fbpx

ცხოველებისა და ფრინველების მოძრაობის აღბეჭდვით გატაცებული ფოტოგრაფები


გააზიარე სტატია


სხვადასხვა ობიექტების მოძრაობის ასახვას კაცობრიობა უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ „გამოქვაბულის მხატვრობის“ პერიოდიდან ცდილობდა. ესპანეთისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირველყოფილი ადამიანები ცდილობდნენ ცხოველების მოძრაობის სხვადასხვა ფაზა კედლებზე გადაეტანათ, ამისათვის კი ოთხ ფეხთან ერთად კიდევ ორს ახატავდნენ და ასე ქმნიდნენ ცხოველების სირბილის ეფექტს.

ვიზუალურ ხელოვნებაში მოძრაობის ასახვის მცდელობები, სხვადასხვა ეპოქებსა თუ კულტურებში, განსხვავებული  ფორმებით გრძელდებოდა. გარღვევა მოხდა მე-19 საუკუნეში კინემატოგრაფის წინამორბედის – ქრონოფოტოგრაფიის დაბადებით,  რომლის პიონერებიც ანგლო-ამერიკელი ფოტოგრაფი ედვარდ მაიბრიჯი და ფრანგი მეცნიერი ეტიენ ჟიულ მარე იყვნენ. ამ უკანასკნელმა გამოიგონა ე.წ. ფოტოგრაფიული თოფი, რომელშიც შუშის შუქმგრძნობიარე ფირფიტასთან ერთად იდო საათის მექანიზმის მოძრავი მოწყობილობა, ფირფიტა ტრიალებდა და წამში რამდენიმე კადრს იღებდა. ფრანგმა მეცნიერმა ამ აპარატით ფრინველების მოძრაობა ასახა. 

ცხოველებისა და  ფრინველების მოძრაობის ფოტოგრაფიის ენით გადმოცემის ინტერესი დღესაც არსებობს. მაგალითად, ბარსელონელი ფოტოგრაფი ხავი ბოუ ბუნებისმეტყეველებისა და ხელოვნების ერთგვარ სინთეზს ახდენს და უხილავს ხილულს ხდის.  მის ფოტოებზე ნაჩვენებია ის, რასაც რეალურ ცხოვრებაში თვალი ვერ აფიქსირებს – ფრინველების მიერ ჰაერში დატოვებული კვალი.

„ბუნება ბავშვობაში შემიყვარდა. ბაბუასთან ერთად ტყეში ხშირად ვსეირნობდით და ფრინველებს ვაკვირდებოდით, ვსწავლობდით. თანდათანობით ეს ცნობისმოყვარეობა ცხოვრების წესში გადაიზარდა. დღეს კი ვცდილობ ფრინველების ყოფა განსხვავებული კუთხით გამოვიკვლიო, ახლებურად აღვიქვა და სხვასაც გავუზიარო“, – წერს ფოტოგრაფი. 

ბარსელონელ ფოტოგრაფს ფრინველთა „ნაკვალევის“ გადაღების იდეა სპონტანურად გაუჩნდა, როცა ტყეში სეირნობისას ცხოველის ნაკვალევს გადააწყდა და უკვე მერვე წელია, რაც ცაში ფრინველთა მოძრაობას ვიზუალურად ასახავს. ხავი ბოუს თქმით, მისი მიზანი ფრინველთა ფრენის სილამაზის დაფიქსირება და ამ გზით ბუნების მშვენიერების ადამიანებისთვის შეხსენებაა. 

ხავი ბოუ სასურველი შედეგის მისაღებად  4K რეზოლუზიით შენელებულ ვიდეოს იღებს და 500-დან 5 ათასამდე კადრს ერთ ფოტოში აქცევს. საინტერესოა ისიც, რომ პროექტის დასაწყისში ფოტოგრაფი ფრინველების „ნაკვალევს“ პეიზაჟის და ცის ფონზე ასახავდა. მოგვიანებით მიდგომა შეცვალა – ფოტოდან პეიზაჟები, ცა და ფერებიც გააქრო, რათა აქცენტი ფრენის მშვენიერებაზე გაემახვილებინა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.