fbpx

ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალების მოლოდინში


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპს ფეხბურთის მოყვარულები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელიან ხოლმე, რადგან გარდა იმისა, რომ ტურნირის ამ ეტაპზე პირობითად კონტინენტის თექვსმეტი უძლიერესი კლუბი იყრის თავს, ყოველ კენჭისყრას თან ახლავს თავისებური განწყობა, ერთგვარი მისტიკა, რაც გარკვეულწილად გულშემატკივრების ფანტაზიის გამოძახილია.

თუმცა, როგორც არ უნდა ვიფიქროთ, ფაქტი ერთია, წლევანდელი კენჭისყრა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელია ტურნირის მთელი ისტორიის მანძილზე, რადგან მერვედფინალშივე შედგება ფინალის ტოლფასი ან მასთან მიახლოებული რამდენიმე დაპირისპირება. 

აქედან ერთ-ერთი, „ატლეტიკოსა“ და „ლივერპულის“ მატჩი, ამ კვირაში ჩატარდება. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულისა და ტურნირის ორგზის ფინალისტის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

მოლოდინს ამძაფრებს ტრადიციულად სტაბილურობით გამორჩეული „ატლეტიკოს“ წლევანდელი ასპარეზობა. დიეგო სიმეონეს გუნდი იმდენად ამოუცნობია, რამდენადაც მის მიერ ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „ვალენსიასთან“ ნათამაშები ფრე – 2:2. 

მატჩი საკმაოდ მხიარული და საგოლე მომენტებით აღსავსე გამოდგა. შინაარსით ის უფრო ამხანაგურ შეხვედრას ჰგავდა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან ორივე ესპანურ გუნდს თამაში აქვს ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგაზე და მათ მაქსიმალურად დაუმალეს თავიანთი სტრატეგიული საიდუმლოებები მეტოქეებს – „ლივერპულს“ და „ატალანტას“.

„ვალენსიასთან“ გატანილი ორი გოლის მიუხედავად, გაოცებას იწვევს სატურნირო ცხრილში მეოთხეადგილოსანი „ატლეტიკოს“ აუტსაიდერისთვის შესაფერისი უაღრესად დაბალი შედეგიანობა.

ნუთუ მხოლოდ ანტუან გრიზმანის წასვლას უნდა დაჰბრალდეს ლა ლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში გატანილი სულ რაღაც 25 გოლი? 

მეორე მხრივ, გრიზმანსაც ბევრი არაფერი გამოსდის „ბარსელონაში“, რომელიც ერთ კვირაში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება…

„ლივერპული“ კი უძლეველი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, პრემიერლიგაში მას „მანჩესტერ სიტი“ ტიტულს ვეღარ წაართმევს, „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ კლუბი ჩინებულ განწყობაზეა და ვირჯილ ვან დაიკთან ოთხწლიანი კონტრაქტიც უკვე გამზადებულია.

ვან დაიკი მეტად სერიოზული ძალაა მადრიდული კლუბის წინააღმდეგ, რომლის დაცვითი ხაზის შესანიშნავ მოთამაშეებს კუთხურების ჩამოწოდებისას მისი თავური დარტყმების აღმოფხვრისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

საერთოდ, ორრაუნდიანი დუელის გათვალისწინებით, „ატლეტიკოს“ ძალიან უნდა გაუჭირდეს „ლივერპულთან“ წარმატების მიღწევა, რადგან გასვლით მატჩში, გარკვეული შეცდომების შემთხვევაშიც კი, შინ, „ენფილდზე“ განმეორებით შეხვედრას იურგენ კლოპის გუნდი სავარაუდოდ, უმაღლეს დონეზე ჩაატარებს, ისევე როგორც შარშან „ბარსელონასთან“…

წყვილში უდავო ფავორიტად „ლივერპული“ უნდა მივიჩნიოთ, თუმცა მოულოდნელი შედეგი არ უნდა გამოირიცხოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ისტორიას არაერთი დიდი სენსაცია ახსოვს.

„ლივერპულისგან“ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება ტურნირის შარშანდელი ფინალისტი „ტოტენჰემ ჰოთსფური“, რომლის მთავარი პრობლემა ალბათ ის ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომელსაც კლუბში მისვლის შემდეგ მისი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო განიცდის. 

პრემიერლიგაში გუნდმა თითქოს გააუმჯობესა შედეგი, მისთვის უკადრის მე-14 პოზიციიდან მე-5-ზე გადაინაცვლა და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრის პრეტენზიასაც აცხადებს, თუმცა „ჩელსის“ მეოთხე ადგილიდან „ჩამოხსნა“ ადვილი საქმე ნამდვილად ვერ იქნება, „ლესტერი“ კი მას ათი ქულით უსწრებს.

