fbpx

წიგნები სიუჟეტებით თბილისის გარეთ – თანამედროვე ქართული ლიტერატურა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია


ბევრჯერ გამიგონია რიგითი მკითხველისგან, მათგან, ვინც ეროვნულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობა, რომ ის გამუდმებით დედაქალაქის ორ უბანშია მომწყვდეული, და შესაბამისად, ამ ორი უბნის პრობლემების კვლევითაა დაკავებული. მართლაც, ვერაფერს ვუპასუხებ ამ კეთილშობილ “კრიტიკოსებს” – აქვთ პრეტენზია, თანაც სრულიად რელევანტური. 

როცა საფრანგეთს, უფრო სწორად, მთელ მსოფლიოს საფრანგეთიდან მოაწყდა “ახალი ტალღა”, მოდარაჯე კაცის თვალი ადვილად შენიშნავდა, რომ კინემატოგრაფთა  მთელი ჯგუფის, ტრიუფოდან დაწყებული და გოდარით დამთავრებული, კამერები მიმართული იყო პარიზის ცენტრალური უბნებისკენ, თანაც, დროც ისეთი დაემთხვა…  ჩვენ შემთხვევაში ამ ორ უბანში ტრიალი თუ 90-იანმა წლებმა გამოიწვია, მათ შემთხვევაში – 69 წელია, სტუდენტური რევოლუცია, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო მუხტი, რომელშიც ფაქტობრივად მთელი პარიზი  მონაწილეობდა. ცხადია, ამბით რეჟისორებიც დაინტერესდნენ, მეტიც, ამ ამბების ავანგარდში იდგნენ, კამერით და შეკრული მუშტით.

მაგრამ იყო ერთი ასეთი კონსერვატორი რეჟისორი, რომელმაც პოლიტიზებულ კინოსაც და პარიზის ქუჩებსაც უარი უთხრა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში უბრალო ადამიანური ურთიერთობების ფირზე აღბეჭდვა  დაიწყო, და ყველას ერთხმად უთხრა, რომ საფრანგეთი მხოლოდ პარიზი არ არის, ეს კაცი კი დიდი ერიხ რომერია, კინოს დიდოსტატი.

ამ მხრივ დეპოლიტიზებული, თბილისიდან “გასული” რამდენიმე კარგი ნაწარმოები ჩვენთანაც მოიძებნება, კარგი რა, საუკეთესოც კი, მე თუ მკითხავს ვინმე. საუბარი მაქვს პროზის  ოსტატზე, აკა მორჩილაძეზე და მის OBOLE-ზე,  დასავლეთში მოგზაურობაზე –  სწორედ ცენტრიდან მიემართება პერსონაჟი პერიფერიაში, მკითხველი კი იძირება დასავლური, უფრო ზუსტად, იმერული დიალექტის ქსოვილში.

​თუმცა, ამ შემთხვევაში ორიენტირი პრობლემების გადააზრებაზე დავსვათ და გავიხსენოთ ისეთი ტექსტები, რომლებიც გარეუბნის ყოფის სიმძიმე და მდგომარეობა არის  აღწერილი.

ასეთი, ასე პირველი და მკაცრად გაბედული, ცოტნე ცხვედიანი მახსენდება. აღსანიშნავიცაა და აღსანიშნავიც, ცხვედიანი ორ უბანს კი არა, მთლიანად თბილისს მოწყდა და რეგიონებში წავიდა, გვითხრა, რომ სხვა ქალაქებზეც შეიძლება წერა, თანაც უფრო საინტერესოდ, ვიდრე თბილისზე, რადგან მთავარი ბრძოლები განვითარებისა, ქვეყნის ცვლილებებისა, სწორედ იქ მიდის, მისი თვალთახედვის ქვეშ მოექცა კაზრეთი, ჭიათურა, ბაღდათი, სოხუმი…

თუ გოდარი და კამპანია ახალგაზრდული ბრძოლების ავანგარდში იდგა, ცხვედიანი, აქ, ჩვენთან, მშრომელების და ზოგადად, პროტესტის ავანგარდში დგას როგორც ლიტერატურით, ასევე ფიზიკურად. თუ ვინმეს აქვს სტატისტიკა შედგენილი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ლაკანმა ულისეს შემთხვევაში გააკეთა, და დათვლილი, თუ რამდენჯერ უთხრა სისტემამ აქციებზე წინააღმდეგობის გაწევის გამო აქტივისტებს – “დიახ, თქვენ დაპატიმრებული ბრძანდებით!” აი, მაგ სიის თავში თუ არა, ხუთეულში მაინც იქნება ხსენებული მწერალი. ბოლოს, თუ არ ვცდები, მისი სხეული პოლიციელების მკლავების მსხვერპლი “გავრილოვის ღამეს” გახდა.

