fbpx

კორონავირუსი: რატომ არ უნდა ავყვეთ პანიკას?


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ეგნაციო ლოპეზ-გონი

მიუხედავად იმისა, ვუწოდებთ თუ არა კორონავირუსს პანდემიას, ის კვლავ სერიოზულ საკითხად რჩება. ორ თვეზე ნაკლებ დროში ის რამდენიმე კონტინენტზე გავრცელდა. პანდემია დაავადების მდგრად და უწყვეტ გადაცემას ნიშნავს, ერთდროულად სამზე მეტ სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში. პანდემია არ ეხება ვირუსის სიკვდილიანობას, არამედ მის გადადებასა და გეოგრაფიულ გაფართოებას გულისხმობს.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს შიშის პანდემია. პლანეტის მედია კორონავირუსით არის მოცული. მართლაც, ვხედავთ ღრმა შეშფოთებასა და მასობრივ დაგეგმარებას უარესი სცენების მოლოდინში და, რა თქმა უნდა, მოულოდნელი შედეგები გლობალური ჯანმრთელობის სფეროდან ბიზნესსა და პოლიტიკაშიც გადადის.

ამის მიუხედავად, პანიკას არ უნდა ავყვეთ. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ კორონავირუსის შესახებ კარგი სიახლეები გვაქვს, მაგრამ, ოპტიმიზმის მიზეზები არსებობს. შესაძლოა არსებობდეს გზები, რითაც მას დავამარცხებთ და ვისწავლით გაკვეთილს მომავლისთვის.

 

  1. ჩვენ ვიცით რა არის ეს

შიდსის პირველი შემთხვევები აღწერილია 1981 წლის ივნისში და დაავადების გამომწვევი ვირუსის (HIV) იდენტიფიცირებას ორ წელზე მეტი ხანი დასჭირდა. COVID-19-ის შემთხვევაში, მძიმე პნევმონიით პირველი ინფიცირება  ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა და 7 იანვრისთვის ვირუსი უკვე იდენტიფიცირებული იყო. გენომი ხელმისაწვდომი მე-10 დღეს გახდა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს არის ახალი კორონავირუსი 2B ჯგუფიდან, რომელიც იმავე ოჯახიდანაა, საიდანაც SARS, რომელსაც SARSCoV2 ვუწოდეთ.

დაავადებას ეწოდება COVID-19 და ვარაუდობენ, რომ ის ღამურების კორონავირუსთანაა კავშირში. გენეტიკურმა ანალიზებმა დაადასტურა, რომ მას აქვს ბოლოდროინდელი ბუნებრივი წარმოშობა (ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისს შორის) და მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციით ცხოვრობენ, მისი მუტაციის მაჩვენებელი შეიძლება ძალიან მაღალი არ იყოს.

 

  1. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გამოვავლინოთ ვირუსი

13 იანვრიდან ხელმისაწვდომია ვირუსის გამოვლენის ტესტირება.

 

  1. ჩინეთში სიტუაცია უმჯობესდება

ჩინეთის მიერ დაწესებულ ძლიერ კონტროლსა და იზოლაციის ზომებს შედეგი მოაქვს. უკვე რამდენიმე კვირაა, ყოველდღიურად დიაგნოზირებული შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ძალიან დეტალური ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი სხვა ქვეყნებში ხორციელდება.

 

  1. შემთხვევების 80% მსუბუქია

შემთხვევების 81%-ში დაავადება არ იწვევს სიმპტომებს ან მსუბუქია. რა თქმა უნდა, დანარჩენი 14%-ში შეიძლება ძლიერი პნევმონია დაფიქსირდეს  და 5%-ში კი კრიტიკული ან თუნდაც ფატალური გახდეს. ჯერ კიდევ უცნობია, რა შეიძლება იყოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მაგრამ ის შეიძლება იმაზე ნაკლები იყოს, ვიდრე არსებული შეფასებები.

 

  1. ხალხი განკურნება

გავრცელებული მონაცემების დიდი ნაწილი უკავშირდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობასა და დაღუპულთა რიცხვის ზრდას, მაგრამ ინფიცირებულთა უმეტესობა განიკურნა. განკურნებულთა რაოდენობა 13-ჯერ მეტია, ვიდრე გარდაცვლილთა და ეს პროპორცია იზრდება. 

 

  1. სიმპტომები ბავშვებში მცირეა

შემთხვევების მხოლოდ 3% დაფიქსირდა 20 წლამდე ასაკში, ხოლო 40 წლამდე ასაკის სიკვდილიანობა  0.2% -ს შეადგენს. სიმპტომები ბავშვებში იმდენად მსუბუქია, რომ შეიძლება შეუმჩნეველი იყოს.

