fbpx

ქართველი მოდელები ნიუ იორკის მოდის კვირეულზე


გააზიარე სტატია

ნიუ იორკის მოდის კვირეული 1943 წელს დაარსდა („პრესის კვირის“ სახელით), როგორც პარიზის მოდის კვირეულის ალტერნატიული ვერსია და საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა მსოფლიო მოდის ინდუსტრიის რუქაზე. ნიუ იორკის მოდის კვირეულმა ფრანგული მოდის ტენდეციების ჩანაცვლება დაიწყო და ამასთან ერთად, ნელ-ნელა ჟურნალ Vogue-ს გვერდების დიდი ნაწილიც დაიკავა.

5-დან 12 თებერვლის ჩათვლით ნიუ იორკი მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველი დიზაინერების საერთაშორისო წარმატება აღარავის გვაკვირვებს, თუმცა ამჯერად გვინდა წარმოგიდგინოთ ქართველი მოდელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2020 წლის ნიუ იორკის მოდის კვირეულის ჩვენებებზე:

Sies Marjan-ის ჩვენება ნიუ იორკის ერთ-ერთი ცათამბჯენის 59-ე სართულზე მოეწყო. თანამედროვე მსოფლიოს დედალაქის – ნიუ იორკის პანორამული ხედები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა საინტერესო ნიდერლანდელი დიზაინერის წარმატებული ბრენდის კოლექციის ჩვენებისას. Look Modéls Managemént-ის მოდელ ლიკა რიგვავას საერთაშორისო პოპულარობის შესახებ ბევრი გვსმენია და სწორედ ის იყო ერთ-ერთი ქართველი მოდელი, რომელმაც ნიუ იორკის მოდის კვირეულზე მიიღო მონაწილეობა და Sies Marjan-ის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა.

 

Christian Cowan-ის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის დახვეწილი კოლექცია ნამდვილად არ გავს ახალგაზრდა დიზაინერის შემოქმედებას. კოლექციაში დომინირებდა ბრჭყვიალა, ოქროსფერი და ლეოპარდის პრინტით გაფორმებული ქსოვილები და ძირითადი აქცენტი დიზაინერმა საღამოს კაბებზე გააკეთა. ლიკა რიგვავამ ამ არაჩვეულებრივ ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა.

 

Hillary Taymour, ბრენდ Collina Strada-ს დიზაინერი წელსაც ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ  ეკო-მეგობრულ ხაზს, რადგან მან საკუთარი კოლექციით ამჯერადაც შეახსენა მსოფლიოს მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფისა და გლობალური დათბობის შეუქცევადი პროცესების შესახებ. 2020 წლის ახალი და ფერადი კოლექციის ჩვენება მწვანე ბალახისა და ბევრი მცენარის ფონზე ჩატარდა ღამის კლუბის ტერიტორიაზე. კოლექციაზე მუშაობისას მისთვის გადამუშავებული ქსოვილებისა და ორგანული პროდუქციის გამოყენება მთავარი პრიორიტეტია. ამ შთამბეჭდავი შოუს ნაწილი, წელს ქართველი მოდელი – ნინი ნებიერიძე იყო, რომელიც ჩვენებაზე შვილთან ერთად გამოვიდა.

 

არანაკლებ საინტერესო იყო ახალგაზრდა დიზაინერის Prisca Franchetti-ის ბრენდის – PRISCAvera-ს ჩვენება, რომელიც „ნიუ იორკის კლასიკური არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტის“ ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ყველა მოდელი NIKE-ის ბოტასით გამოვიდა. დიზაინერმა საჭიროდ მიიჩნია აღენიშნა, რომ „PRISCAvera-ს ქალი შეიძლება გამოიყურებოდეს ახალგაზრულად, თუმცა, არ არის აუცილებელი რომ ის ახალგაზრდა იყოს.“ 2020 წლის ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, ნინი ნებიერიძე და ლიკა რიგვავა ამ ჩვენების მონაწილეებიც გახდნენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.