fbpx

Geostalk – მიტოვებული ადგილების ქართველი ენთუზიასტები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ინტერნეტ-პლატფორმებზე ხშირად შეგვხვედრია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიტოვებული ადგილების ფოტო თუ ვიდეომასალა. ასეთი ადგილები ყოველთვის იპყრობს ადამიანების ყურადღებას, არა მხოლოდ მათი ვიზუალით, არამედ იმ განწყობითაც, რაც მათგან მოდის. 

შეიძლება ითქვას, მიტოვებული ადგილების მთავარი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ეს ობიექტები მოცემულ მომენტში ადამიანის ჩარევისაგან დაცულნი არიან და დროსთან ერთად საინტერესო ფორმას იღებენ. მიტოვებული და ადამიანისათვის რთულად მისადგომი ადგილების ძიებას, ამ წერტილებში მოგზაურობას, მათ კვლევას, ფოტო და ვიდეოგადაღებას ე.წ. Urban Exploration – ურბანული კვლევების მიმართულება აერთიანებს.

გარკვეული პერიოდის წინ ამ საქმიანობით  მხოლოდ კონკრეტული სფეროს სპეციალისტები იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, ეს მიმართულება უფრო პოპულარული გახდა. 

თუ Facebook-ზე ჯერ კიდევ არ შეგხვედრიათ გვერდი GEO STALK, გირჩევთ მოინახულოთ, რადგან ამ გვერდის მეშვეობით ისეთ ადგილებს აღმოაჩენთ, რომელთა შესახებ აქამდე შესაძლოა არც იცოდით.

GEO STALK ქართული პროექტია, რომელიც გიჩვენებთ დიდი ხნის წინ მივიწყებულ და მიტოვებულ ადგილებს, აქამდე უცნობ მღვიმეებს და  ქალაქების ხედებს არასტანდარტული რაკურსიდან.

GEO STALK-ის, პლატფორმის კონცეფციისა და მიმართულების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის დამფუძნებელთან, რომელმაც ანონიმურობა ამჯობინა: 

ვრცლად რომ მოგვიყვეთ, რას მოიცავს პროექტი?

GEO STALK არაკომერციული პროექტია, რომელიც ვრცლად განიხილავს Urban Exploration-ს. ამ მიმართულებას შეგვიძლია ჰობიც ვუწოდოთ და ის ემსახურება იმ ადგილების კვლევასა და აღბეჭდვას, რომელიც ადამიანის თვალისათვის არის დამალული. Urban Exploration-ის მიმართულება დღეს მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ პოპულარულია და მისი ერთ-ერთი სახეობა  ინდუსტრიული ტურიზმია. 

პროექტ GEO STALK-ის იდეაც სწორედ ეს არის – აღმოაჩინოს მიტოვებული და მივიწყებული ადგილები, ობიექტები, რომელთა მახლობლადაც შესაძლოა ხშირად დავდივართ, თუმცა ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. GEO STALK ამ სივრცეების კვლევას,  ფირზე აღბეჭდვას გულისხმობს, ისე რომ მნახველმა მათი რეალური სილამაზე, ესთეტიკა და ღირებულება შეიგრძნოს. 

 

როგორია უცნობი ადგილების აღმოჩენის პროცესი, როგორ პოულობთ ობიექტს, რომლის საკვლევად და გადასაღებადაც მიდიხართ?

ობიექტის მოძიება ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. ძიებისათვის კარგი ინსტრუმენტია ინტერნეტი, კონკრეტულად კი Wikimapia. ეს არის ღია რუკა, გეოგრაფიული ონლაინ-ენციკლოპედია, რომელიც დედამიწის სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტებს აღნიშნავს. რამდენადაც ეს „ვიკიმაპია“ ინტერაქციულია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაამატოს სხვადასხვა ობიექტები. ამ პლატფორმაზე შეიძლება შეგხვდეს აღნიშვნა, რომ კონკრეტულ ადგილას არის, მაგალითად,  მიტოვებული ქარხანა. 

გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს ინფორმაცია, თუნდაც დაუდასტურებელი, რომ კონკრეტულ ადგილას რაიმე საინტერესო ობიექტია. ეს ამბავი  შესაბამისი ინტერესების ადამიანებში მარტივად ვრცელდება. 

დისტანციურად აღმოჩენილი ობიექტი პირადად უნდა შეამოწმო, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, როცა მათი არსებობა გადმოცემით იცი, წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ,  რეალურად დაგხვდება თუ არა ეს სივრცეები. თუმცა, ის მაინც გეცოდინება, რომ ამ ობიექტების არსებობა ლეგენდაა, რაც ასევე კვლევის ნაწილია. 

GEO STALK-ის კონცეფცია კონკრეტული ობიექტის ისტორიის კვლევასაც მოიცავს? 

ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი პროცესია. ადგილის  ათვისება, ფოტო და ვიდეოგადაღება ამაზე გაცილებით მარტივია, თუ გარკვეულად მომზადებული ხარ და შესაბამისი უნარები გაქვს. თითოეული ობიექტი GEO STALK-ისათვის ერთი დამოუკიდებელი პროექტია. 

თუ კონკრეტული ადგილი ამის საშუალებას იძლევა, ცხადია, კვლევის ნაწილი მისი ისტორიის გაგებაც არის – რა იყო ადრე ამ ადგილას, როგორი დანიშნულებით იყენებდნენ ამ ობიექტს, რამ განაპირობა მისი ამჟამინდელი უფუნქციობა. ამ პროცესს სხვადასხვა წყაროებისკენ მივყავარ – ვეძებ არქივში, სხვადასხვა ფორუმზე. ძიებას ისიც ართულებს, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში მიტოვებულ ადგილებზე ინფორმაცია თითქმის არ არის. 

ზოგჯერ ობიექტი იმდენად დიდ ინტერესს იწვევს, რომ შესაძლოა ჩავიდე და მიმდებარედ ადგილობრივები გამოვკითხო. როცა ვიზუალურ მასალასთან ერთად, ინფორმაციაც მზად მაქვს, მხოლოდ ამის შემდეგ ვაქვეყნებ სოციალურ ქსელში. ვცდილობ, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული მასალა ორენოვანი იყოს და შესაბამისად, სხვა ქვეყნის მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი. 

 

რამდენად უწყობს ხელს მსგავსი პროექტები ტურიზმის განვითარებას? პირადი მაგალითით თუ გქონიათ შემთხვევა, როცა GEO STALK-ის გვერდზე განთავსებული ვიზუალური მასალის ნახვის შემდეგ ადგილობრივები ან უცხოელი ტურისტები დაგკონტაქტებიან და ამ ობიექტების ნახვის სურვილი გამოუთქვამთ?

ფოტოები და ვიდეოები, მით უმეტეს საინტერესო რაკურსით გადაღებული, ყოველთვის იწვევს ადამიანში ამ ობიექტის მონახულების სურვილს. ამის კარგი მაგალითია წყალტუბოს შემთხვევა. როცა საერთაშორისო პლატფორმებზე წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმის ფოტოები გავრცელდა, უამრავი ტურისტი ეწვია მას. 

უნდა აღინიშნოს, რომ ინდუსტრიული ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ადამიანებს რაღაც ახლის აღმოჩენა უნდათ, ისეთი რამის ნახვა, რაც იდუმალია, ადამიანის ჩარევისაგან დაცულია. კვლევის პროცესი სწორედ ის კომპონენტია, რაც ურბანულ ტურიზმს ასეთ მიმზიდველს ხდის. 

ასეთი ობიექტები არა მხოლოდ ტურისტების, არამედ რეჟისორების, ფოტოგრაფების, კინოსტუდიების ყურადღებას იქცევს. მე, პირადად, გვერდის მეშვეობით, არაერთი ქართული კინოსტუდია დამკავშირებია და კონკრეტული ადგილი  უკითხავს. მეც მიმისწავლებია და ამიხსნია, თუ რა უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოების ნორმების დაცვისას. 

