იაპონური კონცეფცია, რომელმაც ჩემი ძველი სპორტული ფეხსაცმლის აღდგენა შთამაგონა
ავტორი: Kaki Okumura
ჩემს სპორტულ ფეხსაცმელს ძირზე უკვე ნახვრეტები გასჩენოდა, თეთრი ტყავი კი ფერფლისფრად გადაქცეულიყო, ჟანგიანი იყო თასმის გასაყრელებიც. ისინი პოლიეთილენის პარკში მოვათავსე და მზად ვიყავი ნაგვის ურნისკენ წასასვლელად, როდესაც დედაჩემმა კარში შემაჩერა.
“Kaki-chan! ეს ხომ mottainai-ა”.
იაპონურად “mottainai” მფლანგველობას ნიშნავს. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ უყაირათო ვიყავი, ამ ფეხსაცმელს ხომ ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვიყენებდი, ისინი კი იმდენად დაზიანებულიყო, რომ ყოველი წვიმისას ფეხები მისველდებოდა. მაშინ ხელფასი ახალი აღებული მქონდა და ვფიქრობდი, რომ უკვე უკეთესს ვიმსახურებდი – დრო იყო ახლებით ჩამენაცვლებინა.
“კარგი, თუ ასე ძალიან გსურს, შეგიძლია გადაყარო, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან”, – მითხრა დედამ.
პოლიეთილენის პარკი კართან დავტოვე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მას ურნაში მაშინ გადავუძახებდი, როცა დედა თვალს მიეფარებოდა.
შემდეგ დავბრუნდი ჩემს ოთახში და Instagram-ზე ახალი ფეხსაცმლის თვალიერება დავიწყე. Nike Air Force 1s როგორი იქნება? იქნებ ჯობს Converse ვიყიდო? Adidas Continental 80s-იც მშვენივრად გამოიყურებოდა.
სპორტული ფეხსაცმლის სამყაროში ჩაღრმავებისას თვალი მომჭრა ვიდეოებმა იმის შესახებ, თუ როგორ იღებდნენ მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ ფეხსაცმელს და მის მოხატვას იწყებდნენ.
ზოგიერთი ფეხსაცმელს ბზინვარებას სძენდა, ზოგიერთი კი სხვადასხვა ფიგურას დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ახატავდა. ეს ვიდეოები მაჰიპნოზებდა. ძალიან მომწონდა იმის ყურება, თუ როგორ შთამბეჭდავად წარმოაჩენდნენ მხატვრები ფეხსაცმლის ფერებსა და დამაინტრიგებელ დიზაინს.
მე ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ახერხებდნენ ჩვეულებრივი ფეხსაცმლისთვის ინდივიდუალობა მიენიჭებინათ. ის, თუ როგორ ეპყრობოდნენ ისინი ტყავს, ზრუნავდნენ მასზე და სძენდნენ ახალ სიცოცხლეს – ერთგვარი თერაპია იყო. მოულოდნელად ვიფიქრე, რომ ჩემს ძველ ფეხსაცმელშიც არსებობდა სიცოცხლის ნიშანწყალი.
იაპონურ კულტურაში mottainai-ის კონცეფცია სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ რაღაც ღირებულს გადაგდებას ვუპირებთ.
ადამიანები ხშირად იყენებენ ამ მეთოდს, რათა ბავშვებს საკუთარი ნივთების მოფრთხილება და ზრუნვა ასწავლონ. ყოველდღიურ ცხოვრებაში mottainai შესაძლოა განიცადოს ნებისმიერმა ადამიანმა, როცა იგი ძველი ნივთის გადაგდებას და ახლის შეძენას დააპირებს.
Amazon Prime-ის ეპოქაში ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მყისიერად შეგვიძლია. თუმცა კონსუმერიზმი შეზღუდულია.
Mottainai – ეს არის თვითანალიზი, რომელიც წამიერად გვაჩვენებს არსებული, უკვე გაფერმკრთალებული ნივთების ღირებულებას. მას მოაქვს ისეთი სიმშვიდისა და სიამოვნების განცდა, რასაც ახალი და ბრწყინვალე ნივთები ვერ გამოიწვევს.
მეორე დილას კართან დადებული პოლიეთილენის პარკიდან ფეხსაცმელები ამოვიღე. ძველი კბილის ჯაგრისისა და მათეთრებელი პასტის გამოყენებით, წრიულად დავიწყე წარსულში თეთრი ტყავის გაწმენდა. თავი არაკომფორტულად ვიგრძენი, რაკი ძველი და სველი ფეხსაცმელი მეჭირა ხელში, მაგრამ თანდათან ამ პროცესისგან სიამოვნებაც კი მივიღე. ვუყურებდი და ვხედავდი, თუ როგორ გადაიქცა თეთრი კბილის პასტა ღია ნაცრისფერ ქაფად, პატარა ბუშტები კი ნელ-ნელა აშორებდნენ ტყავის ზედაპირიდან ნაცრისფერ გრიმს.
ფეხსაცმლის თასმები გავრეცხე, შევცვალე თასმის გასაყრელი რგოლები, და შემდეგ ნახვრეტების ამოსავსებად მეწაღესთან მივიტანე.
შემავსებელი ოდნავ განსხვავებული ფერის აღმოჩნდა, მაგრამ ეს მე ძალიან მომეწონა. მოულოდნელად ჩემმა ფეხსაცმელებმა ინდივიდუალობა შეიძინა და სამყაროში ერთადერთი გახდა.
ფეხსაცმლის გარეცხვასა და აღდგენაში დახარჯული დრო თავისუფლად მეყოფოდა, რომ ახალი ფეხსაცმელი ონლაინ შემეძინა. ფეხსაცმლის აღდგენის პროცესს ჩემთვის არც ფული დაუზოგავს, რადგან შეცვლილი დეტალები 50 დოლარი, ხოლო პროფესიონალური აღდგენა 25 დოლარი დამიჯდა. mottainai არ გვიბიძგებს ხელმომჭირნეობისკენ. ის კონსუმერიზმის საწინააღმდეგო კულტურაა, რომელიც საყვარელ ნივთებზე ზრუნვასა და ამით მიღებულ სიამოვნებას გულისხმობს. ახლა უკვე სიამაყით ვიცვამდი ჩემს განახლებულ ფეხსაცმელებს და ვხვდებოდი, რომ დედაჩემი მართალი იყო – მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ სიცოცხლის უნარი.
ორიგინალი:https://forge.medium.com/