fbpx

ქსოვილებით შექმნილი უნიკალური პორტრეტები, რომლებიც შავკანიანი ადამიანების ისტორიებს ინახავს


გააზიარე სტატია

ამერიკელი ხელოვანი ბისა ბატლერი საკუთარ თავს პორტრეტების მხატვარს უწოდებს, მაგრამ ის კონცეპტუალური მიდგომებით ნამუშევრებს ქვილთისა და ძაფებისგან ქმნის. „ქვილთი“ ერთ-ერთი უძველესი ტექნიკაა, როდესაც კომპოზიცია პატარ-პატარა ნაჭრებისა და ნაქსოვი ტექსტილებისგან იქმნება. ბატლერი გასაოცარი ლირიზმით გადმოსცემს შავკანიანი ადამიანების ისტორიებს, რომლებიც  დავიწყებულია ან უგულებელყოფილი.

 

ბისა მხატვრობაშიც გადის პრაქტიკას, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს,  ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ შემოქმედებითი მუშაობის ამ მიმართულებით გაგრძელებისთვის საკმარისი შთაგონება აღარ აქვს. სამხატვრო განათლების დამამთავრებელ კლასში ყოფნისას მან პატარა ქვილთი შექმნა ლანდშაფტის დიზაინით. ”იმ მომენტში გავაცნობიერე, რომ ნამუშევრების შესაქმნელად ბოჭკოვანი ქსოვილებით მანიპულირება შემეძლო, მაშინაც კი, როდესაც ჩემი შვილების გვერდით ვიჯექი, – აღნიშნა მან. –  დედა და ბებია ყოველდღე კერავდნენ ტანსაცმელსა და სახლის დეკორაციებს, მათ მასწავლეს, რამხელა ძალა აქვს, როცა  რაღაცას თავად ქმნი”.

 

ბატლერი თავდაპირველად ოჯახის წევრებს “ხატავდა”, ახლა კი სხვადასხვა საჯარო ბაზებიდან არჩევს სასურველ ფოტოებს და მათგან იღებს შთაგონებას. ის  ჯერ ნიმუშისთვის დეტალურ ნახაზს ქმნის და მასზე ქსოვილით იწყებს მუშაობას. თითოეულ ნაჭერს დიდი ყურადღებით ჭრის, რათა ესკიზს მოარგოს. ამ პროცესს დაახლოებით 200 საათი სჭირდება, რის შემდეგაც ყველაფერს ქვილთის მანქანით კერავს. ”ჩემი მანქანა 12 მეტრი სიგრძისაა და ძაფებით ეფექტურად მუშაობის საშუალებას მაძლევს. ნაკერებს კი აფრიკელების ხვეული თმისა და ვარცხნილობის გამოსაკვეთად ვიყენებ.”


”მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ჩვენი ტრადიციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ისტორიაში დაიკარგება. აფროამერიკელები თავიდან  ქვილთინგის ტექნიკას საჭიროების გამო იყენებდნენ, რათა სამშობლოსგან მოშორებით სხვა ადგილებშიც შეენარჩუნებინათ სითბო. ქვილთი ძირითადად ჩვრისგან იყო შექმნილი, რადგან სხვა რესურსი არ ჰქონდათ და ისიც საბოლოოდ იშლებოდა”,  – განაცხადა მხატვარმა.

ბისა აღნიშნავს, რომ მისი ნამუშევრები ტრადიციებს ახსენებს, მაგრამ მთავარი განსხვავება ისაა, რომ ისინი დასათვალიერებლადაა შექმნილი და არა გამოსაყენებლად. ქსოვილები საკმაოდ ძვირად ღირებულია, მაგრამ მათთან ერთად ის ნაჭრებიც არის გამოყენებული, რომლებიც ბატლერს ბებიამ და დედამ აჩუქეს. 

 

ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.