პროტესტში უშუალოდ ყოფნა მის ტექსტებსაც ეტყობა, ის არ არის ესთეტიკურად მკაცრად განსაზღვრული, რადგან ავტორი, ერთი მხრივ, ე.წ. პრუსტისეულ დისტანციაში არ არის ინსპირაციის ობიექტთან, მეორე მხრივ კი აცნობიერებს, რომ ამბების, რომელსაც გვიყვება, შელამაზებით გადმოცემა, ანუ მკაცრი ესთეტიკური ჭრილის მიცემა, დანაშაულია, გნებავთ, ასე ვთქვათ – სხვისი ტრაგედიის რომანტიზირება, ფეტიშირებაა.

ცხვედიანის თითქმის ყველა ტექსტი ჰეფი ენდის გარეშე მთავრდება, თუმცა ეს არ არის კიდევ ერთი უიმედობისგან სავსე სატელევიზიო სიუჟეტის ფორმატის, პირიქით, ის ტოვებს ნაღმებს – დიდ იმედებს იმისას, რომ სამყარო უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს, რომელ  პროცესში მონაწილეობასაც ნორმის სახით უწესებს მკითხველს.

მისი სადებიუტო წიგნია, მოთხრობების კრებული – “ქალაქი და წმინდანები”, ხოლო რამდენიმე წლის წინ გამოსცა რომანი – “მაიაკოვსკის თეატრი”. ცხვედიანის ნაწარმოებები თარგმნილია რამდენიმე ენაზე, სადებიუტო მოთხრობების კრებულიდან ერთ-ერთმა  კი წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობების ანთოლოგიაშიც მოიხვედრა თავი.

თავში ვახსენე ერიხ რომერი, ფრანგი რეჟისორი, რომელიც პარიზიდან გავიდა და სხვა ქალაქებში დაიწყო გადაღება, მის საპირწონედ კი გამოდგება ზურა აბაშიძე, სადებიუტო მოთხრობების კრებულით – “როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი”. აქ ძირითადად ამბები ზღვისპირა ქალაქში მიმდინარეობს, თუმცა თხრობაში არსად არ ჩანს ზღვა, ის ერთგვარი უხილავი სიმბოლოა, მეტატექსტი, რომელიც ტექსტის ფსკერში იმალება, მისი დანახვა/წაკითხვა, ფაქტობრივად შეუძლებელია, გაგება და მიღება კი სრულიად შესაძლებელი, რომელიც ადამიანის გონებაში დაბუდებული, ხანდახან მშვიდი, ხანდახან კი დაუნდობელი ტალღებითაა სავსე. ზღვა კი არსად ჩანს, მაგრამ წიგნის კითხვისას ზღვის სუნით გევსება ყნოსვის რეცეპტორები.

ამ ამბავში შესაძლოა დამნაშავე ისიც იყოს, რომ თითქმის ყველა მოთხრობაში მინიმუმ ერთი პერსონაჟი მაინც ტირის. ეს სხვა, და ჩემთვის ჯერჯერობით ამოუცნობი ფენომენია, ამიტომ იქით იყოს, ნაცნობი და საინტერესო კი ბევრი სხვაა – ქალები ყავისს სმის დროს ათასი მოგონებით, ყველაფრით დაღლილი ბიჭი, რომელსაც უკანასკნელი ეგზისტენცია, ძაღლი სახელად ბილი ელიოტიც კი უკვდება, სკოლა და მისი საშინელი წესები, ბავშვები მშობლების გარეშე და სხვა. 

