სამუშაო დღის დაწყების საუკეთესო მეთოდი პოეზიის კითხვაა
ავტორი: Anne Quito
პოეზიის კითხვა თვითნებური აქტია. სიტყვების უცნაური დაჯგუფებების მოსმენა და მისი მიყოლა მსმენელისაგან გულისხმიერებას და სისხარტეს მოითხოვს, იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ ორაზროვანი ფრაზები და სიტყვების თამაში. “სწორედ ეს არის პოეზიის ხიბლი”. – ასე სწამს ირანელ თეოლოგს, პოეტსა და ახალი პოდკასტის წამყვანს (poetry unbound – პოეზია უსაზღვროდ), პადრაგ ო ტუამას. “პოეზიაში თანაარსებობს ამბივალენტურობა და ორაზროვნება. ეს არის ადგილი სტუმართმოყვარეობისა და კომპლექსურობის”, – ამბობს იგი.
აბსტრაქტული ტოლერანტობა მხოლოდ სენტიმენტალურობას არ ემსახურება, – განმარტავს პოეტი. მისი რწმენით, ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ ფარული მიდრეკილება პოეზიისაკენ: “ისინი ეძებენ კომპლექსურ გზებსა და მეთოდებს, რომლებისთვისაც ჩვენ ვიყენებთ ენას. ცნობილი elevator pitch-ის მთელი იდეა სწორედ პოეზიაა – ეცადო, ილაპარაკო შთამაგონებლად.
როგორც ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი დირექტორი, ო ტუამა გვარწმუნებს, თუ სამუშაო დღეს პოეზიით დავიწყებთ, ეს მნიშვნელოვანი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი დაგვეხმარება. “დაახლოებით, საათ-ნახევარს ვატარებდი ენის თავისებურებებზე ფიქრსა და დაკვირვებაში, ეს ენა ხომ ადამიანური რესურსის მართვისთვის, ფონდების მოძიებისა და კომუნიკაციისთვის გამოიყენებოდა?! ჩემთვის პოეზიას ნამდვილად აქვს პრაქტიკული ღირებულება, ის ხომ ენის ტექნიკასა და შესაძლებლობებს გადაგვიშლის”.
ო ტუამა ამ მოსაზრების ერთადერთი მიმდევარი როდია. იგი იმოწმებს კონფლიქტების მოგვარების სპეციალისტს – ჯონ პოლ ლედერაკს, რომელიც შეხვედრების ტექსტებსა და მოგზაურობის რეპორტებს ჰაიკუს ფორმით წერს. “ინფორმაციის გადმოცემა 5-7-5-მარცვლიანი ფორმატით სხვა არაფერია, თუ არა საოცარი ადამიანური გამოცდილების მაგალითი”, – აღნიშნავს ლედერაკი.
“ერთ დროს, როცა სიმშვიდის მოსაპოვებელ მოგზაურობაში ადამიანურ ტანჯვასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ვგრძნობდი, ჩემი სული კვდებოდა. ასეთ დროს ვამბობთ ხოლმე, რომ გადავიწვით. საოცარია, მაგრამ მეორე კლასში ნასწავლ სტრიქონებს შეუძლიათ, ახალი სიცოცხლე შთაგბერონ. მე ახლიდან აღმოვაჩინე, რომ ჰაიკუს განჭვრეტის უნარი აქვს და განვეწყვე მისით ტკბობისთვის.”
პადრაგ ო ტუამას პოდკასტი ამერიკელ პოეზიის მოყვარულებს კვირაში რამდენჯერმე კვებავს ახალი ნამუშევრებით. 2017 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელ მოზარდებში საგრძნობლად გაზრდილია პოეზიისადმი ინტერესი. ხოლო ამერიკელი პოეტების აკადემიამ 4.5 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო. ეს რეკორდული რაოდენობაა პოეზიის სფეროში მოღვაწე ინსტიტუციების დაფინანსებების ისტორიაში.
ორიგინალი:https://qz.com/