 

გამოდის, რომ ეს პროექტი ერთგვარი გზამკვლევიც არის მათთვის, ვისაც მიტოვებული ადგილების პოვნა სხვადასხვა მიზნით უნდა.

გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა, ობიექტების კოორდინატებს ყველას არ ვეუბნები. როგორც წესი, ამ ადგილებს არ ვასაჯაროვებთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ობიექტებს ის ხელშეუხებლობა შევუნარჩუნოთ, რის გამოც არის ასეთი ფასეული. 

რამდენჯერმე ყოფილა, როცა უბრალო დაინტერესებული პირისათვის მიმისწავლებია კონკრეტული ადგილი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩავსულვარ და ნაგავსაყრელად გადაქცეული და გრაფიტით მოხატული  დამხვედრია. სწორედ ამიტომ, მხოლოდ გამონაკლისის სახით მივასწავლი ხოლმე, თუ როგორ უნდა მიაგნონ სასურველ მიმართულებას, ისიც მაშინ, როცა რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ობიექტს არ დააზიანებენ. 

 

პროექტი ამ ეტაპზე არაკომერციულია, გაქვთ  რაიმე დაფინანსება თუ მხოლოდ თქვენ უზრუნველყოფთ GEO STALK-ის საქმიანობას?

პროექტის ერთადერთი შემოსავალი ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის მცირედი შემოწირულობებია. Youtube-ის არხიც ჯერ არ არის იმდენად პოპულარული, რომ GEO STALK-ს  ამან გარკვეული შემოსავალი მოუტანოს. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ პროექტი სრულიად ჩემს გატაცებაზეა აგებული. 

 

რა გზით შეუძლია დაინტერესებულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ერთჯერადად ჩაერთოს პროექტის საქმიანობაში –  მოინახულოს მიტოვებული ადგილები და აღბეჭდოს ისინი?

დაინტერესებულები ხშირად მწერენ და მთხოვენ გიდობა გავუწიო. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ვიღებ მსურველების რეალური ინტერესებიდან გამომდინარე. თუ მივხვდი, რომ მათთვის მიტოვებული ადგილების მონახულება ისეთივე დიდი სიამოვნებაა, როგორც ჩემთვის და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ გამოცდილებას, მაშინ უარს არ ვეუბნები. 

გიდობაც  არაკომერციულია და მხოლოდ დანახარჯის ანაზღაურებას ან უზრუნველყოფას გულისხმობს, როგორიც არის მაგალითად, ტრანსპორტირება. თუმცა, ამ დროს აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რაზეც დეტალურ ინსტრუქტაჟს ვუტარებ. მიტოვებული ადგილების შემთხვევაში, არასდროს იცი ობიექტი რა მდგომარეობაშია, ამიტომ წინასწარ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე პროექტი და პირადად მე პასუხს არ ვაგებთ. 

 

უსაფრთხოების ნორმებზე რომ ვისაუბროთ, რეალურად რა უნდა გავითალისწინოთ, თუ ეს მიმართულება გაგვიტაცებს?

Urban Exploration ერთგვარად ექსტრემალური მიმართულებაა – ის ფიზიკურ მომზადებას, უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით ზუსტად ცოდნას, ფიზიკურ მომზადებას და კონკრეტულად ამ მიმართულებისათვის დამახასიათებელი დეტალების ცოდნას მოითხოვს. 

მაგალითად, არ უნდა გქონდეს სიმაღლის, სიბნელის და დახურული სივრცის ფობია. მიტოვებულ ადგილებში მოგზაურობა ისედაც გარკვეულ შიშთან არის დაკავშირებული, ვისაც ფობია აქვს,  შესაძლოა პანიკური შეტევა დაემართოს. სწორედ ამის გამო, თუ ვინმეს ვუწევ გიდობას, ამ დეტალებს ყოველთვის ზედმიწევნით გამოვკითხავ ხოლმე.  

