სიმღერები და ქალაქები – თბილისი
ავტორი: Delphica Sibyl
რა ეწადა რაინეარს? ჭკუამ მოატყუა.
ერთია რომ არ იცი ქალი რომ მეფედ გვყავდა და პარლამენტარიზმი მეთორმეტე საუკუნეშივე რომ არ დაგვევასა. მაგრამ მეორეა დღეს ვინ და რანი ვართ, ეგ რომ არ გაქვს გააზრებული და ისე იწყებ ონლაინ გამოკითხვას ხმის მიცემით. ისე დროა შენც გონს მოეგო გუგლ. რაის ქუინ თამარ ავენიუ? გგონია მეზარბაზენეები არ გვყავს, ან ბოტებს ვერ შემოგისევთ? ნებისმიერ იმპერიას ჩამოვშლით სულ რამდენიმე საათში. ონლაინ.
ან ზაზა ფაჩუალია არ გაგიგია, ან პრემიერი რა დღეში ჩავაგდეთ, ან კაცობრიობის ისტორიაში 5 საუკეთესო პოეტს შორის, პირველი 3 რომ ქართველია? ჰოდა გამარჯობა რომში მიმავალი ყველა გზის სართიჭალის გავლით შემოსულ თბილისიდან რაინეარ შენი! სანამ მთელს მსოფლიოს თბილისში ჩამოხიზნავ ცოტას ამ ქალაქზეც მოგიყვები.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გვეუბნება, რომ მუსიკა არის ხელოვნება, რომელიც სინამდვილეს ასახავს ბგერითი მხატვრული სახეებით. ვიკიპედია კი იმის გარდა, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკის უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამბობს, გვამცნობს, რომ მუსიკა ბერძნული სიტყვაა და იგი აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ააშენებს ღმერთი. რომელიო, იკითხავთ და რაღა თქმა უნდა, ზევსი. მაგათი მოგონილია ყველა სიტყვა თუ არა, სიტყვის ფუძე მაინც.
რა მწადია? არც არაფერი. რაღაც ამბებსა და ქალაქებს თავადვე უკავშირდება ხოლმე ჩემს თავში სიმღერები და დარწმუნებული ვარ, თქვენსაშიც ასე ხდება, ძვირფასო მკითხველო.
აი, ეს მაგალითად, თბილისია –
ძალიან უცნაური ქალაქი, რომელშიც არავის ვურჩევდი ჩამოსვლას, თუ “ახლობელი” არ ეგულება. აი ისეთი, რომ გეუბნება: “რავი, ბიჭო, აი ნახევარ საათში მეცლება და თუ გინდა გამომყევი ერთ საქმეზე და მერე სადმე ვჭამოთ და გვიან გიორგასთან ავიდეთ – კაი ღვინო აქვს”. გზაში უამრავ ძმაკაცს გაგაცნობს (შენ ვერ ხვდები, ვინ უბრალოდ ნაცნობია და ვინ მეტი, იმიტომ რომ ყველას ძმაკაცს ეძახის).
ვერცხლის ქუჩაზე ლამის დანგრეულ სახლებში გაძრომიალებთ, ებრაელების უბანსაც მოგატარებთ და უეცრად რუსთაველზე ამოგაძვრენთ. გზადაგზა ხოხობსაც ახსენებთ, გორგასალსაც, წითელ არმიასაც და გადასახლებულ გერმანელებსაც. თქვენს ახლობელს არც აკაკი ხოშტარიას პერ ლაშეზის გაყიდული საფლავი ავიწყდება და არც დავით სარაჯიშვილისა და ძმები ზუბალაშვილების კეთილი საქმეები.
მთაწმინდაზე შექსპირი ვინ ჩემი ფეხებია, ნაწვიმარ სილაში ვარდიო – იცრემლება და შენ ვაბშე მოიცაო და ვიღაცასთან რეკავს: ბიჯო, მერანი როგორაა ინგლისურად, ცხენი რო მიგაფრენს, იმაზე გვაქვს ყველაზე მაგარი ლექსი მეთქი, ჰო არ ვეტყვი ამჩემისას? ცხენი გაგაფრენს, აბა ჯოკერს ჰო არ გეთამაშება? და თან სახეში გიცინის და თვალს გიკრავს.
