fbpx

რას აპირებს მადრიდის „რეალი“?!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

დროთა განმავლობაში ფეხბურთი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესად რომ იქცა, რისთვისაც თვით თამაში ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, უკვე ნათელია როგორც ამ საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის, ისე რიგითი გულშემატკივრებისთვისაც.

ფეხბურთელები კი უპირველეს ყოვლისა ადამიანები არიან თავ-თავიანთი ძლიერი თუ სუსტი მხარეებით და რა ნიშნულსაც  უნდა აღწევდეს მათი ანაზღაურება, არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც ამა თუ იმ მოთამაშის მარგი ქმედების კოეფიციენტი ვერ სწვდება, მით უმეტეს, თუკი მას კონკრეტულ დღეს თამაში არ გამოსდის.

ასე იყო „ლივერპულის“ შემთხვევაში, რომლის მთელმა შემადგენლობამ თანაბრად უფერული მატჩი ჩაატარა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

მასპინძლებმა დასაწყისშივე გაიტანეს ერთადერთი გოლი, რომელიც ვიზუალური თვალსაზრისით პირდაპირი გამოძახილი იყო დიეგო სიმეონეს გუნდის პრაგმატული და სანახაობრივ მხარეს მოკლებული სათამაშო ხელწერისა.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დარჩენილ დროში მინდორზე თითქოს ორი მადრიდის „ატლეტიკო“ იმყოფებოდა. უბრალოდ „ლივერპულს“ საპასუხო გოლი ჰქონდა გასატანი და უფრო ძლიერი შემადგენლობიდან გამომდინარე, ძირითადად ბურთს ის ფლობდა, მაგრამ მთელი მატჩის მანძილზე შექმნილი საგოლე თუ ნახევრად საგოლე მომენტების მიუხედავად, მერსისაიდულმა კლუბმა ერთი ზუსტი დარტყმა ვერ განახორციელა მეტოქის კარის მიმართულებით.

შარშან „ატლეტიკომ“ პირველ მატჩში შინ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქის მინდორზე 0:3 დამარცხდა და ისე გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობას. 

რამდენად კომფორტულია დიეგო სიმეონეს გუნდისთვის მინიმალური უპირატესობა ტურნირის მოქმედ გამარჯვებულთან შეხვედრაში, როდესაც შარშან „ენფილდზე“ „ბარსელონას“ სამბურთიანი უპირატესობა არ ეყო, მომავალი გვიჩვენებს. 

 

 

უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ დიეგო სიმეონეს რანგის მწვრთნელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ ხოლმე და შორეულ 2014-ში სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია „კამპ ნოუზე“ „ატლეტიკომ“ ლამის წარმოუდგენელ ფრეს პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ მაშინდელ უძლეველ „ბარსელონასთან“, რამაც საბოლოოდ მის გუნდს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოუტანა…

თომას ტუხელის „პარი სენ-ჟერმენმა“ კი ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს საერთოდ გადაჩვეულია მთელი მატჩის სრული მობილიზებით ჩატარებას და ეპიზოდურად თუ გაიბრწყინებს მბაპესა და ნეიმარის შეუდარებელი ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით.

სწორედ ამ დუეტმა შექმნა პირველი სათამაშო დღის ულამაზესი გოლი, თუმცა მატჩის და ალბათ მთლიანად სათამაშო დღის გმირი თურმე „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ლეგიონერი ერლინგ ჰოლანდი უნდა გამხდარიყო, რომელმაც გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, ყველას დაანახვა, რომ მასთან ერთად გერმანულმა კლუბმა სავსებით შესაძლებელია წინ წაიწიოს, მომავალი სეზონიდან კი ახალგაზრდა ფორვარდზე ნადირობა მსოფლიოს უმდიდრესმა კლუბებმა გააჩაღონ.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე სათამაშო დღის მონაწილე გუნდებს ტურნირის ფავორიტებად არ მოიაზრებენ, ამ წყვილებში გამარჯვებულმა გუნდებმა, შესაძლოა მეოთხედფინალებში საკმაო პრობლემები შეუქმნან იქ აღმოჩენილ გრანდებს.

ბერგამოს „ატალანტამ“ დიდი ნაბიჯი გადადგა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, რაშიც მას „ვალენსიას“ რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმამ და უიღბლობამაც შეუწყო ხელი. „ლაიპციგი“ კი დღესდღეობით „ტოტენჰემზე“ ბევრად უკეთ გამოიყურება როგორც მორალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით.

ეს უკანასკნელი ფაქტორი კი ეტყობა, გარკვეულწილად „ტოტენჰემის“ პრემიერლიგის მატჩმა განაპირობა გასავარდნ ზონაში მყოფ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ, რომელსაც „მამლებმა“ თავი შეაკლეს და ისე გაიმარჯვეს. 

თანაც, პრემიერლიგის კალენდრის მზრუნველ შემდგენელთა დამსახურებით, მოურინიოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მეტოქესთან შედარებით, ერთი დღით ნაკლები დაისვენა.

„ლაიპციგი“ პირველი წუთიდანვე დომინირებდა მოედანზე და აშკარა იყო, რომ ადრე თუ გვიან, დაწინაურდებოდა. გასვლაზე მინიმალური ანგარიშით მოგება მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტიას ნამდვილად ვერ იძლევა, მაგრამ აშკარაა, რომ ახალგაზრდა გერმანული გუნდი მისთვის დამახასიათებელი დამაჯერებლობის გათვალისწინებით, მეტოქესთან შედარებით მერვედფინალთან უფრო ახლოსაა. 