რამდენიმე წლის წინ ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში შესანიშნავი ავტორი შემოვიდა, მოურიდებლად შემოაღო კარი “კაცების სამოქმედო პერიმეტრზე” და ქალთა ცხოვრებაზე, მათ მძიმე ტვირთზე დაიწყო ლაპარაკი. ცხადია, ქალები არც იქამდე აკლდა ქართულ ლიტერატურას, თუმცა, ასე მძიმე და ძლიერი ქალების ღრიჭო იყო გაჩენილი, ამიტომ თამთა მელაშვილი მნიშვნელოვან ფიგურად დარეგისტრირდა, მისი რომანი – “გათვლა” კი, ჩემი აზრით, ქართული ლიტერატურისთვის საეტაპო ნაწარმოებია.

თავისებური, მოურიდებელი, ბასრი და რაც მთავარია მინიმალისტური ენით მელაშვილმა შეძლო და, ვფიქრობ, დღემდე ერთადერთია, ვინც აგვისტოს ომის ლიტერატურული გააზრება შემოგვთავაზა, ანუ, მკაცრად თქვა საუკუნეების წინ გადაწყვეტილი ტრუიზმი – ომი ეკუთვნის ლიტერატურას. მან გვაჩვენა ფაქტობრივად ჩვენი, ტელევიზორის ეკრანებს მიღმა არსებული, რეალური ომი. უარი თქვა პლაკატურ სიმულაციურ კონტექსტზე და მზერა ხალხზე გადაიტანა, ორ, სოფელში მცხოვრებ გოგოზე, და ომის ბოროტებაც და მთელი შინაარსიც მათი ისტორიის თხრობით აღწერა.

მის რომანში არაფერი არ არის კონკრეტული, რაც მას უნივერსალურ ღირებულებას აძლევს, ანუ მელაშვილი არც რეგიონს ასახელებს და არც დროს  აკონკრეტებს, ეს მარადიული ამბავია, ომია, და მას კონკრეტიკა არ სჭირდება, ეს შეიძლება ყველგან მომხდარიყო. ერთადერთი კონკრეტული კი ენაა,  რომელიც ეჭვის დონეზე აყენებს იმას, რომ საუბარი სწორედ ზემოთ წარმოთქმულ ამბავზეა – აგვისტოს ომზე.

ყველასთვის სასიხარულოდ გამოჩნდა ახალი ხმა, ილია ჭანტურიას სახით, რომელმაც გამოსცა მოთხრობების კრებული, სახელად – “ნინოშვილის 25”, რომელიც  ზუგდიდს, კიდევ ერთ პერიფერიულ სივრცეს უტრიალებს გარს, ამ პატარა ქალაქის თავისებურ დეკონსტრუქციას ახდენს და იქაური ადამიანების ისტორიებს გვიყვება. ის თავის მშობლიურ ქალაქთან მნიშვნელოვან ემოციურ დისტანციას იცავს, რაც მნიშვნელოვანია, და ემოციურ ბმებთან ერთად მკითხველსაც ფიქრისთვის განაწყობს. .

მისი პერსონაჟები გარბიან, ათავისუფლებენ, ეძებენ არსებობის წერტილს. საგულისხმოა ავტორის მრავალშრიანი ენა – იკვეთება დადაისტური ენის მოდერნიზაციის მცდელობა, ამავე დროს რამდენიმე მოთხრობა დაწერილია ინფანტილური – საბავშვო ენით.

ჭანტურია თავს აღწევს ქართულ ლიტერატურაში არსებულ კლიშეებს და სრულიად ახლებურ ხედვას ავითარებს. მისი წიგნი, სამწუხაროდ, წელს, ჩემი აზრით, სრულიად უსამართლოდ დაიკარგა ლიტერატურული პრემიების თვალთახედვის არედან, თუმცა ეგ არაფერი, ის მკითხველს ეკუთვნის, მკითხველი კი მას დარწმუნებული ვარ, არ დაკარგავს.

ერთი სიტყვით, ქართული ლიტერატურა ვითარდება, მართალია, ნელა, მაგრამ განვითარების სწორ გზას ადგას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გამონათებები შეძლებენ სწორი კონტექსტის დასახვას, რაც ჩვენი ლიტერატურის საერთაშორისო ველზე გასვლას გამოიწვევს, როგორც კონკრეტული იდენტობის მატარებელი მოცემულობა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.