fbpx

სტენლი გრინის და ანა შპაკოვას სასიყვარულო ისტორია სტენლი გრინის წერილებში, კოლაჟებსა და პოლაროიდებში


გააზიარე სტატია

ავტორი: თიკა ლაღიძე

 პარიზი

“ჩვენს ფორმასა და სტილს ის აყალიბებს, რაც გვიყვარს.”

ფიფქი და ვარსკვლავი, აი ნამდვილი შეყვარებულების მანტრა!

მოფარფატე ფიფქები და მოწყვეტილი ვარსკვლავები შეიძლება ჩვენს პირად სასიყვარულო კოდად იქცნენ!

ასე რომ, გუშინ ღამით ფანჯარაში გავიხედე, და იცი რა დავინახე? ფანტელები ცვიოდა და მოწყვეტილი ვარსკვლავების გარშემო ტრიალებდა!! 

 

XXX

მნიშვნელოვანია, რომ ცხელი წერტილების ამერიკელი ფოტო რეპორტიორის, სტენლი გრინის ამდენად განსხვავებული, პირადი სერიის ჩვენება თბილისში შედგა. 

კავკასია მისთვის განსაკუთრებული რეგიონი აღმოჩნდა. ჩეჩნეთში რვა წელი გაატარა და მუშაობისას, ყველაზე შეურიგებელი პოზიცია ეკავა. ორ ჩეჩენეთის ომს პირდაპირ „ჩეჩნების გენოციდს“ უწოდებდა. პუტინს პირად მტრად მიიჩნევდა. თავისი ძლიერი რეპორტიორული პასუხისმგებლობის შეგრძნებით გადაღებული, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე, დოკუმენტური ფოტოებით ომის მთელ სისასტიკეს შეუფარავდ აჩვენებდა. 

როდესაც თბილისში, 2012 წელს  Tbilisi Photo Festival-მა მისი პერსონალური გამოფენა – „ჩეჩნეთის გზაზე“  მოაწყო, მახსოვს შოკი. სხვა ფოტოებთან ერთად, ჩეჩენი ბოევიკი, ავტომატიანი ქალების პორტრეტები,რომელთა წარდგენას ტექსტიც არ სჭირდებოდა, ისეთი ძლიერი და საბედისწერო იყო თითოეული გამოსახულება – სტენლი გრინის სასტიკად ლამაზი შავ-თეთრი ფოტოგრაფია.. 

დღეს სტენლი გრინი 71 წლის გახდებოდა. სპეციალურად AT.ge- სთვის ანა შპაკოვამ ექსკლუზიურად მოგვაწოდა მისი და სტენლის პირადი მიმოწერის არქივის ნაწილი, ეს მასალა აქამდე არ გამოქვეყნებულა, თავდაპირველად კი სერია, “See you in my Dream!” An Intimate Diary of Stanley Greene გამოფენის სახით, 2017 წელსTbilisi Photo Festival-ის ფარგლებში გაკეთდა. სწორედ მაშინ დამატყვევა ამ წერილებმა. საგამოფენო დარბაზში შესულს, მეგონა, პატარა ოთახში ვიყავი, სადაც შეყვარებულები განუწყვეტლივ კოცნაობდნენ და  ჩურჩულებდნენ, ყველაფერი სიყვარულით იყო გამსჭვალული; მაგრამ არავის გვქონდა უხერხულობის შეგრძნება – თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. 

რეალობა სიზმარს გავდა, სიყვარულის სილამაზესთან შეხების განცდას აჩენდა, სასიყვარულო განწყობას ქმნიდა, ცხელოდა… რაც მეტ წერილს ვკითხულობდი, მით უფრო ვეხვეოდი სასიყვარულო განწყობებში. გალერეიდან გამოსვლისას კედელზე გამოფენის სახელწოდება ეწერა: See You In My Dreems!

 

ანა შპაკოვა:

გამოფენის იდეა სწორედ მაშინ მომივიდა, როდესაც საბოლოოდ გავაცნობიერე დანაკარგი და წუხილი, რომელმაც მომიწოდა, რომ რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა, ის რაც ყველას ყურადღებას მიიპყრობდა; რაიმე სანუკვარი, რასაც შენთვის ვეღარ შეინახავ და აუცილებლად უნდა გააზიარო. ყველაზე ლეგენდრული ფოტოგრაფისთვის, რომლის ომისა და სოციალური უსამართლობის რეპორტაჟები სამუდამოდ დარჩება ფოტოგრაფიის ისტორიაში..

