fbpx

ჰაერი, როგორც სივრცე, და გამოფენა, რომელიც ბავშვობაში ბრუნდება — ინტერვიუ მაქსიმე მაჩაიძესთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი

ვერაფერი გამოხატავს AirMax 925-ს ისე, როგორც სივრცეში მიმოფანტულ, ფერად კომბინაციებს შორის ჩამომჯდარი მაქსიმე, რომელიც „შატალოზე“ გამოპარულ ბავშვებს ესაუბრება. დიალოგი იმდენად საინტერესოა, რომ მისი შეწყვეტა მეუხერხულება და Window Project-ში გამოფენილ ნამუშევრებს ვათვალიერებ. 

„…The libraries of combinations standing in the wind like vending machines of stars” – ვკითხულობ კედელზე და ვფიქრობ, რომ ამ ფრაზის ზუსტად გადათარგმნა ძნელია – ისეთივე ძნელი, როგორც მაქსიმე მაჩაიძის გამოფენის მხოლოდ ერთ განმარტებაში ჩატევა. ვარსკვლავებივით მიმოფანტულ ნივთებს სახელები რომ მოუძებნო, ჯერ საკუთარ თავში შემონახულ ბავშვს უნდა დაუბრუნდე და მის ფანტაზიას ბოლომდე მიენდო.

აქ ყველაფერია – გახეული ბურთი, გირჩი და მასზე წამომჯდარი ქაუბოი, დრონის პულტზე დამაგრებული მანქანა მეორადების მაღაზიიდან, ვიზუალური ნამუშევრები, რომლებიც KayaKata-ს ვირტუალური ალბომიდან რეალურ სივრცეში ინაცვლებს, ვერცხლის სამკაულები და უფუნქციო ნივთები, რომლებიც არაფრისგან ქმნიან ყველაფერს, რაც იმ მომენტში მოგაფიქრდება.

„ამ ყველაფერს სწორედ ბავშვებისგან ვსწავლობ. სულ ვცდილობ, მათი ასაკის გავხდე და ჩემში არსებული ბავშვი გავიხსენო. მათაც ვურჩევდი, რომ ყველაზე მეტად საკუთარ თავში არსებულ ბავშვებს მოუფრთხილდნენ“,  – ამბობს მაქსიმე და გამოფენაზე გამოპარულ ბავშვებს შეხვედრის პირობით ემშვიდობება, – „მეხუთეკლასელებიც იყვნენ. გამოფენის დასათვალიერებლად მასწავლებელმა მოიყვანა. რაღაც ნივთები თავისი სურვილით გადააწყვეს და ზოგი კომბინაცია შეიცვალა. ზოგადად, ეს გამოფენა ერთი დიდი სკულპტურაა და ხან როგორ ეწყობა, ხან – როგორ. არაფერს არანაირი დატვირთვა არ აქვს. უბრალოდ, სათამაშოებია.“

რა არის შენთვის სათამაშო?

სათამაშო არის ხელის გასართობი, ტვინის სავარჯიშო და თვითგამოხატვის რაღაც ფორმა. სათამაშოებით თამაში ზუსტად იგივეა, რაც ხატვა ან მუსიკის კეთება. მუსიკა ხმებით თამაშია, ხატვა კი – საღებავებით. ნივთებით თამაში უკვალოდ ხატვაა – მატერია არ გრჩება, მაგრამ შინაგან სამყაროს იგივენაირად გამოხატავ.

რას დაიბრუნებდი ბავშვობიდან?

ბავშვობიდან სულ რაღაცების წამოღებას ვცდილობ. მინდა, გავიხსენო, როგორ მუშაობდა ტვინი და წამოვიღო ცოდნა, რომლის მნიშვნელობაც მაშინ არ ვიცოდი. ყველაფერი, რასაც ვიხსენებ, ახალ ფორმას იძენს, სხვანაირად იფილტრება და ახალ ცოდნად გარდაიქმნება. ამ გამოფენამდეც ასე, თამაშ-თამაშით მოვედი. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ჩემს პირად სივრცეში ხდებოდა. ავიღე, გავფილტრე და მარტო ის წამოვიღე, რაც თავისთავად სრულყოფილი იყო და ყველაზე მეტად მომწონდა.

