fbpx

მივირთვათ თუ არა რძის ნაწარმი?


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

ადამიანი ერთადერთია დედამიწის ზურგზე, ვინც რძეს მოზარდობაშიც მიირთმევს. ბიოლოგიური თვალსაზრისით ძროხის რძე სწრაფად მზარდი ხბოსათვის არის განკუთვნილი. ასეთი რძე შეიცავს ამ პროცესებისათვის საჭირო ცილებს, ცხიმებს და სხვა ნუტრიენტებს, რომელთანაც გამკლავება მოითხოვს სპეციფიკურ ფერმენტებს და საკვების გადამამუშავებელ სისტემას. 

აგროკულტურის განვითარებამდე ადამიანს რძის ნაწარმზე ხელი არ მიუწვდებოდა. ჩვენი ორგანიზმი გენეტიკურად დაახლოებით ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო. 

მიუხედავად ამისა, ადამიანმა რძის ნაწარმი თავისი კვების რეჟიმის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია და მოძებნა გზები მისი სხვადასხვა სახით მისართმევად.

 

ლაქტოზის აუტანლობა და სიმპტომები

 რძისა და რძის ნაწარმის გადასამუშავებლად გვესაჭიროება ფერმენტი ლაქტოზა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით 2-3 წლის შემდეგ საგრძნობლად მცირდება. სწორედ ამის გამოა, რომ  ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს ლაქტოზის გადამუშავება უჭირს (ლაქტოზის აუტანლობა).

ლაქტოზა რძესა და მის პროდუქტებში შემავალი რთული შაქარია, რომელიც გლუკოზასა და გალაქტოზისგან შედგება. როდესაც ორგანიზმს არ შეუძლია ლაქტოზას დაშლა, იგი ნაწლავის მიერ ვერ შეიწოვება. ასეთ შემთხვევაში ხდება მისი ფერმენტაცია, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ სიმპტომებს. ლაქტოზის აუტანლობა არ არის ანომალია, არამედ ჩვენი ორგანიზმის ნორმალური რეაქცია მისთვის უცხო ტიპის ნივთიერებაზე.

 

ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომებია:

  • ტკივილი მუცლის არეში
  • გულისრევის შეგრძნება
  • დაღლილობა
  • შებერილობა და გაზები
  • ყაბზობა და დიარეა
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

ასეთი სიმპტომები რძის ან რძის ნაწარმის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში შეიმჩნევა, თუმცა ლაქტოზის აუტანლობის სიმტომები შეიძლება ქრონიკულიც იყოს და სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციებით გამოიხატოს – ქრონიკული სურდო, ქავილი, გამონაყარი, აკნე, ხასიათის ცვალებადობა და ა.შ. ასევე ხშირია ალერგიები რძეში შემავალ სხვადასხვა ცილებზეც. თუ რძის ან რძის ნაწარმის მირთმევის შემდეგ შენიშნავთ მსგავს სიმპტომებს, სასურველია შეწყვიტოთ მისი მიღება. 

 

რძესა და რძის ნაწარმში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები

ნორმალურ პირობებში გაზრდილი ჯანმრთელი ცხოველისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი უხვად მოგამარაგებთ სასარგებლო ნივთიერებებით. იმისთვის რათა, სრულად მივიღოთ ბენეფიტები, სასურველია რძის ნაწარმი არ იყოს ცხიმ გამოცლილი და რაფინირებული. ეს ნუტრიენტები ძირითადად მის ცხიმშია. ასევე აუცილებელია გამართული საკვების გადამამუშავებელი სისტემის ფუნქცია.

რძის ნაწარმში უხვად გვხდება: კალცი, სელენი, თუთია, კალიუმი, მაგნიუმი, ცხიმური მჟავები, ცილები, D, A, K2, B1, B2, B6 და B12 ვიტამინები.

კარაქი და ერბო საუკეთესო ცხიმია საკვების თერმული დამუშავებისათვის. მათი გაცხელების დროს არ ირღვევა ცხიმის ქიმიური სტრუქტურა. მასში დამზადებული ბოსტნეული გემრიელია და თანაც სასარგებლო. კარაქი და ერბო შეიცავს ბუთირის მჟავას, რომელიც აუცილებელია სწორი ნაწლავის და მასში განთავსებული “კარგი” ბაქტერიებისათვის.

მაწონი და კეფირი წარმოადგენს ფერმენტირებულ რძის ნაწარმს. ამ პროცესის შედეგად რძეში დაშლილია ლაქტოზა, ამიტომ მათი მირთმევა შესაძლებელია ლაქტოზის აუტანლობის დროსაც. ფერმენტირებული რძის ნაწარმში უხვად არის “კარგი” ბაქტერიები – ლაქტობაცილუსის და ბიფიდობაქტერიის სახეობები, რომლებიც აუცილებელია მუცლის ფლორისათვის.  

ყველი, ხაჭო, ნადუღი და არაჟანი ასევე შეიცავს ჩვენთვის სასარგებლო ნივთიერებებს, მაგრამ მათში მაღალია ცხიმების შემცველობა. სასურველია მათი მიღება ნაკლები რაოდენობით (2-3 ნაჭერი ყველი, 1/2 ჭიქა ხაჭო, ნადუღი, არაჟანი).

მოკლედ:

  • რძის ნაწარმი ჯანსაღი კვების რეჟიმის სასურველი კომპონენტია (განსაკუთრებით სასარგებლოა ვეგეტარიანელებისთვის).
  • ყოველთვის აირჩიეთ ცხიმიანი და არარაფინირებული რძის ნაწარმი.
  • მოერიდეთ რძის დალევას, მაგრამ მიირთვით სხვადასხვა სახის რძის ნაწარმი.
  • რძის ნაწარმის მიღების შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმის სიმპტომებს (შესაძლებელია ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ).
  • რძის საუკეთესო პროდუქტი კარაქი, ერბო (ბუთირის მჟავისა და ვიტამინების გამო), მაწონი და კეფირია (ლაქტოზის არარსებობისა და მასში შემავალი “კარგი” ბაქტერიების გამო).
  • აუცილებლად შეიძინეთ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ცხოველისგან მიღებული რძის ნაწარმი. 
  • რძის ნაწარმი ყველასთვის არ არის. ზოგიერთისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლებელია მათი მიღება არ იყოს მიზანშეწონილი.
  • რძის ნაწარმის მიღების საუკეთესო დრო შემოდგომა და ზამთარია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.