გიორგასთანაც ახვალთ, ტაისონასთანაც და ლამაზ ნინიკოსთანაც. კარგად რო გამოიბრუჟებით, რაღა თქმა უნდა, თუ ამ საქმის მოყვარული ხართ, კლუბში წაგიყვანთ. ჰოო, აი თქვენს ახლობელს ყველა კლუბში უშვებენ. მისთვის ყველა კარი თუ არა, ყველა ფანჯარაა ღია. თბილისი. პატარა რომ ვიყავი, სოლფეჯიო მიყვარდა. არ მეტყობოდა, მაგრამ მე ხომ ვიცი, გულის სიღრმეში რომ მიყვარდა :დ. ჰოდა მასწავლებელი მყავდა ნინო ბახსოლიანი. მაღალი, თხელი, დახვავებული წითელი თმით და ჭორფლებით. ძალიან ლამაზი იყო, გამჭვირვალე კანი და ლამაზი თითები ჰქონდა. რომ ბრაზდებოდა, ხმა უწვრილდებოდა ხოლმე და პატარა ბავშვივით შემოუწითლდებოდა თვალები. მოგვიანებით გავიგე, რომ დედაჩემის კლასელისა და ძალიან ახლო მეგობრის, ჯონის და იყო. ამ ბიჭს ფოტოაპარატი ჰქონია, ფირის, რაღა თქმა უნდა, და ყველა დედას სკოლის ფოტო მისი ნამოქმედარია.
უფრო მოგვიანებით ამ კლასელის შვილი ფეისბუქზე ვიპოვე, ისიც დედას წყალობით. ესო, ჯონის ბიჭი იქნებაო, ნანამ, წიგნს ატრიალებდა ხელში. აი ასე დავდექი და მივწერე, და იმანაც, კიო. ცოტა ცრემლები კი ვყარე ჩემთვის (ახალგაზრდა გარდაცვლილა მამა), მაგრამ დავიფრენდე. მამის ფოტოების მოძებნას შევპირდი. ჰოდა აგარაკზე რომ მოვხვდები, მანამდე ამოვაქოთებ ყველაფერს, სანამ არ ვიპოვი. სახლის საძირკველში ჩავალ, რომ დამჭირდეს.
საბავშვო ბაღში თამრიკო კაპანაძე მყავდა მეგობრად და ერთხელ მეუბნება, მასწავლებელი რომ გავა, შუადღის ძილის დროს, რაღაცას გასწავლიო. ახალი ნასწავლი მაქვს მეც და გადარეული ვარ, ისეთი მაგარიაო. როგორც კი გავიდა, გრძელი ბამბაზიის ღამის პერანგებით საწოლის ქვეშ შევძვერით და მუჭში ჩაბღუჯულ, გაოფლიანებულ პლასტელინს მაჩვენებს. ყოფს ორ ტოლ ნაწილად, იდებს პირში და ღეჭავს. მეორე აზელილ ნაწილს მიწვდის და მიყურებს. უხალისოდ ჩავღეჭე. ძალიან მიყვარდა თამრიკო და ვერ გავუტეხე. შემდეგ უკვე დიდობაში, ძლივს ვისწავლე, ეს “გატეხვა” რომ სულაც არ ტეხავს.
და საერთოდაც, დღეს სამსახურში მივდიოდი და გზაში ორი, ასე მესამეკლასელი ბიჭი დავინახე. საცობში როცა ხარ, უამრავი რამის დანახვასა და განცდას ასწრებ. ჰოდა მიდიოდნენ ღლიცინით, მიათრევდნენ უზარმაზარ ჩანთებს და ხან ერთი წაუთაქებდა მეორეს და ხან მეორე პირველს და კვდებოდნენ სიცილით. უცებ წარმოვიდგინე, რომ გაიზარდნენ – ერთი მელოტია და მეორე არა და სხედან ლუდის ბარში და ისევ ისე უტყაპუნებენ ერთმანეთს თავში. მერე ამ მელოტს მიჰყავს მეორე და სახლის კართან აყუდებს.
თბილისი
ჩემი ბერძენი დაქალი გამახსენდა. გავრილოვის ღამეს რომ ჩამოფრინდა ჩემს ქორწილში. ჩვენ კი მის დასახვედრად ნახევარი, მართლაც სისხლიანი ქუჩა ჩავიარეთ. აბა ტაქსმა, სად მიძახებთ თქვენი ისაო და ესაო. გგონიათ, იმ ღამის კადრები “საშინელი” იყო? ეეე ის, რაც ქუჩაში ხდებოდა, გაცილებით შემზარავი იყო, ვიდრე ჰოლივუდის ფილმები ომზე. შემდეგ უკვე სახლში, რომელიც ბედად პარლამენტის უკან მქონდა მისთვის დაქირავებული, ლამის მცხეთის გავლით მივიყვანე და დილით დედამისმა რომ ათენიდან დარეკა, იმისთანას აჩვენებენ თბილისზე – შენ ნამდვილად ქორწილში და ნამდვილად მაგ ქვეყანაში წახვედი, ბერძენი დედა გენაცვალოსო? და ამანაც, დედა, კარგი რაა, მეჯვარე ვარ და თან ეს ჰო, თბილისიაო და ჰოი საოცრებავ, და გაჩუმდა ის ქალი.