…და AirMax 925 დაარქვი. ჰაერი, მაქსიმე, Luna 925, „ნაიკის“ ბოტასი – კიდევ რა შეიძლება ვიგულისხმოთ გამოფენის სახელწოდებაში?

925 ვერცხლის სინჯია. Silver Surfer-ი ჩემი საყვარელი გმირია და ვფიქრობ, რომ AirMax 925 მისი ერთ-ერთი ალტერ ეგოა. მომწონს, რომ ეს სახელწოდება ბოტასსა და ურბანულ კულტურასთანაც ასოცირდება. ჰაერი კი არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც არ ჩანს. 

ზოგადად, ძალიან საინტერესოა ჰაერი – როგორც სასიცოცხლო კომპონენტი, და ჰაერი – როგორც სიცარიელე. არ არის აუცილებელი, ყველა სიცარიელე შეივსოს. თუ თაროზე სიცარიელეს არ დატოვებ, იქ ახალ წიგნებს ვერ შეაწყობ. სულ უნდა არსებობდეს თავისუფალი ადგილები და სივრცეები. რაც უფრო ცოტა ნივთია ჰაერში, მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თითოეული მათგანი. 

როგორც ვხედავ, ქვებიც არანაკლებ გაინტერესებს…

ზოგადად, ქვა ბევრ რამეს გვასწავლის და ჩვენი პლანეტა თავის ამბავს რომ ჰყვებოდეს, ქვებით ძალიან ლამაზად მოგვიყვებოდა. თუ დააკვირდები, საუბარი შუქსაც შეუძლია. 

ძენ-ბუდიზმში არის ერთი ძალიან ზუსტი ფორმულა – როცა რაიმეს არსს შეიცნობ, მერე ერთი სიტყვაც ბევრის მთქმელია. იგივე ფორმულით – როცა სწავლას სწავლობ, ერთი ქვიდანაც დიდი ინფორმაციის მიღება შეგიძლია.

ახსენე, რომ ქვები შუქთან მიმართებაში იცვლებიან. როგორი ხდება მაქსიმე მაშინ, როცა შუქი ქრება?

ისეთი ვარ, როგორიც ვარ – უბრალო და ჩვეულებრივი. საქმიანობის პროცესში შეიძლება ოდნავ შევიცვალო. აი, მაგალითად, მყვინთავი ჩაყვინთვისას აკვალანგს იცვამს, მაგრამ შიგნიდან ზუსტად ის რჩება, რაც ჩაყვინთვამდე იყო. იგივე ხდება ჩემთანაც – როცა საქმეში ვიძირები, ჩემს „აკვალანგს“ ვიცვამ. და რაც უფრო დიდხანს ხარ ამ აკვალანგში, უფრო რთულია მერე გახდა, დიდხანს არ უნდა გაჩერდე.

ბევრისთვის შეიძლება აღმოჩენა იყოს, რომ ტანსაცმლის დიზაინს ქმნი და რამდენიმე ნამუშევარი აქაც გაქვს გამოფენილი. რას გამოხატავს ის, რაც გაცვია?

ტანსაცმელს აღვიქვამ, როგორც ერთგვარ ტაძარს, რომელსაც თან ვატარებთ და გვათბობს. ტანსაცმელი კოსმოსური ხომალდია – ირგვლივ კოსმოსია, ჩვენ კი ჩვენი ხომალდები გვაცვია. სხვა ხელშესახები მატერია არ გაგვაჩნია. დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ თეორიულად გვაქვს. 

