fbpx

ბერლინალე 70 — ლევან გელბახიანის დიდი ტრიუმფის ახალი დასაწყისი


გააზიარე სტატია

უკვე რამდენიმე დღეა რაც ბერლინის 70-ე კინოფესტივალი დაიწყო და ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ უფასო ყავის ასაღებად უფრო გრძელი რიგი დგას, ვიდრე ფილმებზე.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?! — რა თქმა უნდა, საშინელი საკონკურსო პროგრამა და სხვა სექციების ძალიან სუსტი ფილმები.

არადა, ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო. ფესტივალის ყოფილი დირექტორის, დიტერ კოზლიკის გადადგომის შემდეგ ყველას ეგონა, რომ კარლო ჩატრიანი, რომელიც ლოკარნოს კინოფერსტივალიდან ჩამოიყვანეს, რევოლუციას მოახდენდა და ბერლინალე საკუთარ იუბილეზე საუკეთესო პროგრამით წარსდგებოდა ათეულობით ათასი კინომოყვარულის წინაშე.

თებერვლამდე ჩატრიანის ყველა აქებდა, ახლა ყველა ლანძღავს. ვერავინ ხვდება რატომ არის ასეთი სუსტი ის ფესტივალი, რომელიც წესით, მთელი მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში უნდა იყოს.

ცოტა ხნით ცუდი ფილმები, საშინელი წვიმა, ქარი და სიცივე დავივიწყოთ და გადავიდეთ იმაზე, რაც ახლა ყველა ქართველს გვეამაყება – ლევან გელბახიანს ოფიციალურად გადასცეს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო.

ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული როლითვის, გელბახიანმა აქამდეც არაერთი პრიზი მოიპოვა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სწორედ ამომავალი ვარსკვლავის ჯილდომ დააგვირგვინა. ბერლინში ყოფნის პერიოდში ლევანი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ინტერვიუებში, ფოტოსესიებსა და გადაღებებში, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ხვდებოდა სხვადასხვა ქვეყნის კინოაგენტებს და დიდი ალბათობით, სულ მალე, მის ნიჭს მხოლოდ ქართული კინოეკრანი ვეღარ დაიტევს.

 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ წლევანდელ ფესტივალზე კიდევ ერთხელ იყო წარმოდგენილი ქართული სტენდი, სადაც არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა უცხოელ პრიდიუსერებთან და კინომწარმოებლებთან. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ქართული კინოს კატალოგში ბევრი საინტერესო პროექტი მოიძებნება, მათ შორის არის ჟანრული ფილმის პროექტებიც, რაც ასე ძალიან აკლია ჩვენს კინემატოგრაფს.

ქართული ფილმების ჩვენების გარეშე არ ჩაუვლია არც ამ რამდენიმე დღეს. გერმანელმა და არამხოლოდ გერმანელმა მაყურებელმა 2019 წელს გამოსული ორი ახალი ფილმი “ოქროს ძაფი” და “უარყოფითი რიცხვები” იხილეს. ბერლინში იმყოფებოდა ლანა ღოღობერიძეც, რომელიც მისი ამ ეტაპზე ბოლო ფილმის ჩვენებას დაესწრო და მაყურებლის შეკითხვებასც უპასუხა.

წელს ვარსკვალვების ნაკლებობას უჩივის კინოფესტივალი — ამის მიზეზიც კვლავ ახალი დირექტორია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისთვის ე.წ. სიყვითლე და ცნობილი მსახიობები უმნიშვნელოა და მსოფლიოს ყურადღებას ამის გარეშეც მიიქცევდა. ჩატრიანი შეცდა, მიხუედავად იმისა, რომ ხალიჩაზე ჯონი დეპი, რობერტო ბენინი და სხვა ვარსკვლავები ვიხილეთ, წლევანდელი ფესტივალი მაინც არ არის ისეთი კაშკაშა, როგორსაც აქამდე მიჩვეული იყო აქ ჩამოსული აუდიტორია.

თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, ფესტივალზე ჩამოსვლას გეგმავს სელმა ჰაიეკი, ელ ფენინგი და ხავიერ ბარდემი და შესაძლოა ამან ცოტა მაინც გამოაცოცხლოს სიტუაცია. მაგრამ ყველაზე დიდი მოლოდინი აქ მყოფ ჟურნალსიტებს მაინც ჰილარი კლინტონის მიმართ აქვთ, რომელიც მასზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერას უკვე დაესწრო და დღეს პრესკონფერენციაზე მისულ ჟურნალსიტებსაც უპასუხებს.

ბერლინალეს დასრულებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება და ხელჩასაჭიდი ჯერ არაფერი ჩანს. დიდი ალბათობით, ჯერემი აირონსს და ჟიურის სხვა წევრებს წლევანდელი გამარჯვებულების გამოვლენა ძალიან გაუჭირდებათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.