მეტიც, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ტოტენჰემის“ შარშანდელი მოულოდნელობებით აღსავსე გზა, წლეულს გარკვეულ ეტაპამდე სწორედ ამ კლუბმა განვლოს. 

 

 

კიდევ ერთი გერმანული გუნდი, ბუნდესლიგის ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ კი „ჩელსის“ ფავორიტის რანგში დაუპირისპირდება. თუმცა, გულშემატკივარს მშვენივრად ახსოვს ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის ფინალი, რომელშიც „რეკორდმაისტერი“ საკუთარ მოედანზე თერთმეტმეტრიანების სერიაში სწორედ „არისტოკრატთა“ წინააღმდეგ დამარცხდა. მაგრამ „ჩელსის“ მაშინ დიდიე დროგბა ჰყავდა, რომელმაც დიდწილად განაპირობა კიდეც იმ მატჩში ინგლისელთა გამარჯვება.

ახლა კი ლონდონური კლუბი უპირველეს ყოვლისა პრემიერლიგის ოთხეულში დამკვიდრებისთვის იბრძვის, ჩემპიონთა ლიგის მოგების მადა კი „რეკორდმაისტერის“ დამარცხების შემთხვევაში აღეძვრება. ოღონდ, ამის გაკეთება მას ძალზედ გაუჭირდება. 

ურთულესი მატჩი ელის „ლიონს“ ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელსაც გრანდთა შორის ალბათ ყველაზე იოლი მოწინააღმდეგე ერგო. ეს აუცილებელი იყო იტალიის ბოლო წლების მუდმივი ჩემპიონისთვის, რადგან ერთგვარი ამოსუნთქვა მას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპისთვის წაადგება, თუკი იქამდე შიდა პრობლემების მოგვარებას მოახერხებს. 

ხოლო თუ ვერ მოასწრებს, „ლიონის“ ძლევის შემთხვევაშიც კი, სულ მცირე, მას მწვრთნელ მაურიციო სარისთან დამშვიდობება მოუწევს.   

„ნაპოლისთან“ წარუმატებლობის შემთხვევაში სარის ბედს „ბარსელონას“ მწვრთნელი კიკე სეტიენიც გაიზიარებს, თუმცა კატალონიური კლუბი ლა ლიგის ბოლო ტურში თითქოს გონს მოეგო და მესის ბრწყინვალე თამაშის წყალობით ანგარიშით 5:0 მიწასთან გაასწორა მაჩანჩალა „ეიბარი“. 

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ოთხიდან სამი გოლი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანა ისე, რომ პარტნიორთაგან მას არავინ დახმარებია მეტოქის კარის აღებაში. რამდენად შეძლებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლის“ წინააღმდეგობის ინდივიდუალურად დაძლევას, როდესაც ორი წლის წინ „ბარსელონამ“ „რომას“ ბარიერი ვერ გადალახა, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა გულშემატკივართა შორის განსაკუთრებულ ინტერესს “რეალის“ დაპირისპირება რომ იწვევს „მანჩესტერ სიტისთან“, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

აბსოლუტურად არაპროგნოზირებად მატჩში ფეხბურთის მოყვარულთა ნაწილი „რეალის“ ტრადიციებსა და ზინედინ ზიდანის ჩემპიონთა ლიგის მუდმივი გამარჯვებულის ფაქტორს ანიჭებს უპირატესობას, სხვები კი „მანჩესტერ სიტის“ ევროთასებიდან ორწლიანი სავარაუდო მოკვეთიდან გამომდინარე, პეპ გვარდიოლას თაოსნობით ინგლისური კლუბის განსაკუთრებულ ძალისხმევას და მომდევნო ეტაპზე მის გასვლას ელიან. 

„მანჩესტერ სიტიმ“ გასვლაზე „ლესტერი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. „რეალთან“ მისი კარსმომდგარი მატჩის გათვალისწინებით, საკმაოდ საინტერესო შედეგია, რადგან პეპ გვარდიოლას გუნდს ფაქტობრივად განაღდებული აქვს პრემიერლიგაში მეორე ადგილი, „ლესტერისთვის“ კი ყოველი ქულა მნიშვნელოვანია ოთხეულში მოსახვედრად. 

 

 

როგორც  უნდა ვიფიქროთ, ტრადიციები და ტიტულები უპირატესობას „სამეფო კლუბს“ ანიჭებს, დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, მოედანზე გადაწყდება. ყურადღებას ერთი სტატისტიკური მონაცემი იპყრობს. 

მერვედფინალების მონაწილე თექვსმეტ გუნდთაგან ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრებამდე საკუთარ ჩემპიონატებში თორმეტმა მოიგო, სამმა ფრედ დაასრულა მატჩი და მხოლოდ მადრიდის „რეალი“ დამარცხდა! 

რას უნდა ნიშნავდეს „სამეფო კლუბის“ მიერ ზედიზედ ორ მატჩში ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ქვედა საფეხურებზე მყოფ გუნდებთან ქულების გაფლანგვა და პირველ ადგილზე „ბარსელონას“ სამქულიანი უპირატესობით გაშვება?

ასეთი სიურპრიზი „მანჩესტერ სიტისთვის“ სათამაშო სტრატეგიის დამალვას ემსახურება თუ ეს ღრმა კრიზისის მომასწავებელია, რაც მაყურებლისთვის თითქოს წარმოუდგენელია? რას აპირებს მადრიდის „რეალი“? ფაქტია, რომ ბოლოდროინდელმა შედეგებმა იგი გუნდ-გამოცანად აქცია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.