fbpx

სოროსმა ცუკერბერგს “ფეისბუქის” მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდა


გააზიარე სტატია

 

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ფეისბუქის ხელმძღვანელობას – მარკ ცუკერბერგსა და შერილ სანდბერგს “ფეისბუქის მართვის სადავეებიდან ჩამოშორებისკენ” მოუწოდა და განაცხადა, რომ კომპანიამ უარი უნდა თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე.

სოროსმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, ცუკერბერგს დონალდ ტრამპთან გარკვეული სახის შეთანხმება აქვს, რაც აშშ პრეზიდენტს წლევანდელ არჩევნებში გამარჯვებას მოაპოვებინებს, თუმცა სოროსმა ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არ წარმოადგინა.

სოროსის განცხადებით, ფეისბუქმა სიფრთხილე უნდა  გამოიჩინოს და პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარი თქვას, თუმცა “კომპანია ამას სავარაუდოდ, არ გააკეთებს.”

ფეისბუქმა ბოლო პერიოდში კრიტიკა დაიმსახურა პოლიტიკოსების მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაციის თავის არხებით გავრცელების გამო, თუმცა კომპანიის განცხადებით, ის თავისუფალი გამოხატვის პრინციპებით ხელმძღვანელობს და პოლიტიკური რეკლამა კომპანიის შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს.

სოროსის განცხადებებთან დაკავშირებით ფეისბუქის წარმომადგენელმა კომენტარში აღნიშნა, რომ სოროსს აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, თუმცა ის ცდება. მოსაზრება, რომ ჩვენ რომელიმე ერთი პოლიტიკური ფიგურის უკან ვდგავართ, ჩვენს ფასეულობებსა და ფაქტებს ეწინააღმდეგება.

Financial Times-ისთვის მიწერილ წერილში სოროსმა გაიხსენა ცუკერბერგის სიტყვები, სადაც ის ამბობდა, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით მთავრობისგან ახალი რეგულაციების დაწესება სჭირდებათ. 

“არა მგონია, რომ კერძო კომპანიებმა უნდა მიიღონ ამდენი გადაწყვეტილება, როცა საქმე გვაქვს ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებთან”, –  წერდა ცუკერბერგი. 

ამის საპასუხოდ სოროსმა განაცხადა, რომ ცუკერბერგი ბუნდოვან ლაპარაკს და სამთავრობო რეგულაციების მოთხოვნას უნდა შეეშვას, და რომ ფეისბუქს არ სჭირდება მთავრობის დადგენილება თავის პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.