fbpx

სიცოცხლე ვენეციაში


გააზიარე სტატია

ტომ იორკისა და კორონავირუსის კვალდაკვალ

ავტორი: Delphica Sibyl

 

ქრისტეშობიდან ნაკიანი 2020 წლის სწორედ იმ 29 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ თქვა ის, რასაც მისგან ყველა ელოდა. ასეთი უღალატო და სტაბილური ნამდვილად არაფერი გვაქვს ქვეყანაში. განცხადებაში ეწერა, რომ კოვზით ზიარების ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში ინფექცია, რომელიც ნამდვილად საშიშია სიცოცხლისთვის, არაერთხელ გავრცელებულა. თუმცა მორწმუნენი თურმე “არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს”. და შესაბამისად, იღებდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ერთი ჭურჭლიდან. ერთი კოვზით. 

ეგრევე God loves his children, God loves his children, yeah წავიკნავლე და ჰიპოთეზურად გიტარაზეც ჩამოვკარი ცინიკური მარჯვენა. 

რომ არა გარემოებები, რომლებიც არცთუ ისე უსაფუძვლოდ გადაეხლართნენ ერთმანეთს, არც არასდროს გამახსენდებოდა წელიწადის ამ დროს რედიოჰედის პარანოიდ ანდროიდი ☺ 

 

 

იტალიის სამხრეთით მოგზაურობა მთელი წლით ადრე დავგეგმეთ. დავგეგმეთ რაა, ქორწილზე ნაჩუქარი ფულით ავიაბილეთები ვიყიდეთ, სულ ეს იყო.

ჰოდა, რაც უფრო ახლოვდებოდა მოგზაურობის თარიღი, წითური მით უფრო ხშირად მეკითხებოდა – წავიდოდით თუ არა ვენეციაში. მეთქი, ბიჭო, არა, ეგ ჩრდილოეთია მანდ ვერ მოვხვდებით. ტოსკანაში წაგიყვან მედიჩებთან, სიენაში, ნეაპოლში, აქა, იქა. ეს კი ისევ: და ვენეციაში? იქნებ შევიაროთ? გეგონება, საბურთალოა, ანდა, საერთოდაც – დიდუბე.

ჰოდა, მოვიდა თებერვალი, კორონავირუსმა ჯერ ლომბარდია დაამხო და მერე ისევე შემუსრა ვენეტო, როგორც ქრისტეფორე კოლუმბმა და მოგვიანებით ამერიგო ვესპუჩიმ ვენეციის რესპუბლიკა. გაჭრეს რა ამერიკის გზა და მოსპეს ვენეციის საზღვაოსნო ჰეგემონია. და რითი? კარტოფილითი -_-  

მას შემდეგ, რაც ამავე თებერვლის თვეში სულ ციცქნა, 2-სანტიმეტრიანი დიამეტრის კეთილი სიმსივნე მიპოვეს და ამოვკვეთოთ, რა ჯანდაბად გინდაო, ტვინმა ლოგიკურად დაიწყო ჯაჭვის წვნა. სად, თუ არა ვენეციაში უნდა გავრცელებულიყო ვირუსი, რომელიც დიდი სიყვარულისა და ჰედონიზმის ზეიმის დროს ცოტას, მაგრამ მაინც კლავს და ვინ, თუ არა საქართველოს საპატრიარქო უნდა გამოსულიყო მორიგი უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადებით? 

ჰოდა, როგორც ეს რაღაც კეთილზნიანი “ჩუჟოი” იყო დასკუპებული ჩემს საფეთქელზე, აი ეგრე მოთავსდა პარანოიდ ანდროიდი ჩემს თავში. გუნებაში სულ მოვთქვამდი და  დამსეტყვე ცაო, დამსეტყვე “მოუდზე” მყოფი ან ვიბღვირებოდი ან პირიქით – ვიცინოდი. ძალიან მიყვარს, როცა იცი, რომ შფოთავ, აი ბევრი არაფერი, მაგრამ თავს მაინც იგიჟიანებ და უფრო შფოთავ… 

მორჩა: ვენეციაში, სასწრაფოდ ვენეციაში. არ მოვკვდები, ვიცოცხლებ. სასწრაფოდ გავმრავლდები. როგორც კი ჩავალ ვენეციაში, ეგრევე გავმრავლდები. ბევრი უნდა ვიყო. იმდენი, რომ დუგლას ადამსის Marvin the Paranoid Android-მა სხვა პლანეტებსა და გალაქტიკებშიც წამიღოს. მანამდე კი აქ სახელმძღვანელოებში შემიტანონ, როგორც ოდა სიცოცხლეზე. ბოლოს და ბოლოს, იქნებ ეს იყოს ამ ქალაქის წყლიდან ამოყვინთვის დასაბამი. იქნებ. 

პარანოიდ ანდროიდზე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საქმე ბაროკოს პერიოდის შედევრთან გვქონდა.

