fbpx

„რეკორდმაისტერი“ შეუჩერებელია!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი რაუნდი, რომელმაც გარდა იმისა, რომ არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შესთავაზა ფეხბურთის მოყვარულებს, გარკვეული სიახლეებიც წარმოაჩინა დღევანდელი ევროპული საფეხბურთო ტენდენციების თვალსაზრისით.

დავიწყოთ ახალი ფეხბურთელით, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო წრეების წარმომადგენლებს უკვე დაუმტკიცა დორტმუნდის „ბორუსიას“ მესვეურთა შორსმჭვრეტელობა, როდესაც მათ ყველას დაასწრეს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში მისი „ზალცბურგიდან“ გადაყვანა შეძლეს. 

19 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი საგოლე სიტუაციაში აღმოჩენის გასაოცარი ალღოთი გამორჩეული, სისხარტით და ინტუიციით დაჯილდოებული ფეხბურთელია.

მის მიერ „პარი სენ-ჟერმენის“ კარში შესრულებული დუბლი კი „ბორუსიას“ მეოთხედფინალში გასვლის რეალურ შანსს უტოვებს, რაც ნეიტრალურ მაყურებელს განმეორებით მატჩში სწორედ ჰოლანდიდან გამომდინარე, „დორტმუნდის“ გულშემატკივრობისკენ უბიძგებს. 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა და ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურმა მატჩებმა, ზოგადად, გერმანიის ბუნდესლიგის აშკარა პროგრესი წარმოაჩინა ევროპის სხვა წამყვან ლიგებთან შედარებით. 

„ლაიპციგის“ მიერ „ტოტენჰემის“ დამარცხების შემდეგ, ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესი „ჩელსისა“ და „ბაიერნს“ შორის კიდევ ერთ ინგლისურ-გერმანულ დაპირისპირებაზე გადაერთო. ამ მატჩის მიმართ ყურადღებას ინგლისური კლუბების წინააღმდეგ გერმანელთა შარშანდელი ფიასკოც ამძაფრებდა.

„ჩელსიმ“ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ტურნირის საუკეთესო გუნდისთვის მატჩის პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დასაწყისში შეძლო მედგარი წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ როდესაც მასპინძელთა პორტუგალიელი ლეგიონერი ჟორჟინიო მთავარ არბიტრს შეეპასუხა და ამისთვის ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, „არისტოკრატების“ მიმართ სადამსჯელო ოპერაციაში უკვე „რეკორდმაისტერიც“ ჩაერთო და მატჩის ბოლომდე მეტოქე მიწასთან გაასწორა.

ორმოცწუთიანმა მონაკვეთმა „ჩელსი“ ვიწრო გაქანების პროვინციულ გუნდად წარმოაჩინა მრისხანე მეტოქის წინაშე, რომელსაც აშკარად ემჩნევა მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელის ხელი.

„რეკორდმაისტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა. ჰანს-დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით „ბაიერნი“ ჯერჯერობით შეუჩერებელი ჩანს და თუკი ნიკო კოვაჩის ხელში გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო პერიოდის უცვლელმა ჩემპიონმა გასვლაზე 7:2 მოუგო „ტოტენჰემს“, სულაც არაა გასაკვირი ფლიკის თაოსნობით მისი „ჩელსისთან“ ანგარიშით 3:0 გამარჯვება.

რობერტ ლევანდოვსკიმ ამ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა განახორციელა სერჟ გნაბრის მისამართით, ბოლოს კი თავადაც დალაშქრა მეტოქის კარი. გოლები იყო „რეკორდმაისტერული“ მასტერკლასის შედეგი, რომელთაც კიდევ კარგა ხანს უნდა უცქიროს „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა დასკვნების გამოსატანად.

აშკარა პროგრესი შეინიშნება თომას მიულერის თამაშში. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ის ჩვეული ხალისი და შემართება დაუბრუნდა, რაც სავარაუდოდ, ევრო 2020-ზე მონაწილეობის საშუალებას მისცემს. 

ჩემპიონთა ლიგაზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ევროპის ლიგაზე მონაწილე სამმა გერმანულმა კლუბმა მერვედფინალურ ეტაპზე ისე გაიკვალა გზა, რომ ექვსიდან ხუთი თამაში მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. შედეგი მართლაც რომ საარაკოა!

გერმანული კლუბების წარმატებული გამოსვლის ფონზე, საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება ესპანელთა ასპარეზობა წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.

საინტერესოა, როგორ აპირებს „ბაიერნთან“ თამაშს „ბარსელონა“, თუკი მას სადმე გადაეყრება… კატალონიურმა კლუბმა „ნაპოლისთან“გასვლაზე მორიგი უფერული მატჩი ჩაატარა, რომლის დამთავრების შემდეგაც მასპინძელთა მწვრთნელი ჯენარო გატუზო წუწუნებდა – ერთხელ დაგვირტყეს და ისიც გაგვიტანესო.