ჩემთვის ის სამყაროს მბრძანებელია და მადლობელი ვარ, რომ მეც ამ სამყაროს ნაწილი ვარ. არა მხოლოდ სიმართლის თავგამოდებული მაძიებელი, ნამდვილი რომანტიკოსი და პოეტი, ვნებიანი მეწერალი და საყვარელი… მან წარმოუდგენელი სილამაზე დამანახა.. უთვალავი წერილი და პოლაროიდის სურათი იმ დროინდელი სიყვარულის მოწმობა გახდა, როდესაც ჩვენ ჯერ არ გვესმოდა, რომ სამყარო დასასრულის ზღვარზეა მისული.

30 წერილისა და პოლაროიდისგან შემდგარი სერია 2001 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში შეიქმნა;იგი სიყვარულის ერათადერთი თანამდევი იყო, რომელიც ამბად იქცა და საშუალება მოგვცა სტენლი გრინის სინგულარული  რითმის შუაგულში ჩაგვეხედა, თან ისე, რომ ვუაიერისტებად არ გვეგრძნო თავი.

თითოეულ შენს სიტყვაში, შენს პოეზიაში გახვეულს, მე მინდა დღეს ეს ყველაფერი დაგიბრუნო.

 

2001 წლის 9 აგვისტო

საფრანგეთი, პარიზი

ვერძს და მერწყულს შესანიშნავი რამ აქვთ საერთო – ურთიერთლტოლვა, შეხვედრა გართობისთვის, სიყვარულისთვის, თავგადასავალისთვის და ჭეშმარიტებისთვის. მოგზაურობაში პარტნიორები, ერთი თავგადასავლიდან მეორეში ეშვებიან. ამ ორმა არ იცის უკან მოხედვა და წარსულზე წუწუნი. დღევანდელი დღე გაცილებით ამაღელვებელია, ვიდრე გუშინდელი. მათთვის, ვინც მერწყულის წყლით დასველებულა, ხვალინდელი დღე ათასჯერ უფრო ფანტასტიურია, ვიდრე გუშინდელი!

***

ვერძი და მერწყული მზის ნიშნის 3-11 ვიბრაციის ზეგავლენის ქვეშ არიან და მათი აურების შერწყმას ისინი მოგზაურობის, განათლების და სულიერი აღმოჩენების ერთობლივი გამოცდილებისკენ მიყავს. 

***

მეგობრებს, ნათესავებს, შეყვარებულებს ან ახლობლებს შორის 3-11 ვიბრაციის ერთ-ერთი გამოვლინება კარმული ვალდებულებაა. ურთიერთობა დიდი მადლის და სიკეთის გაცვლა-გამოცვლას გულისხმობს – ან რაღაც უდიდესი სევდის ერთიდან მეორესთვის გადაცემას, შესაძლოა ვალდებულების ან პასუხისმგებლობის ფორმით, რაც ორივეს ცხოვრებაზე ღრმა და ყოვლისმომცველ ზეგავლენას ახდენს.

***

ზოგჯერ ჩვენნაირი ადამიანები წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის არსებულ დროის გზას აცდებიან და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით მივდიოდით, მაინც შევეჯახებით ერთმანეთს წინასწარ დასახული გეგმების ან განზრახვების გარეშე. ეს შეხვედრა ბედია, სადღაც ზემოთ დაგეგმილი, ჩვენ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე.

 

2001 წლის 15 აგვისტო

საფრანგეთი, პარიზი

ანა!

ო, რა მცირე რამეს შეუძლია დამძიმებული გული ოხვრიდან სიმღერისაკენ მიაბრუნოს (ტელეფონის ზარს, მოულოდნელს), ღიმილს (შენს ღიმილზე ოცნებაში) შეუძლია მსოფლიო უფრო ასატანი გახადოს; სიტყვას, წინადადებას (მე შენ მიყვარხარ) შეუძლია სული ვარსკვლავებიდან ჩამოდენილი ცეცხლით აანთოს.

მთელი ღამით!

