ქუჩა და ადამიანები ანტიმოს ნტაგკასის ჯადოსნურ რეალობაში
ანტიმოს ნტაგკასი მოყვარული ფოტოგრაფია, რომელიც თავისუფალ დროს ქუჩებში დადის და ადამიანებს ურბანულ გარემოში აკვირდება. გამვლელებს კედლის მხატვრობის, სარეკლამო ბანერების, მაღაზიების ვიტრინებისა და ქუჩის სხვა დეკორაციების ფონზე იღებს, შედეგად კი საკმაოდ კომიკური შინაარსის გამოსახულებებს ქმნის, იუმორით სავსე კადრებს, რომლებიც კინემატოგრაფიულ სცენებს ემსგავსება.
„ყველაზე მეტად მხიბლავს უცხო ადამიანების ქცევა, როცა არ იციან, რომ ვაკვირდები. ჩემი მთავარი მიზანი მათი პიროვნების ამოხსნა, რეალური ცხოვრების ასახვაა და არა დადგმული ან იმიტირებული სინამდვილის გადაღება“, – ამბობს ფოტოგრაფი.
ანტიმოს ნტაგკასი ბერძენია და ათენში ცხოვრობს. სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ოფიცრის სტატუსით, ბერძნულ შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. ფოტოგრაფია კი, როგორც თავად ამბობს, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მან სამოყვარულო ფოტოების გამოქვეყნება ინსტაგრამის ანგარიშზე დაიწყო და ცოტა ხანში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის ნამუშევრებს ცნობილი ინტერნეტ-ჟურნალები აქვეყნებენ.
„ქუჩაში მუშაობისას ყოველთვის შემთხვევითობის, მოულოდნელობის მისტიკურობის იმედზე ვარ. ფერების, ქუჩის ელემენტებისა და ადამიანების იდეალურად კომბინირებისათვის ზოგჯერ საათობით ლოდინი და დაკვირვება მიწევს. თუმცა, როცა სასურველ კადრს გადავიღებ, ეს სცენა დიდხანს მამახსოვრდება“, – განმარტავს ნტაგკასი.
ანტიმოს ნტაგკასის ფოტოების უმეტესობა ათენის ქუჩებშია გადაღებული, თუმცა, ლონდონის, პარიზის, ნიუ-იორკის და ბუდაპეშტის ქუჩის სცენებიც არანაკლებ საინტერესოა.