განსაკუთრებით მისი მესამე ნაწილი მაფიქრებინებდა ხოლმე, რომ ამ სიმღერას გაცილებით მეტი კავშირი აქვს ბახთან, ვიდრე ქუინის ბოჰემურ რაფსოდიასთან. თანაც ჯონი გრინვუდს ძალიანაც დახატავდა ფაგოტი. 

წელს ვენეტოს დედაქალაქში კორონამ კარნავალი შეიწირა და მეც აპოკალიფსის შეგრძნება განსაკუთრებით გამიმძაფრდა საოპერაციოში მწოლიარეს,

ლანცეტის ქვეშ და ექიმის კითხვაზე, რას მიყუჩდი, რაზე ფიქრობო, პირდაპირ ვუპასუხე, რომ იტალიაზე. 15=წუთიანი ოპერაციის განმავლობაში თავმა ორჯერ დაატრიალა პარანოიდ ანდროიდი და სანამ ჭრილობის გაკერვას დაიწყებდნენ, სულ ცხარე ცრემლებით ვატირე სან მარკოს მოედანზე მუხლამდე წყალში მდგომი ტომ იორკი =

Rain down, rain down, come on rain down on me

გადაწყდა. ამიერიდან ვენეციის სიმღერა პარანოიდ ანდროიდია ☺ 

მურანო, ბურანო, გონდოლა, ეს ყველაფერი მარკეტინგული გეგმაა, რომელსაც ვენეცია ბეჯითად მიჰყვება უკვე რამდენი საუკუნეა.

ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დახელოვნებული იყო ფულის კეთებაში, ისე შეიფუთა “სიყვარულის” საბურველში, რომ დღეს ყველა ვენეციაში ცდილობს თაფლობის თვის გატარებას. 

ქალაქის ეკონომიკურ დიდებაზე დღესაც ამაყად ტივტივებს რიალტოს ხიდი. ერთ დროს სწორედ მის ქვეშ იცვლებოდა ხომალდები, სავაჭრო ხაზების წილები, ბანკები და სასახლეები. და შემდგომ სწორედ იმ ბევრმა, განათლებაში დაბანდებულმა ფულმა მოიტანა ის თავისუფლება და ხელოვნების ტრფიალი, რამაც დაღუპა კიდეც. ვიცი გადაჭარბებულია, მაგრამ პრინციპში რომელი გამომეკიდებით ახლა ამაზე? 

წყალი სულ რომ გეზიზღებოდეს და დიდად არც არქიტექტურა გხიბლავდეს, ვენეციურ გოთიკას მაინც ვერასდროს დაივიწყებ.

ვერ ხვდები იტალიურია, ბიზანტიურია, ისლამურია თუ საერთოდ რა ჯანდაბაა. არავის ჰგავს. ენაც თითქოს იტალიურია, მაგრამ თითქოს მაინც არაა. ჰოდა, ვენეციურია ეგ ენა, რომელზეც დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი მეტყველებს და ისტრიასა და ტრენტინოს გარდა, ხორვატიაში, სლოვენიაში, არგენტინასა და მექსიკაშიც კი ესმით. 

გგონიათ, აი ისე უბრალოდ დაწერა შექსპირმა “ვენეციელი ვაჭარი”? სულ ტყუილად.

პირველი გეტო სწორედ რომ ვენეციაში იყო და ეს სიტყვაც ვენეციურიდან გადაპორტირდა ყველა სხვა ენაში. ებრაელები არ იყვნენ ვენეციის მოქალაქეები, თუმცა სწორედ აქ დაიბეჭდა პირველი სრული თალმუდი.  

კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მოვკარი თვალი ვენეციას ტელევიზორში და ალბათ სწორედ ასეთი ცარიელი იყო ყველა გეტო ევროპაში, როდესაც ჰიტლერი წაშავდა. 

ცარიელი ქუჩები, ხიდები, მოედნები. უსაქმოდ მყოფი ისედაც კაი უსაქმური გონდოლიერები, მიმტანები, კაფეები. “ფლორიანსაც: მოვკარი თვალი და უცებ მივხვდი, რამდენი ლხინი და ჭირი უნახავს ამ კაფეს – მხატვრები, სცენარისტები, მწერლები, კომპოზიტორები, რევოლუციონერები, მეფე-დედოფლები, თვით ბონაპარტე და ახლა ეს კორონა.  

საოცარი რამაა ეს “ფლორიანი”. უბრალოდ კი არ დადიოდა კაზანოვა მანდა. არა ბატონო, “ფლორიანი” ევროპის ყველაზე ძველი კაფეა (1720 წელი),

სადაც იმთავითვე შეესვლებოდათ ქალებს. კაზანოვა რა მოსატანია, ისეთი ხალხი დადიოდა აქა: გოეთე, ბაირონი, პრუსტი, დიკენსი, გოლდონი, გოცი… კი ბატონო, ზედოზირება შეიძლება მოგივიდეს, ისეთი კოლექტივია. 