თბილისი
ერთ-ერთ ჩემს დაბადების დღეზე კი შემთხვევით მოხვედრილ მაჩაბლის ქუჩაზე სამი სხვადასხვა ფერის ნეონით განათებული ფანჯრებიდან პირდაპირ ქუჩაში ცვიოდა ენდორფინები. ვარდისფერი, უკიდურესი მარჯვენა ფანჯრის რაფა სავსე იყო ფეხებით. თან ლამაზი შიშველი ფეხებით.
ხტიან, როკავენ, იცინიან ფეხები. ძალიან მაგარი მუსიკა ასკდებოდა ფანჯრებს, მოპირდაპირე შენობის ფასადზე კი მულტფილმი “მტრობა” გადიოდა. აი მთელ კედელზე, ღმერთმანი, რაა. ღამის პირველი საათი იყო, მაგრამ მაინც ავუყევით კიბეს, იქაც კაი ხალხი დაგვხვდა. შეკითხვაზე, რა ხდება აქა, რავი, ჩვენც ახლა მოვედით, იყო პასუხი. აი ვის არ ნახავდი იქ: სტრიტ არტისტი გოგო გინდა, თუ before it was cool #metoo გოგო, ქალაქში საუკეთესო ბლოგერები, ფოტოგრაფები, მარკეტოლოგები, არიქიტექტორები, კლაბერები, “გრუპი” გოგოები, “სტრანნი” და გასული ტიპები.
სულ მეგონა, რომ რომელიმე ოთახიდან ან იოკო ონო გამოვიდოდა, ან ბოუის სიცილის გავიგებდი რომელიმე ქურთუკებდახვავებული კუთხიდან. მოკლედ, ენდი უორჰოლ, დაე, ტრიალებდე საფლავში, იქ, სადღაც პიცბურგში. დილის 4 იყო და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მაჩაბელზე კი არა, ბროდვეისა და მერვე ავენიუს კვეთაზე ვარ და ეს წუთია, სტუდიო 54-იდან გამოვეტენე.
თბილისი
ხმამაღლა ვიცინით და იქვე, ტიპური თბილისური თუ საბჭოური “ბესეტკიდან” ბიჭები გვეძახიან, კონიაკი და შოკოლადი გვაქვს და მოდით, არ გინდათო? გვინდოდა. ორი მსახიობი იყო. ერთიც “აიტიშნიკი”, ერთი გოგო ბარმენი და მეორე იქვე მცხოვრები, არ ვიცი ვინ. ორი სტუდენტი და კიდევ ერთი ონლაინ ბილეთების გამყალბებელი. ვიბაზრეთ მუსიკაზე, თბილისზე, მარტვილზე, გაგებასა და რუსეთის ხრწნაზე, აბა მაგათ გარეშე როგორ. კიდევ ვის რა საჭმელი გვიყვარს, ვინ ვინა ვართ ერთმანეთისთვის და რა გვინდა, იმ წუთსა და წამში რომ მოხდეს.
მე მამა მინდა გაცოცხლდეს, პუტინს კი ისე ვხიო, რომ პლუტონზე გაფრინდეს საფრენი აპარატის გარეშე. რომ შვილები და დედა მყავდეს ჯანმრთელად და ეს ბიჭი, ახლა რომ მიყვარს, სულ მიყვარდეს. რომ ყველას ქონდეს იმის უფლება, იყოს ისეთი, როგორიც არის, ან ისეთი, როგორიც უნდა რომ იყოს. რომ შეიძლება არ იყო მორწმუნე და “ეკლესიური”, მაგრამ სიყვარულია ღმერთი და მეცნიერება – სინათლე.
ბევრი ფულიც მინდა. აი ყველგან რო მედოს, ყველა ჯიბეში. აი იმეებშიც, ჯინსებს რომ აქვთ, ციცქნები. და მინდა მიყვარდეს ეს ქალაქი და შემდეგ დაბადების დღეს მაჩაბელზე დავკიდო ყველა ფერის მზე.
თბილისი არაა ურთიერთობა, მაგრამ ძალიან კარგი ადგილია. ძუნძგლიანი, გაუზრდელი ბავშვივითაა. დედა კი ყავს, მაგრამ ბევრს მუშაობს, ვერ იცლის და მხოლოდ ღამე ეხუტება. ეს ბავშვი კი თავისით იზრდება. ქუჩაში.
წერა რომ დავიწყე, კიდევ 5 ქალაქი მქონდა შერჩეული თავისი ტრეკებით (რომი, ბათუმი, პარიზი, ნიუ-იორკი და ლონდონი), მაგრამ თბილისმა ჩამიხვია. შენ ფული თქვი, თორემ აქ ცხოვრებას რა ჯობიაო, ბევრჯერ გამიგია. არაა ეგრე, მაგრამ სახლია, რაა. ის შუშაბანდია, შემინულ-შემოსაზღვრული რომაა, მაგრამ მაინც ყველა მხრიდან რომ უბერავს.
გგონიათ გკითხავთ, თუ ეს მოგეწონათ, დანარჩენებზეც დაგიწერთ თქო? არა. ისედაც დავწერ.