ჩაცმა ფილტრის გარეშე
რამდენიმე თვეა, თბილისში გამოჩნდა კონცეპტუალური ბრენდი „ჩაცმა“, სადაც ქართველი დიზაინერების პრაიმ-ნამუშევრების შეძენაა შესაძლებელი. ცოტა ხნის წინ კი „ჩაცმამ“ ფოტოსესია წარმოადგინა, თემით – No Filter. რას ნიშნავს ეს გზავნილი, რა გახდა ამ ბრენდის შექმნის მთავარი იდეა და რა გეგმები აქვს მომავალში, ამ ყველაფერზე „ჩაცმის“ დამფუძნებელი მადო რომანაძე გვესაუბრა.
რას ნიშნავს No Filter?
“ჩაცმის” კონცეფცია ძალიან განსხვავდება მსგავსი იდეის მქონე მაღაზიებისგან. სხვაგან არ არის მიღებული სხვადასხვა საფასე კატეგორიის ნივთების ერთად განთავსება და როგორც წესი, კონცეპტუალური მაღაზიები პოზიციონირდებიან მაღალი ფასებით, რასაც ამართლებენ იმით, რომ ექსკლუზიურობაში მეტი უნდა გადაიხადო.
ასევე, მრავალფეროვანი სტილის სამოსს იშვიათად შეხვდები ერთადერთ მაღაზიაში. სხვადასხვა ცხოვრების სტილის, გემოვნების ადამიანები ცალ-ცალკე დადიან მათთვის შესაფერის concept store-ებში, ან, უარეს შემთხვევაში, საერთოდ არ დადიან.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს დამკვიდრებული სტანდარტები და შეზღუდვები დაგვერღვია. ზოგადად, მსოფლიოშიც მიდის დამკვიდრებული სტანდარტების ნგრევა.
გვინდოდა, რომ ჩვენთან ჩაეცვა ყველას, ვისაც სურს თავის გამოხატვა და უყვარს მრავალფეროვნება, ამიტომ თავიდანვე ვთქვით, რომ არ გვექნება შეზღუდვები არც ფასით (“ჩაცმაში” შეიძლება 50 ლარადაც იპოვო შენთვის სასურველი ნივთი და 2500 ლარადაც) და არც კონკრეტული მიმდინარეობით (აქ კლასიკურ სამოსსაც ნახავს სტუმარი და ე.წ. trash fashion-საც).
ვინ გახდნენ “ჩაცმის” პირველი ფოტოსესიის გმირები?
ამ შემთხვევაშიც არ გვქონია ფილტრი, არ გვინდოდა აუცილებლად მოდელებს წარმოედგინათ ჩვენი კოლექციები. შევარჩიეთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
თანამედროვე ადამიანი უფრო და უფრო ნაკლებად არის გატაცებული საგნებით, ბევრად მნიშვნელოვანია ვინ ხარ შენ და რას აკეთებ, ვიდრე, რას ფლობ. სწორედ ასეთ თანამედროვე, საინტერესო ადამიანებს ვთხოვეთ ჩვენს ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება.
ფოტოები გადაღებულია ფირით, რა თქმა უნდა, ყველანაირი ფილტრის გარეშე 😊
ნოემბრის აქციების დროს მისი ახალგაზრდა მონაწილეები „ჩაცმის“ ქუდებით გამოჩდნენ, როგორც ვიცით, ეს თქვენგან იყო საჩუქარი. რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეკუთვნით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და ზოგადად, პოლიტიკისგან შეძლებისდაგვარად თავი შორს გვიჭირავს. „ჩაცმა“ შექმნილია თავისუფლებისა და თვითგამოხატვის იდეით, ამ იდეისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის. ვაცმევთ მაშინაც, როდესაც მათ ამაზე ფიქრისთვის არ სცალიათ. მაშინ ძალიან ციოდა და ბევრი ჩვენი მომხმარებელი ქუჩაში ატარებდა დღეებს და ღამეებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენ გვეზრუნა მათ თბილად ჩაცმაზე.
რა გეგმები აქვს „ჩაცმას“ მომავალში?
როდესაც საქმე ეხება ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს, ეს ერთგვარად ეროვნული სიამაყის თემაც არის. ქართველ მომხმარებელს უნდა ეამაყებოდეს საკუთარ ქვეყანაში წარმოებული სამოსის ჩაცმა და ასევე, ამ ფორმით ჩვენ გვაქვს საშუალება, ტურისტებს გავაცნოთ ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. “ჩაცმას” მომხმარებლებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ტურისტები. ამიტომ ჩვენი გეგმები უკავშირდება ქართველი დიზაინერების, ჩვენი კულტურის და შესაძლებლობების წარმოჩენას. გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში, მომხმარებლებთან და მეგობრებთან ერთად.
2,455 total views, 1 views today