მოლოდინში იმდენ დროს ვატარებ, ყოველდღე ველი, რომ რაღაც შეიცვლება! ეს სამუშაო, ცხოვრება ნაკლებად მომთხოვნი გახდება! მაგრამ, რაღაცის გამო,რასაც მოველით, ყოველთვის როდი მოდის. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ჩემგან მოელოდნენ, რომ ვიღაც სხვა გავხდებოდი. ყველა გავაოცე! მე გავხდი მე! ყველა ვიღაც სხვას მოელოდა: დედა, მამა, ძმა! ხანგრძლივი დროის განმავლობაში მე ვიღაც სხვა ვიყავი, ვიღაც, ვინც განსხვავებული უნდა ყოფილიყო! ვიღაც, ვისაც ბოლო-ბოლო დაუდგა რაღაც მომენტი (რა მომენტიც არ უნდა იყოს ეს), და ვინც ახლიდან იშვა და გარდაიქმნა… მე აღარ ვიყავი, და დავივიწყე… ყველაფერი, რაც ადრე იყო, და მხოლოდ სიზმრებიღა დამრჩა. ამავე დროს, ჩემს უკანასკნელ ცხოვრებაში მე თითქმის ვერ ვამჩნევ ჩემს გარშემო არსებულ ზედაპირულ სამყაროს. ზოგჯერ შუქნიშანზე ფერი იცვლება, მანქანები მოძრაობს, ჩემს კოშმარებში ადამიანები კვდებიან, სახლები ინგრევა! ჩემი თვალები ცდილობენ ყოველივე ეს დამიმალონ!

 

2001 წლის 16 აგვისტო

საფრანგეთი, პარიზი

ანა!

მარტოობა!

ღამით ძილში ვხედავ შენს თვალებს, მიმართულს ხედზე, რომელსაც შენ ჯერ ვერ ხედავ, ჯერ არ მღვიძავს! ჯერ არ მივსულვარ, მეძინა, მე მხოლოდ სიზმრებს ვხედავ, სანამ შენ ჩემთან არ ხარ! მე ჯერ არ ვარ „მე“, სანამ შენ მარტო ხარ მოსკოვში, ხოლო მე მარტო ვარ პარიზში. ჩვენ „ჩვენ“ ვართ, მაგრამ განვსხვავდებით, სანამ მარტო ვართ და, შეიძლება შენ ეს არ იცოდი, ან შეიძლება გახსოვდეს კიდეც, მაგრამ მას შემდეგ რაც გაგიცანი, მე შენგან მოშორებით ბედნიერი აღარასოდეს ვყოფილვარ! არასოდეს ბედნიერი, როდესაც ასე დიდი ხნით ვრჩები მარტო!

მიყვარხარ!

2001 წლის 17 აგვისტო

 

საფრანგეთი, პარიზი

გამარჯობა!

ფოტოებს ვათვალიერებდი, ვფიქრობდი მოგზაურობებზე, ზოგი შორია, ზოგიც ხანგრძლივი, და ამ ოცნებებში ჩართულმა შენზე დავიწყე ფიქრი. შევეცადე გამეხსენებინა შენი სურნელი, როგორ უზიარებდი მას ყველას, ვინც კი შენთან კონტაქტში შემოდიოდა! და როდესაც შენ მათ ეხებოდი, მე მენატრებოდა შენი სიტკბო და შენი შეხება და, რა თქმა უნდა, შენი სუნი, გუშინ ღამე ჩამეძინა და შესანიშნავი სიზმარი ვნახე. მესიზმრა, რომ პეპელა იყავი, მაგრამ ფერების გარეშე. 

ვიღაც ბოროტს შენი ფერები წაეღო, და მე ვემუდარებოდი მას, დაებრუნებინა ფერები შენთვის! ვეუბნებოდი ბოროტს: პეპელა ფერების გარეშე, ყვავილი სურნელის გარეშე, ცა ვარსკვლავების გარეშე და ცისარტყელა ფერების გარეშე… ეს ხომ ყველაფერი არასრულია! მაგრამ ამ დროს გამეღვიძა და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრებაც შენს გარეშე ზუსტად ასეთია.

მენატრები!!  

მოსკოვის ხილვები,

შენ, ანა, ხარ ის, ვინც უდიდესი ბედნიერება და სიამოვნება მომანიჭა. შენ ცხოვრების ერთ-ერთი უმშვენიერესი ნაწილი ხარ. შესანიშნავია, როდესაც კავშირის დამყარება შეგიძლია. სიტყვები სათქმელს ყოველთვის ვერ გამოხატავს, თუმცა შეიძლება გულიდან მოდიოდეს; ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საუკეთესო მეგობარს ვწერ; 

რა კარგია, რომ შენნაირი მეგობარი მყავს! მადლობა, რომ ჩემი ხარ! მე გულის სიღრმიდან მიყვარხარ. ძალიან მენატრები, მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოაბიჯე. შორი-შორს ყოფნა შეიძლება მტანჯველი იყოს, მაგრამ ამასაც გადავიტანთ. ეს წერილები მონატრებიდან სევდის მოშორებაში მეხმარება! შენთან დარეკვა ყოველ დილით ჩემი ცხოვრების ხაზებს ახალისებს! მე ვზივარ და შენთან მომავალ შეხვედრებს ვგეგმავ. რა ცოტა რამ გვაქვს ძვირფასი…