ამგვარად, მოურინიო და გუნდის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე „ლაიპციგთან“ გავარდნის შემთხვევაში გულშემატკივრების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდებიან და ზოგიერთი მათგანის მომავლის საკითხი პრეტენზიულ კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

გერმანული „ლაიპციგი“ კი ასეთი ზეწოლისგან თავისუფალია, ბუნდესლიგის ცხრილში ბოლო ტურებში „ბაიერნისთვის“ ლიდერობის დათმობის მიუხედავად, ჩემპიონობისთვის მაინც იბრძვის, „რეკორდმაისტერთან“ ამას წინათ გასვლაზე სრულიად დამსახურებულად მოპოვებული ქულის შემდეგ საკუთარ ძალაში დარწმუნებულია და „ტოტენჰემთან“ გასვლაზე დაშვებული შეცდომების შემთხვევაში მათ აღმოფხვრას უკვე შინ, განმეორებით მატჩში, საკუთარი გულშემატკივრებით გავსებული ტრიბუნების წინაშე ეცდება.

ტიმო ვერნერს და მის თანაგუნდელებს კი ამის უნარი ნამდვილად შესწევთ, თუნდაც გერმანული სათამაშო დისციპლინიდან და ხასიათიდან გამომდინარე. 

გარდა ამისა, „ლაიპციგმა“ ერთი დღით მეტი დაისვენა „ტოტენჰემთან“ შედარებით, რომელიც მერვედფინალისტებიდან ერთადერთია, საკუთარი ჩემპიონატის მატჩი კვირა დღეს რომ ჩაატარა. 

კენჭისყრამ „ლაიპციგზე“ გაცილებით მძიმე მეტოქე „პარი სენ-ჟერმენის“ სახით, კიდევ ერთ გერმანულ კლუბ „დორტმუნდს“ არგუნა. ბედის ირონიით, პარიზულ კლუბს უკვე მესამე წელიწადია, რაც „დორტმუნდის“ ყოფილი თავკაცი თომას ტუხელი წვრთნის, რომელმაც თავის დროზე იქ თვით იურგენ კლოპი ჩაანაცვლა…

 

„პარი სენ-ჟერმენი“ ტრადიციულად ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია და 2017 წელს „ბარსელონასთან“ და შარშან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მისი გამოვარდნა, მართლაც რომ მისტიკის სფეროდანაა.

სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს სასწაულის მოხდენას თვით „დორტმუნდი“, რომელიც შარშან, ზუსტად ამ დროს სამარცხვინო შედეგით გამოეთიშა ტურნირს „ტოტენჰემთან“ დაპირისპირებაში. 

როგორ ეფექტურადაც  უნდა გამოიყურებოდეს ამ ბოლო ხანს ნორვეგიელი ჰალანდით გაძლიერებული „დორტმუნდის“ თამაში, მისი რანგის მეტოქესთან სუპერკლუბად ქცეული „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან ჯერ არ გამოვარდნილა. თანაც, ახალწვეული ჰალანდი მიმდინარე ტურნირზე გერმანელებს ვერ დაეხმარება.

„დორტმუნდმა“ პარასკევს ჩინებულ ფორმაში მყოფი „აინტრახტის“ 4:0 განადგურებით „პარი სენ-ჟერმენს“ თავისი საბრძოლო განწყობის შესახებ ამცნო, შაბათს კი პასუხად პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონატში მთელი მსოფლიოს წინაშე უხვგოლიანი სანახაობა მოაწყო. 

აუტსაიდერ „ამიენთან“ მან პირველი ტაიმი  0:3 დათმო, მეორე ნახევარში წინ გასვლა მოახერხა, საბოლოოდ კი შეხვედრა ფრედ – 4:4 დასრულდა. თამაშის ამგვარი სცენარი კი „დორტმუნდის“ სამწვრთნელო შტაბს მაინცდამაინც სრულ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა ნეიმარის გარეშე დარჩენილი მრისხანე მეტოქის შესახებ.

სრულიად ამოუცნობია „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ წყვილი. წინასწარ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება. ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდი, მეოთხედფინალში ნებისმიერი გრანდისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება.

მერვედფინალური წყვილების მეტ-ნაკლები თანაბრობა ხომ სწორედ ამ ორი გუნდის დაჯახებამ განაპირობა, თორემ მათი გზების აცდენის შემთხვევაში, სულ მცირე, ერთი თანაბარი დაპირისპირებით ნაკლებს იხილავდა გულშემატკივარი, რაც მერვედფინალების დაძაბულობას შეამცირებდა.

ფინალის ტოლფასი მატჩი კი მომავალ კვირას ჩატარდება, როდესაც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან. სამწუხარო ისაა, რომ პრემიერლიგის შარშანდელი გამარჯვებული შეხვედრას დიდი პრობლემებით ეგებება. 

უეფა-ს ფინანსური ფაირ პლეის წესების დარღვევის გამო, მომავალი სეზონიდან ორი წლით ევროთასებიდან მოკვეთის შემდეგ, მას დღე-დღეზე 2014 წელს მოპოვებული პრემიერლიგის ჩემპიონობაც შეიძლება ჩამოართვან…

 

1,366 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.