არტ ორგანიზაცია Propaganda Network-მა ონლაინ მაღაზია გახსნა
„პროპაგანდა“ (Propaganda Network) 2013 წელს დაარსდა პირველი თანამედროვე ხელოვნების არქივის შესაქმნელად და დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და ადგილობრივი კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნავს.
50-მდე შემოქმედებითი, კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტის შექმნის გარდა ორგანიზაციამ წელს ექსპერიმენტული მაღაზია გახსნა, რომლის მიმართულებაც მუზეუმის მაღაზიისა და შემოქმედებითი სახელოსნოს ერთგვარი ნაზავია.
სუვენირები, აქსესუარები, მოხმარების ყოველდღიური ნივთები და შემოქმედებითი შრომისათვის საჭირო ხელსაწყოები, რომლითაც მაღაზია ნელ-ნელა ივსება, ქართველი თუ უცხოელი არტისტებისა და დიზაინერების შექმნილია.
მათი უმეტესობა კულტურული გაცვლის, ჯგუფური სახელოვნებო ინიციატივის ან თბილისში ჩატარებული გამოფენა/შეხვედრების სამახსოვრო არტეფაქტია, როგორიცაა, მაგალითად, ალტერნატიული პერფორმანს-სცენის ამომავალი ვარსკვლავის, ამერიკელი ლეილა ჰეკმათის თბილისში შექმნილი მცირეტირაჟიანი გამოცემა, “Thief’s Journal“, მულტიმედია არტისტის, ანდრო ერაძისა თუ ბერლინში მოღვაწე ანა ტაბატაძის ნამუშევარი მაისურზე ან ჰუდზე.
მაღაზიაში ტრადიციული ოსტატების მიერ ხელნაკეთი რარიტეტებიც შეიძლება ნახოთ, მაგალითად, კავკასიური დანა, რომელიც იმერეთში ცნობილი კეზევაძეების საგვარეულო სამჭედლოს დამზადებულია ექსპერიმენტული მასალით.
ორგანიზაცია „პროპაგანდას“ პირველ პროექტებს შორის ნეონისა და სილკოგრაფიის სახელოსნოების შექმნა იყო. ამ ორ მედიუმს, რომლებსაც დიდი განვითარების პოტენციალი და საინტერესო ისტორია აქვს, საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ კომერციული დანიშნულებით იყენებენ, ამიტომ „პროპაგანდა“ დღესაც მუშაობს ხელოვანთა ამ მიმართულებით დაინტერესებისთვის.
მაღაზიაში სილკოგრაფიის ტექნოლოგიითა და “პროპაგანდას” ნეონის სახელოსნოში დამზადებულ ნივთებსაც იხილავთ. ონლაინ მაღაზიის სანახავად ამ ლინკზე უნდა გადახვიდეთ. ამ ეტაპზე მიტანის სერვისი მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. მაღაზიის კურატორი, დიზაინერი და არტისტი თეონა ცინცაძეა.