fbpx

85 წლის ჯეინ გუდოლი პირობას დებს, რომ გაეროს კამპანიის ფარგლებში 2020 წლის განმავლობაში 5 მილიონ ხეს დარგავს


გააზიარე სტატია



ავტორი: Jisha Joseph

გარემოს დამცველები დეფორესტაციას ათწლეულობის განმავლობაში აპროტესტებდნენ. მათი გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად, აემაღლებინათ ცნობიერება ტერიტორიის გაუტყევების საფრთხეთა შესახებ, მსოფლიო მეტ-ნაკლებად აიგნორებდა. 

დღესაც კი გაზეთების სათაურებიდან ყოველდღიურად ვიგებთ, რომ ინდუსტრიული გიგანტები მაინც აგრძელებენ ტყეებში უმოწყალო ომს. რაც  უნდა უიმედოდ გვეჩვენებოდეს ეს მდგომარეობა, ისტორიამ გვასწავლა, რომ თუ ადამიანები გაერთიანდებიან, ყველაზე დაუჯერებელი მიზნებიც კი განხორციელდება.

დოქტორმა ჯეინ გუდოლმა, თავის მხრივ, კარგად იცის ამ ფაქტის შესახებ და გადაწყვეტილი აქვს, სახეობათა შენარჩუნებისა და პლანეტის გადარჩენის საქმეში თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს. პრიმატოლოგმა და ჯეინ გუდოლის ინსტიტუტის დამფუძნებელმა ახლახან განაცხადა, რომ 2020 წელს გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP) თანამშრომლობით, 5 მილიონი ხის დარგვას აპირებს და ასევე თითოეულ ჩვენგანს მოუწოდებს, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით. 

ჯეინ გუდოლის ინსტიტუტის ვებგვერდზე ვკითხულობთ: “პროექტი “1 ტრილიონი ხე” გვთავაზობს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომელთა საშუალებითაც მთელ მსოფლიოში ასიათასობით ხეების დარგვითა და ტყის აღდგენით დაკავებული დიდი და მცირე ჯგუფები ერთმანეთს დაუკავშირდება. 

 

გამწვანების გლობალური საზოგადოების შექმნა საჭირო დაფინანსების მოძიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საშუალებას იძლევა. მე სიამაყით ვიუწყები, რომ ჩვენმა პროგრამამ Roots & Shoots, რომელიც ახალგაზრდებს სამოცი სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს, აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება, რომ 2020 წლის განმავლობაში 5 მილიონი ხე დარგოს. სწორედ ახლა არის ის დრო, როცა ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა პლანეტის გადარჩენაში.

ვებგვერდის თანახმად, ჯეინ გუდოლის ინსტიტუტი დიდი ხნის განმავლობაში აფრიკაში ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობდა და ჩართული იყო შიმპანზეთა კონსერვაციის პროცესში. 

არსებულმა გამოცდილებამ ინსტიტუტს ეფექტური მიწათსარგებლობისა და ტყის ნაკრძალების გეგმის შემუშავება გაუადვილა. პროგრამა Roots & Shoots მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას გახდნენ გარემოსდაცვითი აქტივისტები იმ სასწავლო პროექტების საშუალებით, რომლებიც აღადგენენ ან სრულიად ანაცვლებენ ტყეებს.


2020 წელს პროგრამა Roots & Shoots და მისი პარტნიორები 60 ქვეყნიდან  5 მილიონ ხეს დარგავენ, რათა მიუახლოვდნენ გაეროს კამპანიის (1 ტრილიონი ხე) მიზანს.

ეჭვგარეშეა, რომ მათი წვლილი ძალიან დიდია – კამპანიის თანახმად, “გლობალური რეფორესტაცია CO2-ის ემისიას ¼-ით შეამცირებს.

დოქტორ გუდოლს თავისი წვლილი შეაქვს, შენ რას აკეთებ ამ დროს?

ორიგინალი:https://apsari.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.