არცაა გასაკვირი, რომ კაფე “ფლორიანი” სამართლიანად ითვლება ვენეციის სიმბოლოდ, ვენეციის ბიენალეს სამშობიარო სახლად და ამავე დროს თანამედროვე ხელოვნების იმ ძველ ვენეციურთან ნაზავად, რომელიც მართლაც გაუგებრობაში გაგდებს. ვერ გაგიგია, მოგწონს, გიყვარს, მოგწყინდა თუ საერთოდაც გძულს. ვენეცია კი უბრალოდ სწორედ ისაა, რაშიც ასეთი უბადლოები არიან იტალიელები. ისე აქორწინონ წარსული აწმყოსთან, რომ მომავალი იყოს ნათელი თუ არა, სული რომ მიგდის სანახავად – ისეთი. 

არ მეშინია არც კორონასი, არც ამ საოპერაციოსი და არც ცარიელი იტალიური ქალაქების.

იტალიის ქალაქებში შუადღეს ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმის. საუკეთესო დროა არაფერზე იფიქრო. აი საერთოდ არაფერზე. 

ერთხელ იყო ასეთი ცარიელი შუადღე (ვერონაში ვიყავი), და მეთქი, გადავხედავ ქალაქს, თან გალავანია ქვის და მზეზე წამოვწვები. მოვკალათდი და მესმის კაცის ხმა: საიდან ხართ? ისინი: (ორნი არიან) ბრაზილია. ისევ კაცის ხმა: ეგრევე მივხვდი, მე პერუდან ვარ (ინგლისურად ელაპარაკება). ესპანური იცით? და ერთ-ერთმა: კი, აი, ამას დედა ჰყავს არგენტინელიო. ჰოდა გააბეს. ცოტა ხანში წავიდნენ. 

ეს ახლა სხვას გამოელაპარაკა. სხვამ – ებრაელი ვარო. ცოლიო? ჰკითხა პერუელმა. გაკვირვებულმა ებრაელმა – ებრაელია, რა თქმა უნდაო. ამან, არ ჰგავსო. ის დაიძაბა. მართლა არ ჰგავდა, ზედგამოჭრილი პაბიდან გამოსული მანჩესტერელი იყო.  

ამასობაში ვიღაც ქალი გაჩერდა ახლოს და  იმას მიუბრუნდა, თქვენ საიდან ხართო და ქალმა არგენტინიდანო და გადაირია ეს, აი ორი ბრაზილიელია, იქით სხედან და ერთს დედა ჰყავს არგენტინელი, დავუძახოო? აუ, სასწაული ტიპია ეს პერუელი. სულ ველოდები, რომ რამეს შესთავაზებს – ან მანქანას, ან გიდობას, ან მოსაწევს, ან ლიმონათს, რავი – რამეს. და აი არაფერი. ამ ქალს გაუბა ლაპარაკი და მესმის, რომ მაჩუ-პიქჩუს ახსენებს. ამეტირასავით. ჩვენ რომ სვეტიცხოველზე და ვარძიაზე ვყვებით ხოლმე და მეფე რომ გვყავდა ქალი, ზუსტად ისეა. მაჩუ-პიქჩუა ამის დედაც, თამარიც, სპაიდერმენიც და მგონი, ღმერთიც. ს ე ვ დ ა ა ა

ჰოდა კი დაწერა სადღაც ტომ იორკმა, არაფერზე ვდარდობდი – ხალხო – პარანოიდ ანდროიდს რომ ვწერდი, დაკოკაინებულმა ქალმა ბარში შემაშინა და სულ ეგ იყოო, მაგრამ ყველა ჩემგან სევდის ნიაღვარს ელოდება და აჰათ, და იდარდეთო. 

ქართველებიც ასე ვართ. ყველა ჩვენგან დუღილს, ბობოქარ შტორმსა და ათას ტუუუუუ-ს ელოდება და ჩვენც ხომ არ დავაღალატებთ მსოფლიოს? ვენეციელებსა და მილანელებზე მეტად ვშფოთავთ. 

იტალიაში ჩავდივართ კორონას მოსალოცად და ის თუ ვერ ჩამევიტანეთ აქ, ადგილზე ვიჩალიჩებთ უახლოეს კვირა დღეს.

განა არ ვიცით, რომ ეს ახალი კორონაც წავა და სხვა, კიდევ უფრო ახალი კორონა მოვა, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა ავინაზღაუროთ ეს დღეში ასჯერ ხელის დაბანა?

ჩემი ყოფილი “პროფესიის” ყოფილი თანამშრომელი რომ ვყოფილიყავი – ჯამიროქუაის რომ ჯამიროქუაის ამიქსავდა ხოლმე (უსაყვარლესი იყო), პარანოიდ ანდროიდს – fake plastic trees-ს მივამიქსავდი. 

რაღაცნაირი გაუაზრებელი ბედნიერებით მავსებს ხოლმე ეს სიმღერა. იმდენი ფული რომ მქონდეს, მას რომ აქვს და თუ ეს იუმორიც არსად წამექცევა – ზღვიდან ყველა “პლასტიკის” ბოთლს ამოვათრევდი. ავაკოწიწებდი ტყუილ ხეს და ვაცურავებდი შავი ზღვიდან ხმელთაშუაში და იქიდან ადრიატიკისაში. ჰოდა, აბა ე კორონა დამიჭერს?! 

2,319 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.