კვირის აფიშა “5WS” 24 თებერვალი – 1 მარტი
ტრადიციულად გთავაზობთ AT.ge-ის შერჩეულ საყურადღებო და საინტერესო მოვლენებს მიმდინარე კვირისთვის. “კვირის აფიშა – 5WS” – თქვენი გზამკვლევი კვირის დასაგეგმად – მზადაა ამ კვირის რამდენიმე საინტერესო ივენთი გაგიზიაროთ.
ორშაბათი, 24 თებერვალი
ამბობენ, კარგი შთაბეჭდილებები მთელი კვირა შენთან რჩება და განწყობას გიქმნისო. სწორედ ამიტომ, ორშაბათს შეგიძლიათ სამეფო უბნის თეატრს ეწვიოთ და ლეგენდად ქცეული ნიკა თავაძის სპექტაკლი “მოახლეები” ნახოთ. სპექტაკლში მძაფრი გრძნობებით, სიყვარულითა და ღალატით სავსე ისტორია იქნება წარმოჩენილი. როგორც გვპირდებიან, 1940-იანი წლების პარიზული ისტორია გულგრილს არ დაგტოვებთ.
სამშაბათი, 25 თებერვალი
მოძრაობის თეატრი წარმოგიდგენთ პროექტს – “Jam Session” – ქართველი და უცხოელი მუსიკოსებისა და ინსტრუმენტალისტების მიერ შერულებულ იმპროვიზებულ მუსიკას, რომელიც 25 თებერვლიდან ყოველ სამშაბათ საღამოს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ. გირჩევთ, გადატვირთული კვირის ენერგიულად გასაგრძელებლად, მოძრაობის თეატრს ეწვიოთ და გახდეთ ამ სიახლის ნაწილი.
ოთხშაბათი, 26 თებერვალი
ალბათ, განსაკუთრებული სიხარულია ლევან ბერძენიშვილის მოსმენა მათთვის, ვისთვისაც ლიტერატურა მამოძრავებელი ძალაა. ყველას, ვინც თავს ასეთ ადამიანებს მიაკუთვნებს, აქვს შესაძლებლობა ნაძალადევის მედიათეკაში ლევან ბერძენიშვილს მოუსმინოს, რომელიც თანამედროვეობაში ლიტერატურის როლზე ისაუბრებს.
ხუთშაბათი, 27 თებერვალი
21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები იმაზე მეტად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ვიდრე მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) გადაწყვიტა ციფრული გამოძიების ანალიტიკოსების – „ციფრული შერლოკების“ – ქსელის აშენება, რომლებიც იძიებენ უსაფრთხოების, ტექნოლოგიების და დემოკრატიის სფეროში მიმდინარე მოვლენებს. ვისაც ამ ერთი შეხედვით რთული მექანიზმის მუშაობა და გამოყენება გაინტერესებთ, მასტერკლასი გელოდებათ, სადაც ნახავთ, თუ რამხელა ძალა აქვს ღია წყაროების ანალიზს და როგორ იყენებს DFRLab მას თავის პრაქტიკაში.
პარასკევი, 28 თებერვალი
თეატრის მოყვარულთათვის პარასკევი საღამო შესაძლოა, დაუვიწყარი ემოციისა და თავგადასავლის მომტანი აღმოჩნდეს. ამისთვის უბრალოდ საჭიროა მარჯანიშვილის თეატრში წახვიდეთ და პრემიერას, “კრეიცერის სონატას” დაესწროთ. ლევან წულაძისა და თემო კუპრავას ახალი სპექტაკლი ლევ ტოლსტოის მიხედვით არის დადგმული და მასში ყველასთვის საყვარელი მსახიობები მონაწილეობენ.
შაბათი, 29 თებერვალი
ალისფერი ანგელოზები • Conceptart – თბილისის კონსერვატორია გამორჩეულ მუსიკისა და სიტყვის სინთეზით შექმნილ საღამოზე გელოდებათ მათ, ვისთვისაც მუსიკა და მასთან დაკავშირებული სიახლეები ცხოვრების მნიშვნელოვანი, განუყოფელი ნაწილია. აღიარებული არტისტების – გიორგი ცაგარელის (ალტი), გიორგი გიგაშვილის (ფორტეპიანო) და ერეკლე დეისაძის კოლაბორაცია ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულს გპირდებათ. რომ აღარაფერი ვთქვათ ნაწარმოებების პრემიერაზე, რომლებიც საღამოსთვის ნიკოლოზ რაჭველმა და ალექსანდრე კორძაიამ / KORDZ შექმნეს.
კვირა, 1 მარტი
თუ მთელი კვირის განმავლობაში დატვირთულები იყავით და ვერ შეძელით სახალისო და სასიამოვნო საქმისთვის გულის გადაყოლება, ვორკშოპი თამაშობანა სწორედ თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის დაიგეგმა. მოზაიკის ვორკშოპზე გეპატიჟებიან ყველას, ვისაც კვირა საღამოს განტვირთვა და პატარა ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება უნდა. ღონისძიების სტუმრები მოზაიკის საფუძვლებს დაეუფლებიან და თემატურ მოზაიკას შექმნიან.