უკვე მილიონჯერ დასმული შეკითხვა, რომელსაც კიდევ მილიონჯერ დაგისვამენ: როგორია ხელოვანი მშობლების გავლენა შენს შემოქმედებაზე?

ჩემ გარშემო ყოველდღიურად ისეთი ადამიანები იყვნენ, რომ, ფაქტობრივად, ხელოვნების „ჰარვარდში“ გავიზარდე. გავლენა ძალიან დიდი იყო და უამრავი რამ ვისწავლე. ზუსტად ამიტომ, ჩემი თავისგან ყოველთვის ბევრს მოვითხოვ. როცა ამხელა ცოდნას იღებ და ამდენ გავლენას აგროვებ, საკუთარი თავის პოვნა უფრო რთულდება. მაგრამ, თუ ახერხებ, რომ ყველა ეს გავლენა და ცოდნა გაიზიარო და მაინც შენს გზას მიაგნო, ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. 

გავლენების არ უნდა გეშინოდეს. პირიქით – ყველაფერი უნდა მიიღო, გაიაზრო და მერე შენებურად განავითარო. მხოლოდ ასე გაიზრდები.

ჩემთვის მნიშვნელოვანია დიალოგიც. როცა რაღაცას ვქმნი, ის ყოველთვის დიალოგშია იმ ცოდნასთან, რომელსაც ვატარებ, და იმ სივრცესთან, რომელშიც მის გაზიარებას ვაპირებ.

შენი მუსიკა მალე ფილმშიც გაიჟღერებს. როგორ მოხვდა KayaKata „უარყოფით რიცხვებში“?

ფილმის შინაარსს რომ გავეცანით, ძალიან მოგვეწონა და შემოთავაზებას მაშინვე დავთანხმდით. სიუჟეტი გვიამბობს, როგორ იბადება ციხეში რაგბი და მასთან ერთად – თავისუფლებაც. ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-16 ციხეში დავუკარით და საოცარი ემოცია იყო. 1-2 წლის წინაც რუსთავის ციხესთან შევხვდით ახალ წელს – ფეიერვერკებით. ასეთი ამბები პატიმრებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ზოგადად, ციხე არის დაწესებულება, სადაც პატიმრებს თავისუფლება უნდა ასწავლონ და იქიდან უკეთესი ადამიანები გამოუშვან. ჩვენთან ეს ფუნქცია დარღვეულია და „451º ფარენჰაიტის“ პრინციპით მუშაობს – ხანძრის ჩაქრობის მაგივრად, ცეცხლს აჩენენ. 

პატიმრებს იმდენად უხეშ სამყაროში უწევთ თავის დამკვიდრება, რომ ხშირად, გამოსვლის შემდეგ, ციხეში უფრო მძიმე დანაშაულის გამო ბრუნდებიან. ეს დაწესებულება სასარგებლო რაღაცებით უნდა დაიტვირთოს – პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ისწავლონ, დრო სასარგებლოდ გაატარონ და საკუთარი თავი გამოხატონ იმისათვის, რომ იქიდან უკეთესი მიზნებით გამოვიდნენ. 

ზოგადად, კარგი ექიმის ოცნება უნდა იყოს ცარიელი საავადმყოფო. მხოლოდ ცუდი ექიმი ოცნებობს ბევრ პაციენტზე. იგივეს ვიტყოდი პოლიციაზეც – კარგ პოლიციელს ცარიელი საკნები უნდა ახარებდეს, იმიტომ რომ ეს ნაკლებ კრიმინალს ნიშნავს. მაგრამ ჩვენთან სავსე ციხეები უხარიათ, იმიტომ რომ ამით საკუთარ სტატუსსა და ძალაუფლებას ინარჩუნებენ. ურჩევნიათ, ბევრი ადამიანი დაიჭირონ და კრიმინალად ჩამოაყალიბონ, ვიდრე დაკარგონ ის, რაც ძალაუფლებად მიაჩნიათ. ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიციელების 90% თვითონ არის ყველაზე დიდი კრიმინალი. 