ერთ-ერთი ასეთი შენ ხარ, არ მისცე ზვიგენებს საშუალება, გიკბინონ. გთხოვ, დარჩი ისეთივე გოგო, როგორიც მაშინ იყავი, როდესაც მე წამოვედი. ერთი რამ ვისწავლე ამ განცალკევების ჟამს – ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს. შენს გარეშე ჩემი ცხოვრება არასრულია. მე მინდა შენთან ერთად დავაგროვო სიბრძნე. ცხოვრება ბაღია, შეყვარებულები ყვავილებივით არიან და ერთად გატარებული დრო… ცხოვრების უბედნიერესი ნაწილია.და სიყვარულიც, ყვავილების მსგავსად, მეტად ყვავის და იფურჩქნება, როდესაც მას უვლიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი (ყვავილები), და როდესაც მათ გული შესტკივათ საკუთარ სიყვარულზე და არ უგულებელყოფენ მას. ცხოვრების მშვენიერი ბაღი უფრო ტკბილი იქნება, თუკი მას ყურადღებას მიაქცევ.

P.S. შენს გარეშე თავს სულ უფრო და უფრო დაკარგულად ვგრძნობ!

მიყვარხარ

 

Anna!

 

Aries  — The infant “I AM”

To teach that love is innocence and l

learn that love is trust.

 

Aquarius  — Idealism “I KNOW”

To teach that love is tolerance and 

Learn that love is oneness. 

And so to realize at last that…

Love is ETERNAL

 

ანა,

ბოლო ფიქრი დღეისთვის, მატარებელს უნდა მივუსწრო, კიდევ ერთი ფიქრი, რომ

უნდა დაგტოვო, დღეს საღამოს ან ხვალ გელაპარაკო. სიზმრებში გნახავ……

ვიღაცისთვის ამ წამს განსაკუთრებით გულწრფელი და მშვენიერი ხარ (ვგრძნობ, რომ ეს სიმართლეა, თუმცა ზოგიერთმა ეს თავად უნდა აღმოაჩინოს) და, შესაბამისად, მოთხოვნადიც. გონიერი მეგობარი და შეყვარებული, შენ სიკეთის ყველა შეთავაზებას და განზოგადებას დახვეწილი ზრუნვით ახერხებ. წვეულებების და ღონისძიებების უბადლო დამგეგმავი ხარ, სიამოვნების და სარგებლის შერწყმა უნაკლოდ ძალგიძს. შენი ცხოვრების ეს პერიოდი… თითქმის არც ერთი დეტალი არ რჩება შეუმჩნეველი შენი ყურადღებიანი თვალებისთვის. რაღაც სასწაული ხდება, რაც დამსაქმებლის, მეგობრის, ოჯახის და შეყვარებულების წარსული ცოდვების მიტევების და დავიწყების უნარს გაძლევს.

უბრალოდ აზრები გაგიზიარე!

მიყვარხარ

XXX

რას აკეთებს გონება, რათა შეავსოს ცარიელი საწოლის სიჩუმე ოთახში, იგი საათს უსმენს, იგი საათის დადგომას ელოდება.

უკუნეთი ზღვის უღრმეს საათს შენ ჩემგან მიჰყავხარ!

ცოდვილი საათი, რომელსაც წარმოდგენილი კატასტროფა მოსდევს.

 

XXX

სიკვდილზე ფიქრის მუდამ თანმდევი საათი.

საათი, რომელიც წუთების დედა და წამების 

ბებიაა.

ტკივილის გაზულუქებული საათი, კმარა, კმარა.

XXX

მარტოხელების და დაკარგულების საათებისგან აკინძული

ყელსაბამი. მარტოობაში გატარებული ღამის გამაშეშებელი სიჩუმე.

იმ საათების ხმა, როდესაც საკუთარ სუნთქვას უსმენ.

ცენტრალური საათი, როდესაც აცნობიერებ, რომ ის შენთან არაა.

 

 

XXX

ჩემი განძი ჩემს გულში ინახება,

სურვილი, რომელიც მწვავს

შენი ხელი დავიჭირო ჩემსაში, მაგრად ჩავეჭიდო, თუმცა ნაზად და თავისუფლად,

შენი სული ჩემსას შევურწყა.

 

 

For Letters:
Collage @ Stanley Greene / Anna Shpakova collection
For Polaroids:
Polaroid series “Anna”, 2001 @ Stanley Greene / Anna Shpakova collection

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.