სტუმრად ნათამაშები 1:1 სულაც არ აძლევს „ბარსელონას“ მეოთხედფინალში გასვლის გარანტიას. „ნაპოლიმ“ ბოლო დროს დიდი ცვლილებები განიცადა, რაც მის უარყოფით შედეგზეც აისახა იტალიის სერია A-ში, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს „ბარსელონასგან“ განსხვავებით, გადამწყვეტ მომენტში მობილიზების უნარი რომ გააჩნია, ეს თუნდაც მის მიერ იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსთან“ მოგებულმა მატჩმა დაგვანახვა.

იტალიის ჩემპიონი კი დიდი პრობლემების წინაშე დგას, რაც „ლიონთან“ მისმა მარცხმა კიდევ ერთხელ ცხადყო. თანაც საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში მასპინძლებს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე აკლდათ. 

„იუვენტუსის“ გულშემატკივრები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ფიქრობენ, რომ საკუთარ კედლებში „ბებერი ქალბატონი“ „ლიონის“ წინააღმდეგობას დასძლევს; მაგრამ ეს ასე რომც მოხდეს, ცხადია, რომ ასეთი თამაშით იტალიის ჩემპიონი შორს ვერ წავა.

თუკი იტალიის წარმომადგენელთაგან საუკეთესო შედეგი ბერგამოს „ატალანტამ“ დააფიქსირა, ესპანეთში ასეთი მადრიდის „ატლეტიკო“ აღმოჩნდა. თუმცა, დიეგო სიმეონეს გუნდი „ენფილდზე“ ფავორიტის როლში რომ არ იქნება, ახლავე აშკარაა.

ბოლო სათამაშო დღის წინ დიდი საფრთხის წინაშე იდგა ინგლისური ფეხბურთის რეპუტაცია, რადგან „ტოტენჰემი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“ გარდა იმისა, რომ  სამივე დამარცხდა, გოლის გატანა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.

ასე რომ, „მანჩესტერ სიტის“ საკუთარი მიზნის შესრულებასთან ერთად, პრემიერლიგის პრესტიჟზეც გაუჩნდა საზრუნავი. პეპ გვარდიოლას გუნდის მიერ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოგებული მატჩი კი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ინგლისის შარშანდელ ჩემპიონს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე  მადრიდის „რეალის“ რანგის კლუბი აქამდე არასოდეს დაუმარცხებია.

„მანჩესტერ სიტის“ შედეგი განსაკუთრებით დასაფასებელი ჩანს ბოლო ხანს მის ირგვლივ ამტყდარი არასასიამოვნო აჟიოტაჟის ფონზე, რასაც უახლოეს მომავალში გუნდიდან უძლიერესი მოთამაშეების გადასვლაც შეიძლება მოჰყვეს. 

პრემიერლიგის გამარჯვებულმა მადრიდის „რეალთან“ შედარებით ბევრად დახვეწილი და კარგად მომზადებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ისკოსგან მიღებული მოულოდნელი გოლის შემდეგ, სტუმრები წამითაც არ დაბნეულან და მეთოდურად და მიზანმიმართულად შეუდგნენ მდგომარეობის გამოსწორებას.

საპასუხო გოლი უჩვეულო გამოდგა. გაბრიელ ჟეზუსმა დე ბრიუინის შესანიშნავი ფლანგური გარღვევის და ჩამოწოდების შემდეგ, მეორე სართულზე პოზიციურ ბრძოლაში სერხიო რამოსს აჯობა და ანგარიში გაათანაბრა. 

გადამწყვეტი ბურთი კი რაჰემ სტერლინგის გარღვევას და საჯარიმო მოედანზე მის მიმართ კარვახალის მიერ წესის დარღვევას მოჰყვა. 

დე ბრიუინის თერთმეტმეტრიანი აუღებელი აღმოჩნდა ტიბო კურტუასთვის, რომლის თამაშში აღარ იგრძნობა ისეთი ხალისი და დამაჯერებლობა, როგორითაც ბელგიის ნაკრების კარის დარაჯი „რეალის“ ბოლო პერიოდის კრიზისამდე გამოირჩეოდა.

რა უნდა შესთავაზოს ზინედინ ზიდანის გუნდმა „მანჩესტერ სიტის“ საპასუხო შეხვედრაში? რის ხარჯზე აპირებს „სამეფო კლუბი“ რევანშს იმ გუნდთან, რომელსაც ევროპულ ასპარეზზე აქამდე თავი არაფრით უსახელებია? 

ორი კვირა მცირე დრო სულაც არაა გუნდში გარკვეული კორექტივების შესატანად და ღირსეული „ქამ ბექის“ შესასრულებლად, მაგრამ პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილების, მისი გუნდის საოცარი მონდომების და სერხიო რამოსის არყოფნის გათვალისწინებით, საპასუხო შეხვედრაში ალბათ „სამეფო კლუბის“ სამარცხვინო ანგარიშით წაგებაც არ უნდა გამოვრიცხოთ. გვარდიოლას ეს ნამდვილად არ ესწავლება…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.