fbpx

პირველი შშმ თოჯინა საქართველოში „ახალი მზიურის“ კაფეში „გიმასპინძლებთ“


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ბენდელიანი

ფოტო: ტასო ბეჟიტაძე

 

„ოცნებას კაცი არ მოუკლავს“ – ამას ნამდვილად მოწმობს 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩატარებული „მზის ფესტივალი“ – დიდებისა და პატარებისთვისაც განსაკუთრებული დღესასწაული. 

„მზიური“ ერთი დღით ნოდარ დუმბაძის ნანატრ ბავშვთა ქალაქად იქცეოდა, თუმცა, მთავარ ოცნებაზე ფიქრი ანა გოგუაძეს არასდროს შეუწყვეტია, სწორედ ასე გაჩნდა „ახალი მზიური“ მზიურის შუაგულში. ესაა პატარა სოციალური კაფე, რომელიც უამრავ ჩატარებულ ღონისძიებას, კინოჩვენებას, საბავშვო „საკვირაო“ მხიარულებას და ბევრ საინტერესო გეგმას იტევს. 

„მზიური“ თანაბრად უნდა ყოფილიყო ბავშვებისთვის, მოზარდებისა და დიდებისთვის ფუნქციურად დატვირთული, „ახალი მზიურის“ იდეაც სწორედ ეს იყო – ვუთმობთ სივრცეს ნებისმიერ მსურველს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიების მოსაწყობად. კაფე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი, კომფორტული, ადაპტირებული, როგორც შშმ პირებისთვის, ასევე იმ დედებისთვისაც, ვისაც ჩვილი ბავშვები ჰყავთ – მათთვის კაფეში არის სპეციალური მაგიდა, რომლის გამოყენების შემთხვევაში, დედებს არ ექნებათ დისკომფორტი და საერთოდაც, ყველამ  ისე კომფორტულად იგრძნოს თავი, როგორც საკუთარ სახლში. 

პატარებისთვის გვაქვს წიგნები, ფერადი ფანქრები, ფურცლები მათ გასართობად. ძაღლებისა და მათი პატრონებისთვის ჩვენი კაფეს კარიც მუდამ ღიაა, ვმეგობრობთ დაარსების დღიდან ძაღლთან, რომელსაც დავარქვით მურადა, მოვუწყვეთ სახლი და ის ჩვენთან ერთად არის უკვე სტუმრების მასპინძელიც. 

ნებისმიერი დეტალით ვცდილობთ ჩვენი საზოგადოების ცნობადობა ავამაღლოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა – ჩვენი „მენიუ“ დაბეჭდილია მეორადი გადამუშავების ქაღალდზე“, – ამბობს ანა გოგუაძე.

 

ყურადღების ცენტრშია კაფეს ახალი თანამასპინძელი, „ბარბის“ თოჯინა, რომელიც სულაც არ ჰგავს ჩვენი ბავშვობის დროინდელ თოჯინებს, მოგვიყევით მასზე

სულ რამდენიმე დღეა, ჩვენი სტუმრების ყურადღება მიმართულია თაროსკენ, სადაც ჩვენი ახალი თოჯინა „მოთავსდა“. ბავშვობიდან ყველას გვახსოვს, რომ „ბარბის“თოჯინები იყვნენ სილამაზის განსაკუთრებულ სტანდარტებში და ჩარჩოებში მოქცეული, ყოველგვარი ბუნებრივი  ნაკლოვანებების გარეშე, რაც ხელს უწყობდა პროტესტს საკუთარი თავის მიმართ, რატომ არ იყვნენ  ამ თოჯინების მსგავსნი. 

სილამაზე, რა თქმა უნდა, პირობითი ცნებაა, სწორედ ამიტომ ბრენდმა გადაწყვიტა გამოეშვა თოჯინების სერია: ეტლით მოსარგებლე, პროთეზის მქონე, ვიტილიგოს დაავადების მქონე და ჭარბწონიანი თოჯინები. 

თუ ბავშვების ყოველდღიურ თამაშებში გაჩნდება ასეთი თოჯინები, უცხო და გასაკვირი არ იქნება მათთვის, რატომ არიან ადამიანები მრავალფეროვანი შესაძლებლობების და შესახედაობის. 

როგორც კი ამ ინფორმაციის შესახებ შევიტყვე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ თოჯინა აუცილებლად უნდა ყოფილიყო „ახალი მზიურის“ კაფეში. ინტერესიც მრავალფეროვანი გაჩნდა – აინტერესებთ პატარებსაც, მათ მშობლებსაც, რომ შეიძინონ სახლისთვის, მოგვწერა საბავშვო ბაღის მასწავლებელმაც, რომელსაც სურს თავისი აღსაზრდელებისთვისაც იყიდოს. 

 

სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ

ვემზადებით  მეოთხე ზაფხულისთვის, კვლავაც ვართ ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომები, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე – კვლავაც უამრავი ივენთი გვექნება, როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის, განვაახლებთ, ცხადია, კინოჩვენებებსაც, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა. 

გვინდა წინ წამოვწიოთ შშმ თემატიკა და „ახალი მზიური“ იყოს ერთგვარი ჰაბი ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით. მზიურის პარკის რეაბილიტაცია სრულდება, საბავშვო ღონისძიებები კაფეს ტერიტორიიდან გადაინაცვლებს უფრო დიდ მასშტაბებზე. 

 

ორშაბათობით კაფეში სტუმრად მისულები აღმოაჩენთ, რომ უხორცო მენიუს დღეა; თუ WIFI-ს პაროლს მოითხოვთ, იქვე, პოლ მაკარტნის სურათთან მიგითითებენ, დაფაზე – #chamova; ვინ ჩამოვა? რა თქმა უნდა, პოლ მაკარტნი, რომელიც აღმოაჩენს, რომ ერთ პატარა ქალაქში, პატარა კაფეში გლობალურ კამპანიაში ჩართულები – Meat free Monday-ს ცნობადობას ზრდიან და დიდი სიამოვნებით მიირთმევს ცნობილ კაპუჩინოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.