fbpx

ჩემპიონთა ლიგა: საპასუხო მატჩების წინ


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უჩვეულოდ ეგებება ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალური მატჩების მეორე რაუნდს. როდესაც ამ სამი კვირის წინ პირველი შეხვედრები ჩატარდა, ვინ იფიქრებდა, რომ სულ მალე მსოფლიო კორონავირუსის პრობლემის წინაშე დადგებოდა და ეს  თავის მხრივ ფეხბურთსაც შეეხებოდა.

ამ მიზეზით დამდეგ სამშაბათს და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდთაგან ორს – „პარი სენ-ჟერმენსა“ და ბერგამოს „ატალანტას“ არ ჩაუტარებიათ თავ-თავიანთი მატჩები ეროვნულ ჩემპიონატებში. 

ამასთან, საუბარი იყო საფრანგეთის ჩემპიონსა და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის დაპირისპირების მომავალ კვირაში გადადებაზეც, თუმცა იქამდე რა ზეგავლენა ექნება ვირუსს ფეხბურთზე, ეს პროგნოზს უკვე ისევე ექვემდებარება, როგორც თვით მატჩები, რომელთა მიმართ ინტერესი მაყურებელთა მხრიდან ნამდვილად არ განელებულა.

გადამწყვეტი დაპირისპირების წინ ამა თუ იმ გუნდის სათამაშო ფორმის და მიმდინარე სეზონში მისი ზოგადი სტრატეგიის დადგენის საუკეთესო საშუალება ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ეროვნული ჩემპიონატების და სათასო შეხვედრებია.

ზემოთ ხსენებულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ გასულ კვირას საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „ლიონი“ დიდი ანგარიშით – 5:1 დაამარცხა და შეიძლება ითქვას, რომ აწი მან 25 აპრილს, ამ ტურნირის ფინალურ მატჩამდე „სენტ ეტიენთან“, საკუთარი თავი მთლიანად ჩემპიონთა ლიგას შეუძლია მიუძღვნას, რადგან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული „პარი სენ-ჟერმენს“, ტრადიციულად, ლამის ჩემპიონატის დაწყებამდე აქვს ხოლმე მოპოვებული.

საინტერესოა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ პირველი გოლი გაუშვა „ლიონთან“ შეხვედრაში, თუმცა სულ მალე მბაპემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ ჰეთ- თრიქიც შეასრულა. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ის „ლიონია“, რომელთანაც ერთ კვირაში ტურინის „იუვენტუსს“ რევანშის აღება, ან ჩემპიონთა ლიგის ტურნირის დატოვება მოუწევს…

იძულებით დასვენებული „პარი სენ-ჟერმენისგან“ განსხვავებით, განვლილ შაბათს მისმა მეტოქე “დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის გათამაშებაში გასვლაზე „მიონხენგლადბახი“ დაამარცხა.

ექვსი ქულის ტოლფას მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ლუსიენ ფავრის გუნდმა სატურნირო ცხრილში „ლაიპციგს“ გადაუსწრო და გერმანიის ჩემპიონატში ამჟამად მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ ჩამორჩება.

საგოლე გადაცემის შესრულების მიუხედავად, ეს ნამდვილად არ ყოფილა ერლინგ ჰოლანდის საუკეთესო მატჩი. მეტიც, რომ არა მისი მოულოდნელი უკან დახევა, მიონხენგლადბახელი შტინდლი მასპინძელთაგან ერთადერთ გოლს ვერ გაიტანდა, რადგან საგოლე ეპიზოდში ის აუცილებლად ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. გამარჯვების გოლი კი შეცვლაზე შემოსული სანჩოს გადაცემით ჰაკიმმა გაიტანა.

ერთი შეხედვით „დორტმუნდს“ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის წინ მეტად არასასიამოვნო მეტოქე შეხვდა. სტატისტიკა კი ლამის წარმოუდგენელ სურათზე მეტყველებს, რადგან ეს იყო 2015 წლის 15 აგვისტოდან მოყოლებული დორტმუნდელთა ზედიზედ მეთერთმეტე(!) გამარჯვება „მიონხენგლადბახთან“ შეხვედრაში.

ნებისმიერ შემთხვევაში მასპინძლები ეცადნენ მათთვის ამ არასასიამოვნო ტრადიციის დარღვევას, მაგრამ „დორტმუნდის“ მწყობრმა თამაშმა და საგრძნობმა თავდაჯერებულობამ საბოლოოდ თავისი სიტყვა თქვა და სავარაუდოდ, შეაფიქრიანა „პარი სენ-ჟერმენის“ სამწვრთნელო შტაბი, რადგან აღმავლობის გზაზე მყოფი გერმანული კლუბის ძლევა, დაძაბულ მეტოქეობას გადაჩვეულ საფრანგეთის ჩემპიონს, შემადგენლობაში ნეიმარის და მბაპეს ყოფნის მიუხედავად, საკმაოდ გაუჭირდება. 

ახლავე შეიძლება ითქვას, რომ „პარი სენ-ჟერმენის“  და „დორტმუნდის“ შეხვედრა წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებადაც შეიძლება იქცეს. 

