრუნდა ფიგურების შექმნას და ასე დაგროვდნენ დიდი და პატარა გმირები, რომელთაგან ზოგი ჯგუფურად ცხოვრობს, ზოგი დამოუკიდებლად, ზოგს ისტორია აქვს, ზოგი იდეას განასახიერებს, ზოგიც ლიტერატურიდან ან კინოდან გარდაისახა თაბაშირის სკულპტურად.
პაკო მარიამ შველიძემ წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები ფოლკლორის ცენტრში გამოფინა, თუმცა გვითხრა, რომ როცა დიდ სკულპტურებს ქმნიდა, მათ საჯარო სივრცეებში ხედავდა – დროებით ინსტალაციებად. ეს სურვილი ნაწილობრივ ვიდეოინსტალაციით აისრულა, რომელიც საგამოფენო დარბაზის კედელზე პროექტორით გადის და სადაც პაკოს ფიგურები თბილისის სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობენ: პეკინის გამზირზე, ლისის ტბაზე, ვაშლიჯვრის გზაზე. ვიდეოპროექტი ირაკლი ჩხიკვაძისა და გიორგი შველიძის ნამუშევარია.
როგორ მიხვედი სკულპტურებამდე?
სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მერე შევიცვალე პროფილი და საბოლოოდ ხელოვნებათმცოდნე გამოვედი. აკადემიაში სწავლისას დავიწყე ფიგურების კეთება, თუმცა მაშინ, ზომიდან გამომდინარე, მათ თოჯინებად უფრო აღვიქვამდი, ვიდრე ქანდაკებად, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უფრო მეტი იყო, ვიდრე თოჯინა. ჩემთვის ხელოვნება არ არის დაყოფილი ჟანრებად. ახლა რასაც ვაკეთებ, ერთდროულად ფერწერაც არის, გრაფიკაც, ლიტერატურაც, თოჯინაც, სკულპტურაც – რაღაცას უნდა გეუბნებოდეს და ხალხი უნდა ხედავდეს.
Pako Shvelidze Nikoloz Heine-Shvelidze Gocha Balavadze Magda Revishvili შედევრი <3პაკო შველიძის ნამუშევრები ირაკლი ჩხიკვაძის რეჟისურადა გიორგი შველიძის გადაღება
Gepostet von მარიამ ებანოიძე am Donnerstag, 13. Februar 2020
აქვს ქანდაკების შემთხვევაში ზომას და წონას მნიშვნელობა?
ალბათ ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა – ტექნიკას, მასშტაბს, ხასიათს. ახლაც ვაკეთებ პატარა ფიგურებს, მაგრამ ახლა რასაც პატარა მოცულობით ვაკეთებ, უკვე წარმომიდგენია, როგორი იქნება დიდ მასშტაბში, საჯარო სივრცეებში.
ვინ არიან ისინი, ვისაც აკეთებ?
თავიდან უფრო პერსონაჟებს ჰგავდნენ, ზოგს ლიტერატურული გმირების შთაბეჭდილების ქვეშ ვქმნიდი, ზოგნი ჩემს თავს გადახდენილი ამბების მონაწილეები იყვნენ – ახლა უფრო ნაკლებად არიან პერსონები და მეტად ასახავენ იდეებს.
ახლა, მაგალითად, ვმუშაობ სერიაზე – ჩუმი დიალოგი. გამოფენაზეც არის რამდენიმე მათგანი წარმოდგენილი. პირველი დიდი სკულპტურა, რაც გავაკეთე, მეთევზეა და კომპოზიციას ქმნის 5 სხვა ფიგურასთან ერთად, მოლოდინი ჰქვია ამ კომპოზიციას. მყავს კაპიტანი დროგო, დინო ბუცატის “თათრების უდაბნოს” პერსონაჟი.
რა ამბებს ჰყვებიან ადამიანები, რომლებსაც ქმნი?
სახელები და ისტორიები ამ გმირებს არ აქვთ, პიროვნებები არ არიან.
ყველაზე მეტად ამას გავურბივარ – ეს ამოცანა დავუსახე ჩემს თავს, რომ ამბავი არ იყოს. ფერიც კი ამოვიღე. ყველაფერი ამოვიღე, რაც მაყურებელს ადვილად მოწონებას აიძულებს. ზოგჯერ ჩემი შვილები იმასაც კი მეუბნებიან, რატომ არის დაუმთავრებელი ფიგურებიო. ჩემთვის კიდევ ეს ძალიან მნიშვნელოვანია – მომენტის პოვნა, როცა უნდა “დაასტოპო”.
შეგახსენებთ, რომ პაკო მარიამ შველიძის გამოფენა ფოლკლორის ცენტრში 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალებისთვის გადადით ბმულზე