 

  1. თავიდან აცილება შესაძლებელია

ვირუსის ეფექტურად ინაქტივაცია ზედაპირებზე შესაძლებელია ეთანოლის (62-71% ალკოჰოლი), წყალბადის ზეჟანგისა (0.5% წყალბადის ზეჟანგით) ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის (0,1% გაუფერულება) ხსნარით, სულ რაღაც ერთ წუთში. ხელის ხშირად დაბანა საპნითა და წყლით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური მეთოდია.

 

  1. მეცნიერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასზე მუშაობს 

ეს არის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხანა. ერთ თვეზე მეტი ხანია, რაც 164 სტატიის ნახვა შეგიძლიათ PubMed-ში COVID19-ზე. ეს არის წინასწარი ნამუშევრები ვაქცინებზე, მკურნალობებზე, ეპიდემიოლოგიაზე, გენეტიკაზე, დიაგნოზზე, კლინიკურ ასპექტებზე და ა.შ. ამ სტატიებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 700-მდე ავტორმა იმუშავა. შედარებისთვის: 2003 წელს, SARS-ის ეპიდემიის დროს, ამ სტატიების რაოდენობის ნახევრის დაწერას წელიწადზე მეტი დასჭირდა. ამასთანავე, სამეცნიერო ჟურნალების უმეტესობამ კორონავირუსის თემატიკის სტატიები ხელმისაწვდომი გახადა.

 

  1. უკვე არსებობს ვაქცინის პროტოტიპები

ვაქცინის შემუშავების ჩვენი უნარები შესანიშნავია. უკვე გაკეთებულია რვაზე მეტი პროექტი, რომელიც  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  შემუშავებას ცდილობს. ავსტრალიაში Queensland University-ის ვაქცინების ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი უკვე მუშაობენ პროტოტიპზე, რომელშიც გამოყენებულია ახალი ტექნოლოგია, სახელწოდებით “molecular clamp/მოლეკულური სამაგრი”. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვაქცინის წარმოება რეკორდულ დროში. პროტოტიპების ტესტირება მალე ადამიანებზეც მოხდება.

 

  1. მიმდინარეობს ანტივირუსული გამოკვლევები

ვაქცინები პრევენციული ხასიათისაა. ახლა მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მკურნალობა, რომლებიც უკვე ავად არიან. უკვე 80-ზე მეტი კლინიკა არსებობს, რომლებიც კორონავირუსის მკურნალობას ცდილობენ. ისინი გამოიყენებენ ანტივირუსულ საშუალებებს, რომლებიც სხვა ინფექციებისთვის იყო გამოყენებული ადრე და შესაბამისად, დამტკიცებულია, რომ უსაფრთხოა. ერთ-ერთი მათგანი “რემდესივირია”, ფართო სპექტრის ანტივირუსი, რომელსაც ჯერ კიდევ იკვლევენ ადამიანებზე დატესტილია ებოლასა და SARS / MERS-ის წინააღმდეგ.

კიდევ ერთი  ანტიალერგიული ქლოროქინია, რომელსაც ძლიერი ანტივირუსული მოქმედება გააჩნია. ცნობილია, რომ ქლოროქინი ბლოკავს ვირუსულ ინფექციას ენდოსომის pH-ის გაზრდით, რაც საჭიროა უჯრედთან ვირუსის შერწყმისთვის, რითაც ხელს უშლის მის შესვლას. 

სხვა შემოთავაზებული კვლევები ემყარება ოსელტამივირის გამოყენებას (რომელიც გამოიყენება გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ), ინტერფერონ-1 b-ს(ანტივირუსული ფუნქციის მქონე ცილა) და  ანტისერას იმ ადამიანებისგან, ვინც გამოჯანმრთელდა ან მონოკლონური ანტისხეულებისგან ვირუსის გასანეიტრალებლად. ანტისერა არის სისხლის შრატი, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს სპეციფიკური ანტიგენების საწინააღმდეგოდ. ახალი თერაპიები გვთავაზობს შემაჩერებელ ნივთიერებებს, მაგალითად, ბარიციტინიბინის, რომელიც შერჩეულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.

1918 წლის გრიპის პანდემიამ 25 მილიონზე მეტი სიკვდილი გამოიწვია 25 კვირაზე ნაკლებ დროში. შეიძლება ახლა მსგავსი რამ მოხდეს? სავარაუდოდ – არა. ჩვენ აქამდე არასდროს ვყოფილვართ  ისე უკეთ მომზადებულები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც დღეს.

ორიგინალი: https://www.weforum.org/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.