რას იტყვი იმ უარყოფით ენერგიაზე, რომელიც ჩვენთან ასეთი დიდი დოზით დაგროვდა?

არც ტელევიზორი მაქვს და არც – „ნიუსფიდი“. ამიტომ, ზედმეტ ინფორმაციას არ ვიღებ. თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, მირეკავენ და მეუბნებიან. 

ზედმეტად დიდი დრო მიაქვს სოციალურ მედიას – ადამიანები საკუთარ თავს კარგავენ და ვიღაც პოლიტიკოსის ცხოვრებით ცხოვრობენ, რის გამოც ნაკლებ დროს უთმობენ შვილებს და მეტ დროს – ვიღაც ტიპებზე გაბრაზებას… 

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ვცდილობდი, ყველასთვის ყველაფერი ამეხსნა, რომ არავის არაფერი სწყენოდა. შემდეგ კი მივხვდი, რომ ამას ძალიან დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა და ჯობდა, ეს ენერგია კარგი საქმეებისკენ მიმემართა. ყველაფერს აჯობებს, ვაკეთოთ ის საქმე, რითაც სარგებელი მოგვაქვს. 

აი, ის ადამიანები, მთის სოფლებში მარტო რომ ცხოვრობენ და ამ სოფლებს თავისი საქმიანობით აცოცხლებენ… რა სიგიჟეა, არა? ნახევარზე მეტი საქართველო თბილისში ცხოვრობს, მთები იცლება და სოფლები ქრება. ჩვენ კიდევ ოკუპაციის გაპროტესტებას უფრო მეტ დროსა და ენერგიას ვუთმობთ, ვიდრე იმას, რომ მართლა რამე გავაკეთოთ და მეტი ტერიტორია აღარ დავკარგოთ. 

საქართველო სად არის? 

ყველგან, სადაც ქართულად ლაპარაკობენ. თუ იმ ადგილებს არ მივხედავთ, სადაც უკანასკნელი მოხუცები ცხოვრობენ, ეს სივრცეები დაცარიელდება და უფრო მარტივად დაიკარგება. იქ, სადაც ქართულად აღარ ისაუბრებენ, საქართველო აღარ იქნება. ახლა, როცა ბავშვები მიცნობენ და ჩემგანაც რაღაც მაგალითს იღებენ, ძალიან მინდა, რომ მომავალში მთაში გადავსახლდე და ვაჩვენო, რომ იქ ცხოვრება მნიშვნელოვანია.

რას მოაქვს შენთან სიმშვიდე?

სიმშვიდე ერთხელ ფსიქოლოგმა მომიტანა. ზოგადად, ფსიქოლოგთან მისვლა ძალიან სასარგებლოა, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ისიც შენნაირი დაკარგული მოკვდავია და ბოლომდე არ უნდა ენდო. ასე თუ უყურებ შეუძლია დაგეხმაროს

ერთხელ ალერგიის შეტევა მქონდა – სუნთქვა მიჭირდა და ვერ ვხვდებოდი, რატომ. სანამ გავიგებდი, რომ ალერგიის ბრალი იყო, ფსიქოლოგთან მივედი, რომელმაც მთხოვა, ოთხი სიტყვა გამემეორებინა: “მადლობა”, “მიპატიებია”, “დასანანია” და “ბოდიში”. რამდენჯერმე გავიმეორე, მაგრამ დიდი შედეგი არ ჰქონია. ასე დავიშალეთ. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ რაღაცების ტრიალი სასარგებლოა. სიმშვიდე იმდენჯერ გავიმეორე, რომ რაღაც დროის შემდეგ თავისით დატრიალდა. ველოსიპედის პრინციპია – პედლებს ჯერ შენ ატრიალებ, შემდეგ კი თავისით მიდის და ამაზე აღარც ფიქრობ, ცოდნა სისტემაში ჩაიღვარა და თავისით მუშაობს და გივლის.