ზემოთ ხსენებული „ლაიპციგი“ კი „ტოტენჰემთან“ საპასუხო მატჩის წინ, გასვლაზე ფრედ – 0:0 ეთამაშა „ვოლფსბურგს“, რაც ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი შედეგი არ უნდა იყოს.

მეორე მხრივ, ინგლისელებთან გასვლაზე მინიმალური ანგარიშით მოგება განმეორებით მატჩში გერმანელთაგან სრულ მობილიზაციას და განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას ითხოვს. შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით გამოჩნდა ტიმო ვერნერი მატჩის მხოლოდ მე-60 წუთზე მოედანზე, თუმცა სამი ქულის მოპოვებაში ის თანაგუნდელებს ვერ დაეხმარა.

ასევე ფრედ, ოღონდ ანგარიშით 1:1 დაასრულა თავისი პრემიერლიგური მატჩი „ტოტენჰემმა“ „ბარნლის“ წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბოლოს „ასტონ ვილასთან“ შეხვედრაში სწორედ „ლაიპციგთან“ პირველი დაპირისპირების წინ გაიმარჯვა და მას შემდეგ ჩატარებულ ხუთ მატჩში ოთხჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრედ ითამაშა…

განა ასეთი უღიმღამო შედეგების გამო არ გაუშვეს კლუბიდან პოჩეტინო? ნუთუ მოურინიოც მის ბედს გაიზიარებს? გასულ კვირას „ტოტენჰემი“ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ასპარეზობასაც გამოეთიშა, სადაც ბრძოლას „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „არსენალი“, „ლესტერი“ და თუნდაც „შეფილდ იუნაიტედი“ განაგრძობენ. 

გასაგებია, რომ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად მერვე ადგილზე მყოფი „ტოტენჰემის“ მთავარი მიზანი სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრაა, მაგრამ ისიც ხომ დასაშვებია, რომ გუნდი ყველაფრის და მათ შორის წლევანდელი ლიგის გათამაშების მეოთხედფინალის მიღმაც დარჩეს? 

ყოველ შემთხვევაში „ლაიპციგთან“ ფავორიტი მოურინიოს გუნდი რომ ვერ იქნება, ამაზე ზემოთ ხსენებული შედეგებიც მეტყველებს. 

„ტოტენჰემისგან“ განსხვავებით, ინგლისის თასიდან გამოვარდნა ალბათ უნდა ეპატიოს „ლივერპულს“, რომლისთვისაც ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებთან ჭიდილი ისეთივე ზედმეტი ტვირთი უნდა ყოფილიყო, როგორიც „ჩელსისთან“ წაგებული მერვედფინალი.

მეორე მხრივ, მერსისაიდულმა კლუბმა ამ ბოლო ხანს წაგებებთან ერთად, გოლების გაშვებასაც უმატა. შესაძლოა გუნდი საკუთარ თავს ერთგვარი განტვირთვის უფლებასაც აძლევს, მაგრამ თუნდაც პრემიერლიგის ბოლო ტურის მოგებულ მატჩში „ბორნმუთთან“, სადაც მილნერმა საოცარ ნახტომში გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან, რომელსაც დაშავებული ალისონის ნაცვლად, ადრიანი იცავდა, გამოჩნდა ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება მეტოქის მიმართ, რამაც შეიძლება „ლივერპულს“ მომავალში კეთილი სამსახური ვერ გაუწიოს საპასუხისმგებლო შეხვედრებში.

 

მადრიდის „ატლეტიკო“ კი სულაც არ აპირებს „იუვენტუსთან“ შარშანდლის მსგავსად შინ მოპოვებული უპირატესობის გასვლაზე განიავებას. დიეგო სიმეონეს გუნდმა, ისევე როგორც „ლივერპულთან“ პირველი მატჩის წინ, ამჯერადაც ფრედ – 2:2 დაასრულა შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში, სადაც მისი მეტოქე „სევილია“ იყო.

„ატლეტიკოსთან“ დაპირისპირება კი, სავარაუდოდ, პასუხს გაგვცემს „ლივერპულის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე. თუკი ესპანელები მოახერხებენ მეოთხედფინალში გასვლას, ეს უფრო მერსისაიდელთა ჩავარდნის შედეგი იქნება, რომელიც კლუბს მისთვის სამწუხაროდ სწორედ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან დაეწყო. 

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დიეგო სიმეონეს უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, მაყურებელი „ბარსელონასთან“ შარშანდელი გაცილებით რთული „ქამ ბექის“ შემდეგ, ამჯერადაც იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებას უნდა ელოდოს.

„ვალენსია“ – „ატალანტას“ დაპირისპირებაში ესპანელებს მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებაში გამოცდილების გარდა, იტალიაში მომძლავრებული კორონავირუსიც შეიძლება დაეხმაროს, რადგან სერია A-ს ჩვეულებრივი კალაპოტიდან ამოვარდნა, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებდა ბერგამოელთა სათამაშო შესაძლებლობებზე. 

თუმცა, სამბურთიანი უპირატესობა წყვილში ფავორიტად, რა თქმა უნდა, იტალიურ კლუბს წარმოაჩენს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.