fbpx

რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ იტალიაში მოგზაურობა?


გააზიარე სტატია


იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის იზრდება და ის ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყანაში მოგზაურობა სურდათ, შეშფოთებულები არიან – მიუხედავად ამისა, პანიკა საჭირო არ არის. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ძირითად ასპექტებს, რაც უნდა იცოდეთ მოგზაურობის გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

უსაფრთხოა თუ არა იტალიაში მოგზაურობა?

დიახ, უსაფრთხოა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სიფრთხილის ზომებსა და ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს დაიცავთ. “ამ დროისთვის რეკომენდაციას არ ვუწევთ მოგზაურობის გაუქმებას ან გადადებას”, – განაცხადა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა. ამის ნაცვლად, მოგზაურებმა უნდა მიიღონ გონივრული სიფრთხილის ზომები, მათ შორის, ხშირად უნდა დაიბანონ ხელები, არ შეეხონ თვალებს, პირს ან ცხვირს და რაც მთავარია – მოერიდონ დაავადებულებთან კონტაქტს. 

 

რას ფიქრობენ სხვა ქვეყნები?

ჯერ არცერთ მთავრობას არ აქვს დაწესებული იტალიასთან სამოგზაურო აკრძალვა. მისი საერთაშორისო საზღვრები ღია რჩება და მხოლოდ ჩინეთსა და იტალიას შორისაა პირდაპირი რეისები შეზღუდული იანვრის ბოლოდან. 

რომში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განაგრძობენ და გვირჩევენ იტალიის ჯანდაცვის ოფიციალური მითითებების დაცვასა და დაავადებული ტერიტორიებისგან თავის არიდებას.

ჯერჯერობით ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მოგზაურობის  გაუქმებას ურჩევს. ორშაბათს ჯანდაცვის მინისტრმა იაკოვ ლიტცმენმა მედიას განუცხადა: “ჩვენ გირჩევთ [ისრაელელებს], რომ არ გაემგზავროთ იტალიაში”.

სხვა ქვეყნები, მათ შორის, უნგრეთი, სერბეთი, ხორვატია და საბერძნეთი, ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის გადადებას უწევენ რეკომენდაციას.

საფრანგეთი ჩრდილოეთ იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ურჩევს, სახლიდან იმუშაონ და შვილები ორი კვირის შემდეგ გაუშვან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს დაზარალებულ ტერიტორიებზე სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას არ ურჩევს, რადგან ეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი რესურსების განხორციელებას მოითხოვს.

ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქებში  წასვლა აკრძალულია. 11 ქალაქი კარანტინის ქვეშ იმყოფება, უმეტესობა კი ლომბარდიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც კორონავირუსის 160-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

1) Codogno;

2) Castiglione d’Adda;

3) Casalpusterlengo;

4) Fombio;

5) Maleo;

6) Somaglia;

7) Bertonico;

8) Terranova dei Passerini;

9) Castelgerundo;

10) San Fiorano

11) Vo’Euganeo.

ამ ქალაქებში, სადაც დაახლოებით 50 000 მოსახლეა, პოლიციელები და სამხედრო ოფიცრები საგუშაგოებიდან აკონტროლებენ შესვლა-გასვლას. მცხოვრებლებს განუცხადეს, რომ მათ სპეციალური ნებართვა სჭირდებათ ტერიტორიის დასატოვებლად.

 

როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს კორონავირუსის განვითარებამ თქვენს მოგზაურობაზე?

თუ იტალიაში თვითმფრინავით ჩადიხართ, მზად უნდა იყოთ, რომ ტემპერატურას შეგიმოწმებენ – ან თერმული სკანერით, ან თერმომეტრით. თუ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ იტალიას უნდა ესტუმროთ, ნახავთ, რომ გარკვეული ღონისძიებები გაუქმებულია და შესაძლებელია დაიხუროს მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, ეკლესიები, ბიბლიოთეკები და სხვა ადგილები.

ვენეციის კარნავალი შეამოკლეს, Ivrea-ს ფორთოხლის ფესტივალი გაუქმდა, მილანის მოდის კვირეულის ზოგიერთი შოუ საზოგადოებისთვის დაიხურა, ფეხბურთის და რაგბის მატჩები გადაიდო, მილანის ცნობილი ოპერის, La La Scala-ს სპექტაკლები გაუქმდა და ქალაქის ტაძარიც დროებით დაიხურა სტუმრებისთვის, რადგან ხელისუფლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ზღუდავს.

თქვენ შეიძლება ასევე შეამჩნიოთ, რომ კაფეები და ბარები ჩვეულებრივზე უფრო ადრე დაიხურება, საჯარო ტრანსპორტი კი დიდი ალბათობით ცარიელი იქნება. 

 

როგორ მოახდენს ეს ფაქტი იტალიის ტურიზმზე გავლენას?

ჩრდილოეთ იტალიის ფარგლებს გარეთ ეფექტების შემჩნევა რთულია. რომში ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და არც შეზღუდვებია დაწესებული. 

იტალიის ტურიზმის ინდუსტრია საზოგადოებრივი განგაშისა და ჩინეთიდან რეისების აკრძალვის გავლენას გრძნობს. ინდუსტრიის წარმომადგენლები მძიმე შედეგებისთვის ამზადებენ იტალიის სასტუმროებს, რესტორნებსა და სხვა ბიზნესებს, რადგან ეს მოვლენა მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას. 

 

როგორ დავიცვა თავი იტალიაში კორონავირუსისგან?

  • დაიბანეთ ხელები საფუძვლიანად და ხშირად, საპნითა და წყლით, განსაკუთრებით კი დაცემინების, ჭამისა და დახველების დროს
  • არ შეეხოთ დაუბანელი ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს
  • დაცემინებისა და დახველების შემთხვევაში, იდაყვი აიფარეთ პირზე
  • მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ რესპირატორული დაავადებების სიმპტომები
  • ატარეთ ნიღაბი
  • გაწმინდეთ ზედაპირები ალკოჰოლური ან ქლორის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებით

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ან ანტივირუსული მედიკამენტები, თუ ის ექიმის მიერ არ არის გამოწერილი. უახლეს ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ გაიგებთ  იტალიის ჯანდაცვის სამინისტროდან, თქვენი ქვეყნის საელჩოდან ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან.

 

რა უნდა გავაკეთო, თუ ვფიქრობ, რომ მაქვს კორონავირუსის სიმპტომები?

თუ თქვენ გაქვთ სიცხე, ხველა ან სუნთქვის გაძნელება დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ისე, რომ სხვები არ დააზარალოთ. ნუ წახვალთ პირდაპირ საავადმყოფოში ან ექიმთან. სასწრაფო დახმარების მისაღებად დარეკეთ იტალიის მთავრობის კორონავირუსის ცხელ ხაზზე –  1500, ინგლისურ, იტალიურ ან ჩინურ ენებზე.

თუ უკვე დაბრუნდით სახლში, დაურეკეთ ექიმს და აცნობეთ, რომ ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდით. სანამ ვირუსის ტესტირება არ მოგიწევთ, მოერიდეთ შემდგომ მოგზაურობას ან სხვებთან კონტაქტს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ინფიცირებული ადამიანების დაახლოებით 80 პროცენტი გამოჯანმრთელდა სპეციალური მკურნალობის გარეშე.

ორიგინალი:https://www.thelocal.it/

3,245 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.