fbpx

რას გვპირდება 70 წლის ბერლინალე


გააზიარე სტატია

70 წლის წინ, მაშინ როდესაც ბერლინს ჯერ კიდევ ორ ნაწილად ჰყოფდა კედელი, 6 ივნისის ცხელ დღეს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი დაიბადა.

ზაფხულში დაბადებული ფესტივალი უკვე წლებია ზამთრის მიწურულს, თებერვალში ტარდება და მიუხედავად სუსხიანი ამინდებისა, აქ მაინც ყველგან იგრძნობა, რომ კინო უყვართ. სხვაგვარად ვერაფრით აიხსნება ის ფაქტი, რომ ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურის დროსაც კი კინოთეატრებისკენ მიმავალ გზაზე 80-მდე ქვეყნის 25 ათასზე მეტი სტუმარია გაფანტული. 

ფესტივალზე, რომელიც ჰიჩკოკის “რებეკამ” გახსნა, ფილმებს უკვე მთელი მსოფლიოდან უჩვენებენ და შეძლება ითქვას, რომ მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, გარკვეულ სტანდარტებსაც უწესებს კინემატოგრაფს. 

2020 წლის ბერლინალე გამორჩეული და საინტერესო იქნება არა მხოლოდ იმით, რომ საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, არამედ იმითაც, რომ მას ახალი დირექტორი ჰყავს. მრავალწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, დიტერ კოსლიკმა თანამდებობა დატოვა და ამიერიდან მხოლოდ მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება კინოპრემიერებს. რაც შეეხება ახალ დირექტორს, ის კარლო ჩატრიანია, რომელიც ბერლინში პირდაპირ ლოკარნოს კინოფესტივალიდან მოხვდა. 

როგორც ამბობენ, ახალმა მენეჯერმა და შეცვლილმა გუნდმა კინოსამყაროს ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალი მთლიანად შეცვალა და რამდენიმე ახალი სექციაც დაამატა. სექციების გარდა, გაზრდილია სეანსების რაოდენობაც და წელს კინომოყვარულები თუ პროფესიონალები 340-ზე მეტ ფილმს ნახავენ დიდ ეკრანზე. ამ ფილმებიდან 18 კი მთავარ კონკურსშია და მთავარი პრიზის მოსაპოვებლად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართვას 20 თებერვალს, ფესტივალის გახსნის დღიდან აპირებს. 

თუ კოსლიკის დირექტორობის პერიოდში ფესტივალს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ კინოზე მეტად წითელ ხალიჩაზე მიმავალი ვარსკვლავების რაოდენობა აინტერესებდათ, ჩატრიანიმ ამ ტენდენციის შეცვლაც გადაწყვიტა და დიდი კინოსტუდიების ნაცვლად, დამოუკიდებელი, ინდი-კომპანიების მხარდაჭერა გადაწყვიტა. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ წითელი ხალიჩა სიბრჭყვიალის გარეშე ჩაივლის, წელს ბერლინში ისეთ ვარსკვლავებს ელოდებიან, როგორებიც ჰელენ მირენი, სიგურნი უივერი, სელმა ჰაიეკი, ელ ფენინგი, ხავიერ ბარდემი, ქეით ბლანშეტი, ჯონი დეპი, სალი ფილდი და სხვები არიან. რა თქმა უნდა, არც წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე ჯერემი აირონსი უნდა დაგვავიწყდეს. სწორედ ოსკარის მფლობელი ინგლისელი მსახიობი იქნება მთავარი “დამნაშავე” ოქროს და ვერცხლის დათვების სწორ თუ არასწორ გადანაწილებაში.

ამბობენ, რომ წლევანდელ კინოფესტივალს, შესაძლოა, ჰილარი კლინტონიც დაესწროს. კინოდარბაზებში მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Hillary-ის, მსოფლიო პრემიერა შედგება და იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ნამდვილად დაადგამს ფეხს პოტსდამის მოედანზე, მართლა დაჩრდილავს ყველა იმ ვარსკვლავს, რომელიც უკვე ემზადება გაყინულ ბერლინში თავისი ახალი ფილმის პრემიერისთვის. 

 

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ სერიალები სულ უფრო დიდი დოზით “იჭრებიან” ჩვენს ყოველდღიურობაში — რაც ცუდი ნამდვილად არ არის – არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ თანამედროვეობას ფეხი კინოფესტივალმაც აუწყო და უკვე 70 წლის ასაკში შესული ბერლინალე თავის ძვირფას დროს სატელევიზიო შოუებსაც უთმობს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია, შესაბამისად, ამერიკული, ბრიტანული თუ ევროპული სერიალების გარდა, მაყურებელი ფესტივალზე წელს ბრაზილიური სერიალების პრემიერებსაც იხილავს. 

340 ფილმი ვახსენეთ და აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ამ ფილმებს შორის, რა თქმა უნდა, იქნება ქართული კინოც. ევროპული კინოს ბაზრობაზე ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იქნება წარმოდგენილი. კინოცენტრის გუნდი არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს, მათ შორის ბერლინის, კანის, სან სებასტიანის, ტორონტოს, ლოკარნოს, ვენეციის, ანსის კინოფესტივალებისა და ევროპის კინოაკადემიის წარმომადგენლებთან.  

ბერლინალეს ბაზრობაზე კი ორ ახალ ქართულ ფილმსაც აჩვენებენ. ლანა ღოღობერიძის “ოქროს ძაფი” და უტა ბერიას ”უარყოფითი რიცხვები” საერთაშორისო მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

ფილმები იქით იყოს და წლევანდელ ბერლინალეზე ქართველებისთვის ყველაზე საამაყო რაც მოხდება, ეს ქართველი მსახიობისთვის, ლევან გელბახიანისთვის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გადაცემაა. ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის ის ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობების ათეულში მოხვდა. გადაწყვეტილება კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო. რამდენიმე დღის მანძილზე მას შესაძლებლობა ექნება ბერლინში შეხვდეს კასტინგის მენეჯერებს, რეჟისორებსა და მსახიობებს. 24 თებერვალს კი ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გადასცემენ. 

და აქვე, ვისაც არ გახსოვთ, გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ამ ჯილდოს იღებს. რამდენიმე წლის წინ ანალოგიური პრიზი ირაკლი კვირიკაძემაც მიიღო, რომელიც ქართველმა და საერთაშორისო მაყურებელმა რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები” შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. 

როგორც ხედავთ, 70 წლის ბერლინალე დანებებას არ აპირებს და იქ ჩასულ სტუმრებს ბევრი სიახლით გვხვდება. მართალია, ბერლინში ძალიან ცივა, მაგრამ წინ იმდენი საინტერესო კინოპრემიერა გველოდება, ამინდზე წუწუნს ვეღარავინ ბედავს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.