fbpx

“სასამართლოს მხატვრები” და ჩანახატები მსოფლიოში გახმაურებული პროცესებიდან


გააზიარე სტატია

ამერიკულ და ბრიტანულ სასამართლო პრაქტიკაში ხშირად იკრძალება პროცესის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის გადაღება, რაც საქმეების სპეციფიკურობით და კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობით აიხსნება. ასევე მიიჩნევა, რომ ოპერატორებისა და ფოტოგრაფების სასამართლო დარბაზებში მუშაობა  ყურადღებას ფანტავს და ხელს უშლის დავის მხარეებს კონცენტრაციაში. თუმცა, სასამართლო სისტემა მედიას და საზოგადოებას ე.წ. ვიზუალურ ინფორმაციას მხატვრების დახმარებით აწვდის. ისინი პროცესებს ესწრებიან და დარბაზში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, ემოციურ მომენტებს გრაფიკული ჩანახატებით აღწერენ.

ამერიკული მართლმსაჯულების ისტორიაში მრავალი გახმაურებული პროცესი ყოფილა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მხატვარმა შეძლო მათი მიმდინარეობის ასახვა. ერთ-ერთი მათგანია ბილ რობლესი. მისი აზრით,  „სასამართლო მხატვრობა“, როგორც სპეციფიკური ჟანრი, 1935 წელს, რიჩარდ ჰაუპტმანის პროცესის დროს დაიბადა. (რიჩარდ ჰაუპტმანი ცნობილი ავიატორის, ჩარლზ ლინდბერგის 20 თვის შვილის, გამოსასყიდის მიზნით მოტაცებისა და მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს). დარბაზში განთავსებული კამერების, ფოტოაპარატების, შტატივებისა და სხვა ტექნიკის ხმაურმა შეუძლებელი გახადა უმძიმესი პროცესის ჩატარება, შესაბამისად, იურისტთა ამერიკულმა ასოციაციამ საქმის განხილვა მედიისთვის დახურა და პროცესის გაშუქება მხატვრებს ანდო.

  • ჩანახატი რიჩარდ ჰაუპტმანის სასამართლო პროცესიდან

ბილ რობლესი სასამართლოს დარბაზებში ნახევარი საუკუნეა მუშაობს. მწერალი პატრისია ჰერსტი, რეჟისორი რომან პოლანსკი, ავტოინჟინერი ჯონ დელორეანი, პოლიციელების ძალადობის მსხვერპლი როდნი კინგი, ფეხბურთელი ო.ჯეი სიმპსონი, 1995 წლის ტერორისტული აქტი ოკლაჰომა-სითიში – ეს იმ საქმეების მცირე ჩამონათვალია, რომელთა პროცესები მხატვარმა ვიზუალურად ქაღალდზე გადაიტანა. თუმცა, რობლესმა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი 1970 წელს, მისი კარიერის დასაწყისში შექმნა. მან ჩარლზ მენსონის მიერ მოსამართლეზე თავდასხმის მცდელობა აღბეჭდა.

  • ჩარლზ მენსონის სასამართლო პროცესი. ავტორი: ბილ რობლესი

„როცა კამერები აკრძალულია, მხატვარი დარბაზში მეფედ გრძნობს თავს“, – ამბობს ბილ რობლესი და მაგალითის სახით, 2005 წელს მაიკლ ჯექსონის საქმის განხილვას იხსენებს („პოპის მეფეს“ არასრულწლოვნების სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს). მისი თქმით,  დახურულ კარს მიღმა უამრავი ადამიანი შეიყარა, ფოტოგრაფები, ვიდეოოპერატორები, ჯექსონის თაყვანისმცემლები, მუსიკოსები და პოპკორნის უბრალო გამყიდველები, ყველა ელოდა სიახლეებს სასამართლო დარბაზიდან. პროცესზე მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა, შესაბამისად, მხატვარს 5 წუთში ერთხელ უხდებოდა ახალ-ახალი ინფორმაციის ფურცელზე გადატანა, ჩანახატებს კი,  გარეთ მომლოდინე საზოგადოებას აწვდიდა.  

