რატომ უნდა ვისწავლოთ გულ-ფილტვის რეანიმაცია
ავტორი: დიმიტრი ლიპარტელიანი
რეანიმატოლოგმა ბრძანება გასცა და ექთნებიც საქმეს შეუდგნენ. მე ავადმყოფის საწოლიდან ოდნავ მოშორებით ვიდექი და კარდიო-მონიტორს თვალს არ ვაცილებდი. რაღაცნაირად, შიგნიდან შემეშინდა მაშინ – გავაცნობიერე, რომ შესაძლოა ჩემ თვალწინ პირველად მომკვდარიყო ადამიანი.
ექიმი მკაცრი სახით შემობრუნდა ჩემკენ:
- შენ ახალი ხარ, ხო?
- კი, პირველად ვმორიგეობ დღეს რეანიმაციაში.
- CPR-ის კეთება იცი?
- თეორიულად მხოლოდ, პრაქტიკაში ჯერ არ…
- მიდი, შეეცვალე! – მითხრა და მსუბუქად მიბიძგა ხელი პაციენტის საწოლისკენ.
პირველი, რასაც ასეთ დროს აცნობიერებ, ის არის, რომ ძლიერი არ ხარ – არც ემოციურად და არც ფიზიკურად. შემდგომ აანალიზებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული საფეხურის ზეპირად და შეუცდომლად ცოდნა. და ბოლოს, თუ გულმკერდზე ძლიერი ზეწოლისგან ხელების ქვეშ ნეკნების არაბუნებრივი მოძრაობა იგრძენი, თავს ძალა დაატანე, რომ უსიამოვნო გრძნობა მხოლოდ სახეზე დაგეტყოს და არა შესრულებაზე.
CPR-ისთვის განკუთვნილი 45 წუთი ისე გაიწელა, როგორც მეშვიდე გაკვეთილი პარასკევ დღეს, ცხელ და ჩახუთულ საკლასო ოთახში. შემდეგ კი მოხდა ის,რაც იქამდე მხოლოდ ფილმებსა თუ სერიალებში მენახა: რეანიმატოლოგმა პაციენტის სიკვდილის დრო ხმამაღლა ჩაინიშნა.
მედიცინაში გულის მუშაობის გაჩერებას კლინიკურ სიკვდილს უწოდებენ. ამ დროს თავის ტვინში სისხლის მიწოდება წყდება, ხოლო გულ-ფილტვის რეანიმაციის (გფრ) გარეშე კი ადამიანი კვება. გაჩერებული გულის პირობებში თავის ტვინი კვდომას სულ რაღაც 4-6 წუთში დაიწყებს. ეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი რამდენიმე წუთია, სადაც გფრ-ის დროულ დაწყებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
რატომ უნდა იცოდე გფრ?
ამერიკის გულის ასოციაციის სტატისტიკის მიხედვით, გულის გაჩერების შემთხვევების 75-80% სახლში ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ოდესმე გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება მოგიწევს, ყველაზე დიდი ალბათობით შენი პაციენტი შენივე ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი იქნება, რადგან სახლში, როგორც წესი, უცხო ადამიანებთან არ ვართ ხოლმე. საქართველოს სტატისტიკა კი შემდეგნაირია: 2017 წელს 564-ს აღენიშნა გულის გაჩერება, აქედან სახლში მოხდა 479 შემთხვევა; 2018 წელს 464 ადამიანს გაუჩერდა გული კლინიკის გარეთ და მათგან 392 სახლში იმყოფებოდა. თუნდაც დროულად დაწყებული გფრ-ს შემთხვევაშიც კი, დაზარალებულის გადარჩენის და ჰოსპიტალიზაციის შანსი სულ რაღაც 10%-ია.
ასეთი მცირე ალბათობის გათვალისწინებით მაინც რატომ უნდა იცოდე გფრ?
იმიტომ, რომ შენი ოჯახის წევრი შენთვის სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის. მსოფლიოში არავინ დაუმშვიდებია ექიმს შემდეგი სიტყვებით: „იცით, დედათქვენს გადარჩენის 99%-იანი შანსი კი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის იმ დარჩენილ ერთ პროცენტში მოხვდა და არ იდარდოთ, ეს მოსალოდნელი იყო“.
მიუხედავად ასეთი დამთრგუნველი სტატისტიკური მაჩვენებლებისა, დროულად დაწყებული გფრ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსს მაინც აორმაგებს. წესით, ეს ყოველივე მორალურ ვალდებულებას უნდა აკისრებდეს თითოეულ ადამიანს, ისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში მზად იყოს მისთვის ძვირფასი (ან სულაც უცნობი) სიცოცხლის გადასარჩენად.
