fbpx

პირველი ქართველი ფემინისტი ქალები


გააზიარე სტატია

   

 

ყოველი წლის 8 მარტს მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გამონაკლისი არც საქართველოა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ქალების შეუცვლელ როლზე საუბარი  პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში, ან უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამჯერადაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოგვიწევს.

მძიმე რეალობაა ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალები ჯერ კიდევ იბრძვიან საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპებისა თუ უსარგებლო, ხშირ შემთხვევაში მავნე ტრადიციების წინააღმდეგ. 

მეტიც, ქართველ ფემინისტებს დღემდე უწევთ მტკიცება, რომ ქალი არავის საკუთრება არ არის, რომ ქალებს აქვთ უფლება მიიღონ სრულფასოვანი განათლება, ჰქონდეთ წარმატებული კარიერა და რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრებაც საკუთარი სურვილისამებრ წარმართონ. 

დღევანდელ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქალები ყოველდღიურად დგანან, დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. თუმცა, ამ სტატიაში შევეცდებით წარსულში გადავინაცვლოთ და ქართული ფემინიზმის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი მომენტები გავიხსენოთ. 

ქართველი ქალების ბრძოლა თავისუფლებისთვის დიდი ხნის წინ დაიწყო და ამის მაგალითია ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა თუ სხვა ფემინისტების განვლილი ცხოვრება, რომლებმაც პირველებმა გაბედეს და უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება.

 

ეკატერინე გაბაშვილი – (1851-1938)

ეკატერინეს ძალიან გაუმართლა, როცა მამამისმა, რევაზ თარხნიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას აუცილებლად უნდა მიეღო განათლება. მამამ შვილი 7 წლის ასაკში აღმზრდელს მიაბარა, რომელმაც მას წერა-კითხვა ასწავლა. 

მოგვიანებით კი ეკატერინემ ფავრის პანსიონში მიიღო განათლება, სადაც იაკობ გოგებაშვილი გაიცნო. ცნობილია, რომ გოგებაშვილმა ეკატერინეს „დედა ენა“ უსახსოვრა. 

გორში დაბრუნებულმა, საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყო და გადაწყვიტა, რომ დაგროვილი ცოდნა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. საბოლოოდ კი ქალაქში პირველი ქალთა სამრევლო სკოლაც დააარსა. 

ეკატერინე აქტიურად თანამშრომლობდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან და როგორც აქტიური ფემინისტი, ქართველ ქალებს მუდმივად ხელს უწყობდა განათლების მიღებაში. 

ის ასევე იყო საბავშვო მწერალი, რომელიც არაერთი საბავშვო ჟურნალის დაარსებაში მონაწილეობდა. 

 

ბარბარე ჯორჯაძე – (1833-1895)

ბარბარე ჯორჯაძე  საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც აქტიურად უწყობდა ხელს ფემინისტური იდეოლოგიის გავრცელებას საქართველოში. 

კონსერვატორი მამის გადაწყვეტილებით, მისი თანამედროვე ქალების მსგავსად, ბარბარემ განათლება ე.წ. „საშინაო სკოლაში“ მიიღო. 12 წლის ასაკში კი ოჯახმა გაათხოვა – მოგვიანებით მარიამ დემურიამ გაიხსენა მისი მონათხრობი, რომ იმდენად პატარა ასაკში გათხოვდა, თურმე ჯვრისწერა ერთგვარი თამაში ეგონა. 

ბარბარეს აღმზრდელის დამსახურებაა, რომ ქალმა განათლება მიიღო და იმდენს მიაღწია, რომ მისი პროზა თუ პოეზია სხვადასხვა ცნობილ გაზეთში იბეჭდებოდა. 

ბარბარეს წერილი „ორიოდე სიტყვა ყმაწვილკაცების საყურადღებოდ“ ქართული ფემინიზმის მანიფესტადაც კია აღიარებული. 

წერილში ავტორი ქართველი ქალების რთულ ცხოვრებაზე გვიყვება და მთავარ პრობლემად მათთვის განათლების მიღების აკრძალვას განიხილავს. 

 

კატო მიქელაძე – (1878-1942)

კატო მიქელაძეც ქართველი საზოგადო მოღვაწე და ფემინისტი იყო. თავდაპირველად განათლებას ის ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში იღებდა, თუმცა, უსახსრობის გამო სწავლის დასრულება ვერ შეძლო. 

მოგვიანებით აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო მოძრაობაში და აკრძალული ლიტერატურის გავრცელებასაც უწყობდა ხელს. 

ზრდასრულმა კატომ განათლება ევროპაში მიიღო და პირველ ქალთა მოძრაობასაც საფრანგეთში, პარიზში გაეცნო. 

სამშობლოში დაბრუნებულმა და სხვა ქვეყნის მაგალითით შთაგონებულმა გადაწყვიტა, გამოცდილება  ქართველი ქალებისთვისაც გაეზიარებინა და თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისთვის დაიწყო აქტიური ბრძოლა. 

ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“ და ოდნავ მოგვიანებით საფუძველი ჩაუყარა პირველ ფემინისტურ გაზეთს-  სახელწოდებით „ხმა ქართველი ქალისა“.