„როცა მაიკლ ჯექსონი ყველა პუნქტში გაამართლეს, ატირდა. ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდა. ტიროდა მისი ადვოკატიც, ემოციური ქალი იყო. მეორე დამცველი კი, ჭაღარათმიანი კაცი, უემოციოდ შეხვდა განაჩენის გამოცხადებას“,  – იხსენებს რობლესი. 4-თვიან სასამართლო პროცესზე გაკეთებული ჩანახატები, მან მსოფლიოს 28 წამყვან საინფორმაციო სააგენტოსა თუ ტელევიზიას მიჰყიდა. მისი თქმით, ჯექსონის პროცესზე მუშაობა ყველაზე წარმატებული გამოდგა მის კარიერაში როგორც შემოქმედებითი გამოწვევის, ასევე  ფინანსური მოგების კუთხით. 

  • მაიკლ ჯექსონის უდანაშაულოდ ცნობის ამსახველი ჩანახატი. 2005. ავტორი: ბილ რობლესი
  • კატერინ ჯექსონი (მაიკლ ჯექსონის დედა) და რები ჯექსონი (და).  2005. ავტორი: ბილ რობლესი
  • მოწმედ დაკითხული მაკოლეი კალკინი. 2005. ავტორი: ბილ რობლესი

ბილ რობლესის თქმით, ბევრი მხატვარი სუბიექტურია და ზოგჯერ ვერ მალავს მის პირად ემოციურ დამოკიდებულებას პროცესში მონაწილე მხარეების მიმართ. რობლესი ამგვარ მიდგომას შეცდომად მიიჩნევს და თვლის, რომ მხატვარიც მართლმსაჯულების პროცესის მონაწილეა და რაც უნდა მოისმინოს ან გაიგონოს, ვალდებულია ცივი გონებით იმოქმედოს და რეალობა მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცეს. „ემოციური მიუკერძოებლობის უნარი მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად მიიღწევა. თუმცა, პროცესზე რეალობის ასახვისას ნახატი ფოტოს არ უნდა დაემსგავსოს, რომელიც ნახატთან შედარებით, ცივია და ანონიმური. ამავე დროს, ნამუშევარმა მხატვრული ღირებულება  უნდა შეინარჩუნოს და მასში ადამიანურობაც უნდა იგრძნობოდეს“, – წერს რობლესი. 

  • რომან პოლანსკის სასამართლო პროცესი. 1977. ავტორი: ბილ რობლესი

საინტერესო იყო ამერიკული ბენდ „Spirit“-ის სარჩელის განხილვა, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ რობერტ პლანტმა და ჯიმი პეიჯმა სიმღერა „Stairway to Heaven“-ის საწყისი მუსიკალური თემა ბენდ Spirit-ის სიმღერა „Taurus“-დან მოიპარეს. ბილ რობლესის თქმით, სასამართლოში ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი სიმღერის ბედი წყდებოდა და შესაბამისად, პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ ვიდეო-ფოტოგადაღება აკრძალა, მეტიც, მხატვრებსაც აუკრძალა კალმების და ფანქრების გამოყენება, რადგან ეჭვობდა, რომ მათში მინიკამერები იყო ჩამონტაჟებული. მოგვიანებით, აკრძალვა მოხსნა და მხატვარმაც რამდენიმე ისტორიული ჩანახატი გააკეთა. 

  • რობერტ პლანტი და ჯიმი პეიჯი. 2017.  ავტორი: ბილ რობლესი

მონა შეფერ ედვარდსი სასამართლო პროცესების კიდევ ერთი ცნობილი ილუსტრატორია. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები მას საკმაოდ დიდ ჰონორარს უხდიან, თუმცა, ორიგინალებს პირად კოლექციაში იტოვებს. მის ნამუშევრებს ადვოკატებიც ყიდულობენ და მოგებული საქმეების სამახსოვროდ ოფისის კედლებზე კიდებენ. „ბევრი მათგანი მთხოვს, რომ არ დავხატო დიდი ღიპებით ან დავმალო მათი სიმელოტე“, – ამბობს მხატვარი. 