პირველი, რაც უნდა ისწავლო და მუდამ გახსოვდეს:
კლინიკის გარეთ გადაუდებელი პირველადი დახმარების ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად უგულებელყოფილი მისი საწყისი ეტაპია. ამ დროს ამოწმებთ გარემოს უსაფრთხოებას (პრინციპი – „ჯერ თავო და თავო..” ამ შემთხვევაში უპირველესია) და შემდგომ დაზარალებულს უმოწმებთ ცნობიერებას (რაოდენ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს, ყოფილა კლინიკური შემთხვევები, როდესაც ადამიანი გულ-ფილტვის რეანიმაციით შუადღის ტკბილი ძილიდან გამოაღვიძეს). თუ ამის შემდგომ პირველადი დახმარების აუცილებლობა ისევ დგას, მაშინვე რეკავთ 112-ზე და იძახებთ სასწრაფო დახმარებას!
გახსოვდეთ: ეს შესაძლოა თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ზარი იყოს, რადგანაც მასზე ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული!
თუ სასწრაფო ისედაც მოდის, პროფესიონალი ექიმის დალოდება ხომ არ სჯობს?
სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობის ეფექტიანობა აუდიტის სამსახურმა ბოლო ათწლეულში ორჯერ შეამოწმა: 2013 და 2017 წლებში. 2017 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ არ შესრულებულა წინა აუდიტით გაცემული რეკომენდაციები. ამიტომაც შედეგი უცვლელია: სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დროულად მისვლას ვერ ახერხებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებია, როდესაც დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო. საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით რეკომენდებულია, რომ ასეთ გამოძახებათა მინიმუმ 75%-ის შემთხვევაში ბრიგადა ადგილზე 8 წუთზე ნაკლებ დროში უნდა მივიდეს. თბილისის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მაღალი პრიორიტეტის გამოძახებაზე საშუალოდ 22 წუთში (!) მიდის. გამოძახებიდან 8 წუთზე მცირე დროში სდბ მხოლოდ 11%-ის შემთხვევაში ახერხებს მისვლას. იმის გათვალისწინებით, რომ თავის ტვინის კვდომა საშუალოდ 4-6 წუთში იწყება, მარტივი მისახვედრია, რომ ჰოსპიტალს გარეთ განვითარებული კლინიკური სიკვდილი ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც სდბ-ის თუნდაც ოპტიმალურ დროში მოსვლაც კი შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს. ამაში უბრალოდ სიკვდილია დამნაშავე. ასეთ დროს ყველაზე მეტი კი სრულიად უდანაშაულო სდბ-ის ექიმებს ხვდებათ (როგორც ემოციურად, ასევე ზოგჯერ ფიზიკურადაც კი).
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიკვდილ-სიცოცხლის ბედს გადაწყვეტს ის, ვინც პირველი აღმოუჩენს მას დახმარებას!
როგორ შეგიძლია ისწავლო გფრ?
პირველადი დახმარების შემდგომი, კონტაქტური ეტაპების აქ აღწერა იგივეა, რაც სტატიით რომ შევეცადო, ცურვა გასწავლოთ. სამწუხაროდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნის მიღება მხოლოდ თქვენი სურვილით შეგიძლიათ – პირველადი სამედიცინო დახმარება სკოლებში სავალდებულო საგნად ხომ არ ისწავლება.
პირველადი დახმარების ხარისხიანი კურსების სკოლაში დანერგვა სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეა. როგორც კვლევებით ვგებულობთ, შესაბამისი მომზადების შემდგომ წარმატებული გფრ-ს ჩატარება მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებსაც კი შეუძლიათ. აქედან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ ზრდასრული ადამიანებისთვის უბრალოდ მორალური პასუხისმგებლობის საკითხია, ამ ძალზედ მარტივი და სასიცოცხლოდ (!) მნიშვნელოვანი პროცედურის შესასწავლად 1 დღე გამოვყოთ.
დღესდღეობით გფრ-ის შესწავლა რამდენიმე ადგილას შეგიძლიათ. მაგალითად: კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“, „ნიუ ვიჟენის“ სასწავლო ცენტრსა და ეროვნულ სასწავლო ცენტრში. რადგანაც დიდი სასწავლო ცენტრები მოასწავლეთა დიდ ჯგუფებზე არის გათვლილი, ამიტომაც ხშირად ალტერნატივად მცირე სასწავლო ცენტრები გვევლინება.
დიდი ხნის მანძილზე ეს დიადი საქმე ერთეულ ენთუზიასტებს ჰქონდათ საკუთარ თავზე აღებული. ამის ნათელი მაგალითი ექიმი-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანიაა, რომელიც „პირველადი დახმარების ცენტრის“ დამაარსებელია. იგი დამატებით საკუთარი საქველმოქმედო პროექტის „გადაარჩინე სიცოცხლე, ისწავლე გფრ“-ის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს უფასოდ ასწავლის პირველადი დახმარების გაწევას. მის მოსწავლეებს შორის ხშირად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც იხილავთ. ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი კურსანტი მეც გახლდით და ვატყობ, უახლოეს ხანში მომიწევს გადამეორება – რაოდენ მარტივიც უნდა იყოს რაიმეს სწავლა, რეგულარული ვარჯიშის და პრაქტიკის გარეშე იგი დროთა განმავლობაში გავიწყდება. აქ კი შეცდომის ან არცოდნის საფასური ადამიანის სიცოცხლეა.