fbpx

გაიცანით Moby, როგორც ფოტოგრაფი


გააზიარე სტატია


“მხოლოდ ორ რამეს, მუსიკას და ფოტოგრაფიას შეუძლია მძაფრი შინაგანი ემოციების გამოწვევა. მუსიკაზე მუშაობას დიდი დრო მიაქვს, ერთი სიმღერის დასრულებას ზოგჯერ რამდენიმე თვე სჭირდება. ფოტოგრაფიას კი კარდინალურად განსხვავებული სპეციფიკა ახასიათებს წამის მეათასედში, ერთი გაელვება უნდა გამოიჭირო. ჩემთვის ფოტოგრაფია იმ მოვლენის სპონტანური დოკუმენტირებაა, რომელიც არასოდეს განმეორდება”, – ამბობს ამერიკელი მუსიკოსი მობი (რიჩარდ მელვილ ჰოლი).

მობის შემოქმედებითი ცხოვრებისადმი ინტერესი ბავშვობაში გაუჩნდა, როგორც თავად ამბობს, უცნაურად კრეატიულ გარემოში იზრდებოდა. დიდი ბებია კლასიკური მუსიკის პედაგოგი ჰყავდა, ბებია და დედა – მხატვრები, დეიდები – მწერლები, ერთი ბიძა მოქანდაკე იყო, ხოლო მეორე – ჯოზეფ კუგელსკი The New York Times-ში ფოტოგრაფად მუშაობდა. სწორედ მისი ნაჩუქარი ფოტოაპარატით დაიწყო პირველი კადრების გადაღება. „ოჯახის წევრები, ყველანი რაღაცას ქმნიდნენ, მე კი გადავწყვიტე, რომ ხალხისთვის მუსიკოსი ვყოფილიყავი, ხოლო პირად, ინტიმურ სივრცეში მხატვარი გავმხდარიყავი. ფოტოაპარატით ბევრს ვიღებდი, თუმცა არავისთვის მიჩვენებია“, – იხსენებს მობი.

სხვადასხვა ინტერვიუში მობი ხშირად საუბრობს იმ დიდ ფოტოგრაფებზე, რომლებმაც ხელოვნების ეს ფორმა შეაყვარეს და გარკვეულწილად, გავლენაც იქონიეს მის ფოტოგრაფიულ ხელწერაზე. ირვინგ პენის, დოროთეა ლანჟისა და ანდრე კერტესის შავ-თეთრი ნამუშევრებით მოხიბლული, დიდი ხნის განმავლობაში ფერად ფოტოებს ზედაც არ უყურებდა. 

  • ფოტოები მობის ფოტოწიგნიდან „Destroyed“:

 

ფოტოგრაფია მობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ნიუ-იორკის ფერჩეიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, ამავე სასწავლებელში ფოტოგრაფიის კურსებსაც ესწრებოდა. დიდ დროს ატარებდა ფოტოლაბორატორიაში და თავისი ხელწერის დასახვეწად ბევრ ექსპერიმენტსაც მიმართავდა. თუმცა, მისი ფოტოების საჯაროდ გამოფენას დიდხანს ვერ ბედავდა. 

მისი თქმით, ხელოვნების სფეროში დილეტანტები მეფობენ, მსახიობები მუსიკოსობას ითავსებენ, ხოლო მუსიკოსები მსახიობობას იჩემებენ. ყოველთვის ეშინოდა ფოტოგრაფიით გატაცების სახალხოდ აღიარების, რადგან აუცილებლად მიაძახებდნენ: „აი, კიდევ ერთი მუსიკოსი, რომელიც რატომღაც ფიქრობს, რომ ყველაფერი გამოსდის და მაგარი ფოტოგრაფიცაა“.

დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ მობის გადარწმუნება მეგობრებმა შეძლეს და პირველი ფოტოწიგნის გამოცემა გადააწყვეტინეს. 3000 კადრიდან მან 200 ამოარჩია და საბოლოო ჯამში, მხოლოდ 75 ფოტო მოხვდა მუსიკოსის სადებიუტო ფოტოწიგნში „Destroyed“, რომელიც მისი ამავე სახელწოდების მე-10 სტუდიური ალბომის მხარდამჭერ პროექტად იქცა. 

  • ფოტოები მობის ფოტოწიგნიდან „Destroyed“:

 

მობის თქმით, ალბომ “Destroyed”-ის მუსიკა საკონცერტო ტურნეების დროს, გვიან ღამით, სასტუმროების ოთახებში იწერებოდა, ამავე ტურნეში იქმნებოდა ფოტოგამოსახულებებიც  და ასახავდა მუსიკოსის საგასტროლო ცხოვრების უცნობ მხარეებს: მის მიერ დანახული სხვადასხვა ქალაქის ურბანულ ყოფას, აეროპორტებს, მარტოობას საგრიმიოროში, სასტუმროების ოთახებსა და სხვა ხელოვნურ სივრცეებში, კულისებში არსებულ განწყობას, სცენიდან დანახულ მსმენელსა და მათ ემოციებს. „ფოტოწიგნში შესული გამოსახულებები არ იყო დადგმული, ისინი სპონტანურად იქმნებოდა და ამგვარი მიდგომა ანდრე კერტესისგან ვისწავლე, რომელსაც ახალგაზრდობაში ვეთაყვანებოდი“, – წერს მუსიკოსი. 

  • ფოტოები მობის ფოტოწიგნიდან „Destroyed“:

 

მობის მეორე ფოტოწიგნი „Innocents“ მუსიკოსის ამავე სახელწოდების სტუდიურ ალბომთან ერთად გამოიცა. განსხვავებით წინა პროექტისგან, რომელიც რეპორტაჟული ხასიათის იყო, „Innocents“ კონცეპტუალურ გზავნილს ატარებდა. „აპოკალიფსი დადგა“ – ასე ჟღერდა მუსიკოსის გზავნილი და როგორც თავად განმარტა, იდეა 11 სექტემბრის ტრაგიკულმა მოვლენებმა უკარნახა, რომელიც  მის დაბადების დღეს დაემთხვა.

  • ფოტოები მობის ფოტოწიგნიდან „Innocents“:

 

ფოტოწიგნში „Innocents“ სიუჟეტი სამხრეთ კალიფორნიაში აპოკალიფსური კატასტროფის შემდეგ ვითარდება. მობის ისტორიის გმირები ის ადამიანები არიან, რომლებიც თვლიან, რომ საყოველთაო განადგურება, კაცობრიობის აღსასრული მათი მძიმე ცოდვების საპასუხოდ მოვლენილი სამართლიანი სასჯელია. „როგორც ჩანს, ყველა უბედურება ჩვენი ბრალია და სირცხვილის გამო, სახეებს ნიღბებით ვმალავთ“, – ამგვარად აღწერა ფოტოწიგნის მანიფესტი მუსიკოსმა.  

  • ფოტოები მობის ფოტოწიგნიდან „Innocents“:

 

 

2,093 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.