  • ლინდსი ლოჰანის სასამართლო პროცესი, სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობის თავის არიდების გამო. ავტორი: მონა შეფერ ედვარდსი
  • ჰოლი ბერი. სასამართლო დავა შვილის მეურვეობასთან დაკავშირებით. ავტორი: მონა შეფერ ედვარდსი

მონა შეფერ ედვარდსის კოლექციაში ისეთი ცნობილი ადამიანები ხვდებიან, როგორებიც არიან: მაიკლ ჯექსონი, არნოლდ შვარცენეგერი, მელ გიბსონი, კეტრინ ზეტა ჯონსი, დოლი პარტონი, სტივენ სპილბერგი და მრავალი სხვა. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებლად ვაინონა რაიდერისა და მაიკლ ჯექსონის სასამართლო პროცესებს თვლის.

ედვარდსის თქმით, ვაინონას პროცესზე (განიხილებოდა სუპერმარკეტებში ქურდობის შემთხვევა), მედიას მხოლოდ ის აინტერესებდა, თუ რომელი ბრენდის ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ეცვა, რომელი სუნამო ესხა და როგორი თქმის ვარცხნილობა აერჩია. მისი პირადი განცდები, მძიმე ემოციური მდგომარეობა კი ყველასთვის მეორეხარისხოვანი იყო.  

  • ვაინონა რაიდერის სასამართლო პროცესი. ავტორი: მონა შეფერ ედვარდსი

მხატვარი ბილ რობლესთან ერთად მაიკლ ჯექსონის 2005 წელს გამართულ სასამართლო პროცესსაც ესწრებოდა. „პატარა ამერიკულ ქალაქში გამართული პროცესი კლოუნადად იქცა. ნაფიცი მსაჯულები და დამსწრე საზოგადოება მოხიბლულები და აღფრთოვანებულები იყვნენ სუპერვარსკვლავის საზოგადოებაში ყოფნით. ყოველდღე მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დიდი ლიმუზინებით ცხადდებოდნენ სასამართლო შენობაში. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველანი თავს ევლებოდნენ და უფრთხილდებოდნენ ახალგაზრდა, სიმპათიურ ვარსკვლავს. ამ სპექტაკლმა სრულიად გადაფარა არასრულწლოვნების ტრაგიკული ისტორიები“,  – იხსენებს ედვარდსი. 

  • მაიკლ ჯექსონი. 2005. ავტორი: მონა შეფერ ედვარდსი

წარმოგიდგენთ სხვადასხვა გახმაურებელი სასამართლო პროცესების ამსახველ ჩანახატებს.

  • ვუდი ალენი. 1993. ავტორი: მერლინ ჩერჩი
  • 2PAC. 1995. ავტორი: მერლინ ჩერჩი
  • სიდ ვიშესი. 1978. ავტორი: მერლინ ჩერჩი
  • ემი უაინჰაუსი. 2009 წელი. მუსიკოსს თაყვანისმცემელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად. 

 

  • „შავი პანტერების“ სასამართლო პროცესი, რომლებსაც ნიუ-იორკში ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობა ედებოდათ ბრალად. 1970
  • სასამართლო დარბაზი, სადაც ლი ჰარვი ოსვალდის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე განიხილებოდა. ავტორი: ჰოვარდ ბროუდი 
  • შიდსით დაავადებულის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი. 80-იან წლებში გავრცელებული რწმენით, დაავადება ჰაერწვეთოვანი გზებით ვრცელდებოდა. მოსამართლემ დარბაზში მყოფებს უფლება მისცა, პრევენციისთვის პირბადეები გამოეყენებინათ. 1984. ავტორი: მერლინ ჩერჩი
  • სიკვდილის დასჯის განაჩენის გამოტანის პროცედურული წესების განხილვა უზენაეს სასამართლოში. 1972

 

 

 

 

1,658 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.