fbpx

ჰაი-ტექ არქიტექტურის 5 შთამბეჭდავი ნიმუში


გააზიარე სტატია


ჰაი-ტექ არქიტექტურა, რომელიც 1970-იან წლებში ბრიტანეთში წარმოიშვა, სტრუქტურული ექსპრესიონიზმისა და გვიანი მოდერნიზმის სახელწოდებითაცაა ცნობილი. ამ მიმდინარეობას ტექნოლოგიების ესთეტიზება, რომანტიზება და გაიდეალება ახასიათებს და ძველი იდეების თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებას მოიაზრებს. 

ჰაი-ტექ დიზაინით შესრულებულ ნაგებობებზე ფოლადის ჩარჩოები, ფერადი ტექნიკური ელემენტები, მინა და ხის მასალა ჭარბობს.  შენობათა ფუნქციური და ტექნიკური ელემენტები მეტწილად გარე ფასადზეა გადატანილი. ჰაი-ტექ დიზაინი ფუნქციონალიზმზეა ორიენტირებული, ინტერიერში რაც შეიძლება ფართო, ღია სივრცე,  სართულებს შორის კი მაღალი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს.

წარმოგიდგენთ ჰაი-ტექ არქიტექტურის 5 გამორჩეულ ნაგებობას:

 

The Pompidou Centre, Paris, Richard Rogers, Renzo Piano, 1977

პომპიდუს ხელოვნების ცენტრის გარე ფასადი ფერადი მილსადენებითაა შემოსაზღვრული. ამ შემთხვევაში ფერებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს: ჰაერის კონდიცირების მილები ლურჯია, წყლის გაყვანილობისა – მწვანე, ხოლო ელექტრობისა კი – ყვითელი; თეთრი მილები მიწისქვეშა ზონის ვენტილაციისთვისაა განკუთვნილი. შენობის ჩონჩხის დამაკავშირებელი ლითონის სვეტებიც  ფასადზეა გამოტანილი. ასეთი წყობა შენობის ფართის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა, ანუ საგამოფენო სივრცისთვის უფრო დიდი ადგილი რჩება. რენცო პიანო ასე აღწერდა პროექტს: “ეს არის უზარმაზარი ხომალდი, რომელიც პარიზის შუაგულში მოულოდნელად დაეშვა”.



City Hall, London, Norman Foster, 2000

სითი ჰოლი მდინარე ტემზის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს და მასში ქალაქ ლონდონის მერის შტაბ-ბინაა განთავსებული. ბუშტის ფორმის შენობის გარეთა ზედაპირის ფართობი 25%-ით ნაკლებია ამავე მოცულობის მქონე კუბის ფორმის შენობაზე. სამხრეთით 17-გრადუსიანი დახრილობა საფეხუროვან თაღებს ქმნის,  რაც საოფისე შენობისთვის მზისგან დამცავის როლს ასრულებს. შენობის ფორმა და ფასადის ელემენტები ისეა განლაგებული, რომ ზაფხულში მზის სინათლის სიჭარბე და მასთან დაკავშირებული უარყოფითი გარემოებები მინიმუმამდეა დაყვანილი. გათვალისწინებულია ზამთარში სითბოს შენარჩუნებაც.

Eden Project, Nicholas Grimshaw, 2001.

პროექტი “ედემი” ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ტიმ სმიტის ინიციატივითა და არქიტექტორ ნიკოლას გრიმშოუს პროექტით კორნუოლში განხორციელდა. ორანჟერეის აგებას  2,5 წელი დასჭირდა და მის მოსაწყობად 130 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ორანჟერეის გუმბათები, რომელთაც საპნის ბუშტის ფორმა აქვს, ფოლადის ჩარჩოთია აგებული. ჩარჩო ექვს და ხუთკუთხა პლასტიკური პანელებითაა დაფარული. კორნუოლის ორანჟერეაში გადაშენების პირას მყოფი, ეგზოტიკური მცენარეები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდანაა ჩამოტანილი. 


Turning Torso, ანუ მბრუნავი ტორსი

 190 მეტრი სიმაღლის, 50-სართულიანი ცათამბჯენია, რომელიც  შვედეთში, ქალაქ მალმეში მდებარეობს. შენობა ესპანელი არქიტექტორის, სანტიაგო კალატრავას მიერაა დაპროექტებული.  მშენებლობა 2005 წელს დასრულდა და სკანდინავიაში ყველაზე მაღალ ნაგებობად, ევროპაში კი  მეორე ყველაზე მაღალ საცხოვრებელ კორპუსად მიიჩნევა. “მბრუნავი ტორსი” კალატრავას სკულპტურის, Twisting Torso-ის მიხედვით არის შექმნილი. შენობის ფორმა შედგება კუბის ფორმის 9 დანაყოფისგან, რომელთაგანაც თითოეული 5 სართულს მოიცავს. შიდა ბირთვი შეიცავს ლიფტებს და კიბეებს, რომელთა საშუალებითაც შენობის დანაყოფები ერთმანეთს უკავშირდება.

 


30 St Mary Axe, Norman Foster, 2014.


გერკინი ლონდონში სიმაღლით მეორე, 40-სართულიანი ცათამბჯენია და მასში შვეიცარული სადაზღვევო კომპანია Swiss re არის განთავსებული. ცათამბჯენის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა და 400 მილიონი დოლარი დაჯდა. შენობის  ორმაგი დახრილობა სინათლის გავრცელებას აუმჯობესებს, ანარეკლს ამცირებს და შერეული ტიპის სავენტილაციო სისტემას ითვალისწინებს.

ჰაი-ტექ არქიტექტურას წარმოადგენენ ბრიტანელი არქიტექტორები – ნორმან ფოსტერი, რიჩარდ როჯერსი და მაიკლ ჰოპკინსი, იტალიელი არქიტექტორი – რენცო პიანო, ფრანგი –  ჟან ნუველი, ნიდერლანდელი – რემ კულჰაასი, ესპანელი – სანტიაგო კალატრავა.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.