fbpx

ხორცსაკეპი მანქანები, ზარდახშები და ყვავილები – როგორ ულოცავენ ქალებს 8 მარტს საქართველოში


გააზიარე სტატია

ასეთი სათაურებით ახალ ამბებს შეხვდებით სხვადასხვა მედიასაშუალების ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებულ მასალებს შორის. 

 

8 მარტი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღეა და ამ დღის ერთ-ერთი კარგად ცნობილი მოთხოვნაა – “უფლებები ყვავილების ნაცვლად.” ქალები მთელი მსოფლიოდან და მათ შორის – საქართველოშიც, 8 მარტს თანაბარ უფლებებს, თანაბარ პირობებს და თანაბარ შესაძლებლობებს ითხოვენ და იმას, რომ მათ წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები, შევიწროების ფაქტები და დისკრიმინაციული მიდგომა სათანადოდ იქნეს აღქმული საზოგადოების მხრიდან – როგორც დანაშაული, როგორც უსამართლობა, ის, რაც არ უნდა ხდებოდეს. ქალებს კი ამაში ერთმანეთისადმი სოლიდარობის გარდა ხელისუფლების და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. 

ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები კი 8 მარტის საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ცდილობენ და ქალებს ამ დღეს ულოცავენ – ისე, როგორც მათ ესმით და სწორი ჰქონიათ და ხშირად გამოდის ისე, რომ მილოცვის ფორმას არანაირი კავშირი არ აქვს ამ დღის შინაარსთან. 

 

გადავხედოთ 8 მარტთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებს: 

 

ყვავილები და სპექტაკლი ქალებისთვის რუსთავში

რუსთავში ქალებისთვის 8 მარტს 800 ლარად ჩაატარებენ, ყვავილების თაიგულებს და შალის მოსასხამს აჩუქებენ და ასნაჭრიან ტორტს გაჭრიან. ღონისძიების ორგანიზატორია “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი”. 

 

დღესასწაული მრავალშვილიანი დედებისა და დამსახურებული პენსიონერებისთვის ვაკეში 

ვაკის გამგეობა ქალთა უფლებების დაცვის დღეს ქალებს სეგრეგირებულად მიულოცავს და მის მიერ მოწყობილ დღესასწაულში  მხოლოდ მრავალშვილიანი და დამსახურებული პენსიონერი ქალები მოხვდებიან – მაქსიმუმ 200 ადამიანი; მათთვის გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ვაჟთა ანსამბლი და გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი ქართული სიმღერები. ეს ორსაათიანი ღონისძიება, რომლის დასრულების შემდეგაც ქალებს ყვავილების თაიგულები და მისალოცი ბარათები გადაეცემათ,  გამგეობას 14 000 ლარამდე დაუჯდება. 

“მამიკო, ქალთა დღესასწაულის აღსანიშნავ ზეიმზე საჩუქრების მისაღებად მოწყობილია ჩვენი ოჯახის ქალთა რიგი!” / ავტ: მ. აბაშიძე, ჟურნალი “ნიანგი”

 

 

არის რაიონები, სადაც ქალებისთვის უფრო მეტი ემეტებათ, ვიდრე ყვავილები და წარმოდგენებია, თუმცა ეს მეტი, საოჯახო ტექნიკაა – ისევ და ისევ სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ ქალის მთავარი საქმე სამზარეულოში ფუსფუსია. 

 

მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით ოზურგეთში 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 8 მარტს კონცერტსაც გამართავს, ფურშეტითაც გაუმასპინძლდება ქალებს და 40 რჩეულს საოჯახო ტექნიკასაც გადასცემს, კერძოდ, მიქსერს მეტალის ქვაბით. ასეთი ღონისძიება 12 000 ლარამდე ჯდება. 

 

12 ცალი 2 სხვადასხვა ზომის თეფში და მადლობის სიგელები ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში ქალები მათთვის გამართულ დღესასწაულზე თეფშებს და მადლობის სიგელებს მიიღებენ მას შემდეგ, რაც სპეციალურად ამ დღისთვის ჩაწერილ 8 სიმღერას მოისმენენ. კვება და ფურშეტი აქ დღესასწაულის ნაწილს არ წარმოადგენს, მაგრამ ზრუნავენ დეკორაციებზე: თაღები, ქუჩის ლამპიონები და სურო – ეს არის ის, რითაც გააფორმებენ სადღესასწაულო გარემოს. 

 

ზარდახშა და ფაიფურის ვაზა სიმბოლურად ხულოში 

ხულოს რაიონში დედის დღის და 8 მარტის დღესასწაულები ერთად აღნიშნეს. დედის დღეს საჩუქრები მხოლოდ მრავალშვილიან დედებს შეხვდათ, ზარდახშები კი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე “ქალბატონებს”. 

ქალთა მოძრაობა საქართველოში ხელისუფლებას სხვადასხვა მოთხოვნას უყენებდა. 2020 წლის 8 მარტს აქცენტი ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, სხვა დროის მოთხოვნებიდან კი რამდენიმე ფაქტი არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ასეთია: 

  • კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ ლარზე ქალს 64 თეთრს უხდიან.
  • ყოველი მეხუთე ქალი ოჯახში დიასახლისად ქმრის მოთხოვნის გამო რჩება.
  • დიასახლისი სახლში შრომობს საშუალოდ 45 საათს ანაზღაურების გარეშე. 
  • ქალის შრომა სახლში უხილავი და აუნაზღაურებელია.
  • ძალადობის მსხვერპლ ქალებს წასასვლელი არსად აქვთ, უსახსრობისა და უბინაობის გამო ისინი ხშირად მოძალადესთან ბრუნდებიან. 
  • საფინანსო სექტორში კაცის საშუალო ხელფასი 2360 ლარით აღემატება ამავე სექტორში ქალის საშუალო ხელფასს.
  • ორგანიზაციების მმართველ რგოლში ქალები მხოლოდ 20%-ს შეადგენენ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.