fbpx

ხელის ელექტროსაშრობი 27-ჯერ მეტ ბაქტერიას ავრცელებს, ვიდრე ქაღალდის ხელსახოცი


გააზიარე სტატია



ლიდზის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა საზოგადოებას შემაშფოთებელი სიმართლე განუცხადა: საპირფარეშოებში ხელისთვის განკუთვნილი საშრობები არაჰიგიენურია. ადამიანთა უმეტესობა ხელებს სწორად არ იბანს, შედეგად, ბაქტერიები სწრაფად ვრცელდება ჰაერში და სავსებით შესაძლებელია, რომ სხვების მიკრობები აიკიდოთ.

ლაბორატორიული ექსპერიმენტისთვის საშრობი ახლიდან შექმნეს და აღმოჩნდა, რომ ის 27-ჯერ მეტ ბაქტერიას ავრცელებდა ჰაერში, ვიდრე ძველმოდური ქაღალდის ხელსახოცები, მიკრობები კი 15 წუთის განმავლობაში ცირკულირებდნენ.

საავადმყოფოთა ინფექციის ჟურნალის მიხედვით, პროფესორმა მარკ ვილკოქსმა და მისმა კოლეგებმა ხელის გაშრობის მეთოდების მოქმედება გამოიკვლიეს, რათა საავადმყოფოების საპირფარეშოებში ბაქტერიების გავრცელება დაედგინათ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან, როგორც ცნობილია,  მრავალი სერიოზული და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ინფექცია კლინიკებში ცირკულირებს.

კვლევა 12 კვირის  განმავლობაში 3 ქალაქის (ლიდზი, პარიზი, უდინე) საავადმყოფოებში ჩატარდა. თითოეული ადგილმდებარეობისთვის შეირჩა ორი საპირფარეშო, აქედან ერთში მხოლოდ საშრობი აპარატი დააყენეს, მეორეში კი მხოლოდ ხელსახოცი.    ნიმუშებს ოთხი კვირის განმავლობაში ყოველდღე იღებდნენ, ორკვირიანი პაუზის შემდეგ კი საპირფარეშოებში საშრობ მეთოდებს ცვლიდნენ. ეს პროცესი სამჯერ განმეორდა.

შედეგად დადგინდა, რომ ბაქტერიების საერთო რაოდენობა ჰაერსა და ზედაპირებზე ბევრად მეტი იყო მაშინ, როდესაც ხელის საშრობს იყენებდნენ.

ყველაზე აშკარა განსხვავება საშრობისა და ხელსახოცების დისპენსერის ზედაპირებს შორის გამოიკვეთა: უდინეში 100-ჯერ, პარიზში 33-ჯერ, ხოლო ლედზში კი 22-ჯერ მეტი ბაქტერია დაფიქსირდა.

MRSA არის ბაქტერიის სახეობა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში ინფექციებს იწვევს. ლიდზში საშრობის გამოყენების პერიოდში 3-ჯერ უფრო ხშირად შეხვდნენ ამ ბაქტერიას, ვიდრე ხელსახოცის მოხმარებისას.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ელექტროსაშრობები არ არის კლინიკურ პარამეტრებთან შესაბამისობაში და, არსებული (მაგ. NHS) ინფექციის კონტროლის სახელმძღვანელო შესწორებებსა და გაუმჯობესებას საჭიროებს”, – განაცხადა ვილკოქსის გუნდმა.

ადრინდელი გამოკვლევის საფუძველზე საფრანგეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაახლეს რეკომენდაციები,  რათა კლინიკებში ელექტროსაშრობების გამოყენებას ხელი შეუშალონ.  

მარკ ვილკოქსის თქმით, ”პრობლემაა ის, რომ ზოგი ადამიანი სწორად არ იბანს ხელებს.  სინამდვილეში, საშრობი ქმნის აეროზოლს, რომელიც აბინძურებს საპირფარეშოს ოთახს, ნიჟარებს, იატაკსა და სხვა საგნების ზედაპირებს – ეს თავად საშრობის დიზაინსა და მის განთავსებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ქაღალდის ხელსახოცები იწოვს ხელებზე დარჩენილ წყალსა და მიკრობებს და თუ მათ სწორად გამოვიყენებთ, დაბინძურების  შესაძლებლობა ნაკლები იქნება”. 

 

ორიგინალი: https://www.iflscience.com/

1,120 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.