fbpx

მართალია თუ არა, რომ ადამიანი ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ 10%-ს იყენებს?


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მარიამ კერესელიძე

 

ადამიანის ტვინი დაახლოებით 1,5 კილოგრამს იწონის და 100 მილიარდ ნეირონს შეიცავს – უჯრედს, რომელიც ინფორმაციას ატარებს. ყოველდღიური მილიონობით მოქმედების შესრულების გარდა, ეს არის გრძნობების, ქცევების, გამოცდილების და მეხსიერების “საცავი”. გასაკვირი არაა, რომ ტვინი თავისთავად საიდუმლოდ რჩება. 

2013 წელს  ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა დაახლოებით 65 პროცენტი თვლის, რომ ჩვენ მხოლოდ ტვინის 10%-ს ვიყენებთ. ეს მოსაზრება მითია, რასაც ნევროლოგი ბარი გორდონის ინტერვიუც ამტკიცებს. მან განმარტა, რომ ტვინის უმეტესი ნაწილი თითქმის ყოველთვის აქტიურია. სიმართლეა, რომ ნებისმიერ მოცემულ მომენტში ტვინის ყველა რეგიონი ერთდროულად არ მუშაობს. ტვინის ვიზუალიზაციის ტექნიკას, რომელსაც ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) ეწოდება, შეუძლია გაზომოს აქტივობა თავის ტვინში მაშინ, როდესაც ადამიანი რაიმე დავალებას ასრულებს. 

ამ და მსგავსი მეთოდების გამოყენებით, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ჩვენი ტვინის უმეტესი ნაწილია აქტიურია ყველაზე მარტივი მოქმედების ან, პირიქით, ძილის და დასვენების დროსაც. ტვინის გამოყენების პროცენტულობა განსხვავდება ადამიანებისა და იმ მოქმედებების მიხედვით, რომლებსაც ისინი ასრულებენ. 

10% მითის წარმოშობა გაურკვეველია, მაგრამ ზოგიერთი მას ამერიკელი ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის, უილიამ ჯეიმსის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც 1907 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “The Energies of Men აღნიშნა, რომ “ჩვენ  ჩვენი შესაძლო გონებრივი და ფიზიკური რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ”.  

უილიამი ოპტიმისტურად  იყო განწყობილი, რომ ადამიანებს უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ, მაგრამ ტექსტში ის არ ეხება ტვინის მოცულობას ან უჯრედების რაოდენობას და მეტიც, ის კონკრეტულ პროცენტს არ ასახელებს. შესაბამისად, მისი მოსაზრება არასწორადაა ინტერპრეტირებული. 10%-ის მითი მოსხენიებულია დეილ კარნეგის 1936 წლის წიგნის წინასიტყვაობაში –  “როგორ შევიძინოთ მეგობრები და რა გავლენა მოვახდინოთ ადამიანებზე”.   

მითის წინააღმდეგ არგუმენტი ევოლუციიდანაც შეგვიძლია მოვიყვანოთ. ზრდასრული ადამიანის ტვინი სხეულის მასის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს, თუმცა ის ენერგიის 20 პროცენტზე მეტს ხარჯავს. შედარებისთვის, ხერხემლიანთა მრავალი სახეობის – მათ შორის, თევზის, ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების – მოზრდილი ტვინი  სხეულის ენერგიის  2-დან 8 პროცენტს მოიხმარს. ტვინი მილიონობით წლის ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ჩამოყალიბდა და ნაკლებად სავარაუდოა, მხოლოდ 10%-იანი გამოყენებისთვის მიეძღვნა სხეულს თავისი ენერგიის ამხელა ნაწილი. 

“არასწორია ვიფიქროთ, რომ თუ ტვინი დაზიანდება, თქვენ ვერ შეძლებთ ყოველდღიური მოქმედებების შესრულებას. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ტვინი დაუზიანდათ ან მისი რომელიმე ნაწილი ამოღებული აქვთ, მაგრამ ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებენ ცხოვრებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინს კომპენსირების საშუალება აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ რაც დარჩენილია, ის ნაწილები აქტიურად მუშაობენ”,  – განაცხადა ნევროლოგმა ჯონ ჰენლიმ ამერიკულ ჟურნალში “Scientific American”. 

არსებობს კიდევ ერთი ფენომენი, რისმა არცოდნამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. რეალურად, თავის ტვინის 10% შედგება ნეირონებისგან, ხოლო 90% გლიალური უჯრედებისგან. ეს არის უჯრედები, რომლებიც ფიზიკურ და მკვებავ დახმარებას უწევენ ნეირონებს, მაგრამ მათი ფუნქციის უმეტესი ნაწილი დღემდე უცნობია.

ასე რომ, დასკვნა შემდეგნაირია:

  • არასწორია მოსაზრება: ჩვენ ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ
  • სწორია მოსაზრება: ჩვენ ტვინის მხოლოდ 10%-ის ფუნქციებზე გვაქვს ინფორმაცია

 

ჰოლივუდური ფილმები 10% მითის შესახებ

ლეგენდარულმა რეჟისორმა ლუკ ბესონმა ამ მითზე 2014 წელს გადაიღო ფილმი, სახელწოდებით  “ლუსი”, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. ის ერთი ჩვეულებრივი ქერა ქალიდან ზებუნებრივ ქმნილებად გადაიქცა, რომელიც საკუთარი ტვინის 100%-ს იყენებს. მორგან ფრიმენი კი პროფესორის ამპლუაში გვევლინება, ის  ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს სწავლობს და სწორედ მას მიმართავს ლუსი (სკარლეტ იოჰანსონი), როდესაც საკუთარ თავში არაბუნებრივ შესაძლებლობებს აღმოაჩენს. 

 

 

იგივე თემაზე 2011 წელს ნილ ბიორგერმაც გადაიღო ფილმი, სახელწოდებით “უსაზღვრო”. მთავარ როლში ბრედლი კუპერი წარუმატებელ მწერალს ასახიერებს, რომლის ცხოვრებაც საიდუმლო აბის მიღების შემდეგ რადიკალურად იცვლება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.