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ობიექტები სხვადასხვა სირთულით გამოირჩევა, ზოგიერთი მათგანის მონახულებისა და კვლევისათვის ფიზიკური ძალაა საჭირო, ასეთ შემთხვევაში GEO STALK-თან ერთად გამოცდილების გაზიარების მსურველებს წინასწარ უტარდება ტესტი და ინსტრუქტაჟი, რათა გაუთვალისწინებელ უსიამოვნებებს თავი ავარიდოთ. 

 

GEO STALK-ის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელ ქართულ რეგიონს გაუწევდით რეკომენდაციას? 

იმერეთი. წყალტუბო, ჭიათურა. საოცარი ობიექტებია, როგორც სანახავად, ასევე გადასაღებად და საკვლევად. 

რა არის ის ძირითადი სირთულეები, რასაც  აწყდებით სხვადასხვა მიტოვებული ადგილის მონახულებისას? 

ზოგიერთ ადგილზე პრობლემაა მისვლის ნებართვა. მაგალითად, არსებობს საკმაოდ საინტერესო ობიექტები, რომლებიც კერძო საკუთრებაშია მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ უფუნქციოა, შესაძლოა აღარც ტერიტორიაზე იყოს განთავსებული, რომელიც კერძო პირს ან ბიზნესს ეკუთვნის. 

 

როდესაც ვსაუბრობთ ამ მიმართულების, როგორც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ კარგ საშუალებაზე, მეორე მხარეს არის თვითონ იდეა – უცნობი, მიტოვებული ადგილების თავად აღმოჩენის ხიბლი. როგორც GEO STALK-ის დამფუძნებელი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გზა, რომ ხელისფლებამ გარკვეულწილად გამოიყენოს ეს მიმართულება ტურიზმის განვითარებისათვის ისე, რომ თავად ურბანული კვლევების და ინდუსტრიული ტურიზმის იდეა არ დაიკარგოს?

რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არის ის, რომ ადგილები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების როლი, შესაძლოა ლიცენზიების გაცემასა და სხვადასხვა სივრცეში შეღწევის ნებართვების სისტემის შემოღებაში იყოს. 

ამ მხრივ ისეთ პროექტებს, როგორიც არის GEO STALK, გაუმარტივდებოდათ გიდობა და ამ საქმიანობის განვითარება. რაც შეეხება საჯარო ინტერესს, კონკრეტული ობიექტის სანახავად ჩამოსული ტურისტი მხოლოდ იმ ადგილას არ მიდის, ის ქვეყანაში რჩება ტურისტად, ხარჯავს ფულს, ქირაობს მანქანას, საცხოვრებელს, მოიხმარს საკვებს – ეს ქვეყნისათვის თავისთავად ნიშნავს ეკონომიკურ სარგებელს.

 

საქართველოს გარდა, GEO STALK სხვა ქვეყნებშიც მოგზაურობს. რომელია  ყველაზე საინტერესო მიმართულება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა?

ამ შემთხვევაშიც ცალსახა პასუხი მაქვს – უკრაინა. ურბანული ობიექტებით, მათი მნიშვნელობით თუ რაოდენობით, მდგომარეობით, ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და კვლევების შესაძლებლობის კუთხით, ჩვენი ინტერესების ადამიანებისათვის ეს ქვეყანა ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. პოლიციაც ინფორმიერებულია, რადგან იმდენად ხშირად ჩადიან დაინტერესებული ტურისტები, რომ ეს უკვე კულტურის ნაწილად იქცა. 

 

სამომავლოდ როგორ ხედავთ GEO STALK-ის, როგორც პროექტის განვითარების გზებს?

GEO STALK-ის განვითარებას ტურიზმის მიმართულებით განვიხილავ. ვფიქრობ, ორიგინალური და ობიექტურად პერსპექტიული პროექტია. საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დაგროვდა, იმისათვის რომ პროექტმა ინდუსტრიული და ურბანული ტურიზმის მიმართულებით ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოს. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.