სიმშვიდე საიზოლაციო ლენტას ჰგავს – შიშველ დენის კაბელებს რითაც ფუთავენ, ზუსტად ასე იფუთება სიმშვიდეში ნებისმიერი ფიქრი, და აღარც შენთვისაა სახიფათო და არც სამყაროსთვის.

სიყვარული?

ყველაფერი სიყვარულია. სიყვარული ყველაფერია, რაშიც თავისუფლება, ურთიერთგაგება და პატივისცემა ფიგურირებს. სიყვარული არის შექმნის ძალა. სამყაროს სიყვარული აგენერირებს. 

რას გვიყვებიან სიმბოლოები შენს სხეულზე?

ჭოგრიტი ძიების პროცესია და პირატებსაც უკავშირდება. ზოგადად, სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს – ხასიათის მიხედვით. 

ელვა ელვაა. ელვა მომწონს. მგონია, რომ დენი ძაან მნიშვნელოვანი და ლამაზია.

ბეისბოლის ბიტაც ლამაზია. თან მგონია, რომ ჩვენი ცნობიერიც ბეისბოლის ბიტასავით არის და მუდმივად შემოსულ ინფორმაციას იგერიებს. 

NINTENDO და PYREX ერთდროულად დავიხატე, იმიტომ რომ ლოგოები ერთმანეთს ჰგავს. ზოგი ბავშვი ჩნდება იმ რეალობაში, სადაც უფროსი ძმა წამალს ხარშავს, ზოგი კი იქ, სადაც ის NINTENDO-თი თამაშობს. თუმცა, ორივე ბავშვი ერთნაირია. უბრალოდ, რაც მიაწოდეს, მისთვის საკრალურად ის გადაიქცა…

„მოუსმინე ქალაქს“

 თბილისს რომ მოუსმინო, მიხვდები, რომ სუნთქვა უჭირს და ძაან ბევრი პრობლემა აქვს. მასში ბევრი სხვადასხვა ხასიათია ჩატვირთული ზუსტად ისე, როგორც Westworld-ის რობოტებში. ერთ თბილისში ბევრი თბილისია დალექილი და ამიტომ დაიღალა. ძალიან მიყვარს ის თბილისი, რომელიც ჩემთან ერთად გაჩნდა და გაიზარდა და რომელიც ყველა სხვა თბილისისგან შედგება. თუმცა, მინდა, რომ ეს თბილისი თბილისიდან წავიყვანო და სადმე მთაში, ჰაერზე ავიყვანო, სადაც ამოსუნთქვას შეძლებს.

დაბოლოს…

ბავშვობაში მყავდა სათამაშო კაცუნა, რომელიც ჩემი „როლ მოდელი“ იყო. რომ გავიზრდებოდი, მინდოდა სათამაშო გამოვსულიყავი. ასეც მოხდა – ერთ დღეს მივხვდი, რომ შენი სხეული შენ გეკუთვნის და შენ თუ გინდა, შენი სათამაშო იქნები. 

რობოტობაც მინდოდა და რაღაც მომენტში ქვედა კბილები ჩამომეშალა და ტიტანის კბილები ჩავისვი და სულ ცოტათი გარობოტებისკენ წავედი. 

ბავშვობაში ყველაფერი ძალიან სუფთაა, ამ სამყაროსი არაფერი გესმის და უბრალოდ თამაშობ. მგონია, რომ ეგ არის ყველაზე სწორი მიდგომა. ზოგჯერ მთელ სამყაროზე ზრუნვას არანაირი აზრი არ აქვს და ერთადერთი, რაც შეგიძლია, შენი საქმის კარგად კეთებაა. სწორედ ამას შეუძლია, მოგცეს მეტი ძალა იმისათვის, რომ უფრო მეტად და უფრო მეტჯერ იყო სასარგებლო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.