fbpx

ბერლინალე 70 — ოქროს დათვი ირანში მიდის


გააზიარე სტატია

 

ბერლინის კინოფესტივალმა წელს ქებაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ჟიურიმ, რომელსაც ჯერემი აირონსი ხელმძღვანელობდა მოახერხა სიტუაციის შემობრუნება და საბოლოო ჯამში 70 წლის იუბილეზე ოქროს და ვერცხლის დათვები ნამდვილად ღირსეულ ფილმებზე, მსახიობებსა და რეჟისორებზე გადანაწილდა.

ბერლინალეზე ირანულმა ფილმმა გაიმარჯვა. რეჟისორ მოჰამად რასულოფის ფილმი “ბოროტება არ არსებობს” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა და ოქროს დათვიც სწორედ მას გადაეცა.

უნდა ითქვას, რომ მოჰამად რასულოფს ირანში ფილმების გადაღება 2017 წელს აუკრძალეს, თუმცა მან თავისი ახალი ფილმის გადაღება ფარულად შეძლო. იმის გამო, რომ რეჟისორს ქვეყნის დატოვება აქვს აკრძალული, მის ნაცვლად ფესტივალის მთავარი პრიზი მისმა შვილმა, ბარან რასულოფმა მიიღო.

ჟიურის თავმჯდომარის, მსახიობ ჯერემი აირონსის განცხადებით, სიკვდილით დასჯის შესახებ გადაღებული ფილმი გვიჩვენებს, როგორ ებრძვის ავტორიტარული რეჟიმი რიგით ადამიანებს.

რაც შეეხება ვერცხლის დათვს საუკეთესო რეჟისურისთვის, ის ჰონ სანსუს გადაეცა ფილმისთვის “ქალი, რომელიც გაიქცა”.

 

ცალკე აღნიშვნის და დიდი ქების ღირსია ჟიურის გადაწყვეტილება საუკეთესო ქალი და კაცი მსახიობებისთვის გადაცემული პრიზები. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ჯილდო მიიღო ფილმში “უნდინე” შესრულებული როლისთვის პაულა ბეერმა. საუკეთესო მსახიობი კაცი კი ელიო ჯერმანო გახდა, ფილმში Hidden Away შესრულებული როლისთვის.

 

“ვერცხლის დათვი” საუკეთესო სცენარისთვის ძმებმა დ’ინოჩენცოებმა მიიღეს ფილმისთვის “ცუდი ამბები”.

 

“გრან-პრი” კი გადაეცა ფილმს “არასდროს იშვიათად ხანდახან ყოველთვის”.

ჟიურის ყველა ამ გადაწყვეტილებას პრესაში დადებითი შეფასებები მოჰყვა და როგორც წერენ, რაც სრულიად შეესაბამება სიმართლეს, 70 წლის იუბილეზე, ფესტივალმა ღირსეულ გამარჯვებულებს გადასცა ჯილდო.