fbpx

ნახატები ზეთში, რომელიც უფოკუსო ფოტოებს ჰგავს – Philip Barlow


გააზიარე სტატია

სამხრეთ აფრიკელი მხატვრის, ფილიპ ბარლოუს ნამუშევრების პირველი ნახვისას ჩნდება კითხვა, თუ რასთან გვაქვს საქმე – ნახატებთან თუ ფოკუსის გარეშე გადაღებულ ფოტოებთან. მის ზეთის ნახატებში სამყარო ბუნდოვანი და არამკაფიოა, ადამიანი და საგნები მკვეთრ მოხაზულობას კარგავენ, შესაბამისად, არტისტის სამყარო ახალ, აბსტრაქტულ ფორმებს იძენს.  

ფილიპ ბარლოუ განათლებით გრაფიკული დიზაინერია. რამდენიმე წელი ევროპაში ვიტრაჟული ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის განხრით მუშაობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დაკვეთების შესრულება დაიწყო და მეტწილად პორტრეტებს ხატავდა.  თუმცა, ინდივიდუალურ ხელწერას მხოლოდ მოგვიანებით მიაგნო, როცა ე.წ. BOKEH-ს ეფექტით დაინტერესდა. 

მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა “The Thing of Light” 2002 წელს კეიპტაუნში გაიმართა. ბარლოუმ პროექტს სოციალური დატვირთვა მისცა და განაცხადა, რომ ეს არის სამყარო, რომელშიც ცუდი მხედველობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ. „არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თუ რამეს ვერ ვხედავთ, სრულებით არ ნიშნავს, რომ ბუნებაში არ არსებობს. ზოგჯერ მის დასანახად ხედვის კუთხეა შესაცვლელი, წარმოსახვის გააქტიურება და დაფარულს ფარდა აეხდება, ამოუცნობი ამოიხსნება“. – ავტორმა ამგვარად აღწერა თავისი ხელწერა.

ფილიპ ბარლოუს ნამუშევრების მთავარი პერსონაჟი შუქის ფერადი ათინათია, რომელიც დამთვალიერებლის თვალს ხიბლავს, ხოლო  ნახატებზე გამოსახული ადამიანები, სახლები, ქუჩები, მანქანები და სხვა ობიექტები მხოლოდ დამხმარე ელემენტებია.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.