fbpx

სად და როგორ შეიძლება დასაქმდეს არასრულწლოვანი


გააზიარე სტატია

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, მოქალაქე სამუშაოდ ქმედუნარიანია 16 წლიდან,  რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერად დასაქმება ამ ასაკიდან არის შესაძლებელი. 

16 წლამდე მოზარდი შეიძლება დასაქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი/მეურვე თანახმაა და სამუშაო არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს განათლების შესაძლებლობას. 

შრომის კოდექსი განიხილავს 14 წლამდე ასაკის მოზარდების დასაქმების შესაძლებლობასაც, რაც კანონიერია, თუკი არასრულწლოვანი სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის ან სარეკლამო სფეროში დასაქმდება. 

აკრძალულია მოზარდის დასაქმება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად. 

სამუშაო არ უნდა იყოს მძიმე და ჯანმრთელობისთვის მავნე. 

 

ეს კანონში. რა შესაძლებლობები არსებობს რეალურად მოზარდების დასაქმებისთვის საქართველოში, სად პოულობენ სამუშაოს ბავშვები და უნდა გაითვალისწინონ მათ და მათმა მშობლებმა? 

ბავშვების დასაქმებისას საუბრისას პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თუკი სამუშაო არის სეზონური, მიზნად ისახავს ბავშვის სხვადასხვა უნარების განვითარებას, პასუხისმგებლობის გრძნობისა და მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას, არ მოითხოვს ბევრ დროს – მოზარდისთვის შესაძლოა საინტერესო გამოცდილება იყოს. 

საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონისა და სიღარიბის გათვალისწინებით მოზარდები ძირითადად სრულიად არალეგალურად ასრულებენ მძიმე სამუშაოს, ვაჭრობენ, ფიზიკურად მუშაობენ და რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და მომავალს. 

თუკი პირველ შემთხვევას  და ლეგალური და უსაფრთხო დასაქმების გზებს განვიხილავთ, არჩევანი დიდად ფართო არ არის, სადაც შეიძლება მოზარდი ისე დასაქმდეს, რომ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოს. 

 

შესაძლებლობების ფანჯარა ძირითადად მომსახურების სფეროში იხსნება – ქსელური სუპერმარკეტები, სწრაფი კვების ობიექტები და ბარები სეზონურად. 

  • მაკდონალდსი – ერთ-ერთია იმ იშვიათ კომპანიებს შორის, რომელიც მოზარდებს ასაქმებს მოქნილი გრაფიკით და იძლევა პირობას, რომ არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი სწავლისთვის. 
  • ვენდისი – 16 წელზე მეტი ასაკის  მოზარდებს სთავაზობს დასაქმებას თბილისსა და ბათუმში. ვენდისი ღიაა ასევე შშმ პირების დასაქმებისთვის. 
  • ფრესკო – სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც მუშაობის დასაწყებად არ ითხოვს გამოცდილებას და მზადაა აიყვანოს თანამშრომლები სამუშაოდ მოქნილი გრაფიკით.   

გარდა იმ კომპანიებისა, რომლებსაც პერმანენტულად ღია აქვთ კარი მოზარდებისთვის, არსებობს სხვადასხვა დიდი და პატარა კომპანიები, რომლებიც პერიოდულად მზად არიან დაასაქმონ მოზარდები ან მისცენ სტაჟირების შესაძლებლობა, რაც შესაძლოა უფრო საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდეს მოზარდებისთვის, ვიდრე მომსახურების სფეროში მუშაობა. ამ მხრივ საინტერესოა საქველმოქმედო ორგანიზაციები, სასწავლო და სახელოვნებო დაწესებულებები, შემოქმედებითი სააგენტოები, ტექნოლოგიური სტარტაპები. 

მოზარდების მშობლებს და მეურვეებს იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი მუშაობას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მას თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდება. 

მოუსმინეთ, ელაპარაკეთ, ურჩიეთ და გახსოვდეთ, რომ 14-16 წლის არასრულწლოვნის შრომითი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს, 16-18 წლისა კი – 36 საათს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.