fbpx

მოკლედ გონორეას შესახებ


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ: 

 

სამედიცინო საგანმანათლებლო ბლოგების ციკლში – „მოკლედ“ – გაეცნობით პაციენტთათვის საინტერესო და საკვანძო ინფორმაციებს სხვადასხვა დაავადების, მედიკამენტისა თუ სამედიცინო პროცედურის შესახებ. პოსტები დაფუძნებულია თანამედროვე, განახლებულ სამედიცინო მტკიცებულებებზე და მიზნად ისახავს პაციენტთა ცნობიერების ამაღლებას ამა თუ იმ სამედიცინო თემის შესახებ. 

 

რა არის გონორეა?

გონორეა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომლითაც შეიძლება დაავადდნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. მისგან განკურნება შესაძლებელია.

 

როგორ შეიძლება დაგემართოთ?

გონორეას იწვევს ბაქტერია, სახელად Neisseria gonorrhoeae. მისი გადაცემა ადამიანებს შორის შეიძლება მოხდეს ორალური, ვაგინალური თუ ანალური სექსით.  გონორეა არ გადადის სხვადასხვა ობიექტებთან (მაგ.: უნიტაზის ზედაპირი) შეხებით.

 

როგორ შეიძლება გამოვლინდეს?

დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ლოკალიზაციასა და პაციენტის სქესზე.

 ქალებში გავრცელებული სიმპტომები:

  •   ვაგინალური ქავილი
  •   პათოლოგიური ვაგინალური გამონადენი
  •   წვის ან ტკივილის შეგრძნება შარდვის დროს
  •   გამონადენი უკანა ტანიდან ან შეკრულობა
  •   ნაწლავების მტკივნეული მოქმედება

 კაცებში გავრცელებული სიმპტომები:

  •   ტკივილი შარდვის დროს
  •   რძისებრი გამონადენი პენისიდან
  •   ერთ-ერთი სათესლის ტკივილი და შეშუპება

 

როგორ დაგისვამენ დიაგნოზს?

დიაგნოსტირებისთვის უნდა მიმართოთ კლინიკას, სადაც დასჭირდებათ ვაგინალური ნაცხის აღება (ქალების შემთხვევაში) ან შარდის შეგროვება (კაცების შემთხვევაში).

ასევე, რახან საქმე გვაქვს ერთ-ერთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებასთან გონორეის სახით, ექიმები ყურადღებას მიაქცევენ სხვა იმავე გზით გადამდებ დაავადებებსაც, როგორებიცაა – აივ-ინფექცია, ქლამიდია, B ჰეპატიტი, ტრიქომონიაზი და სიფილისი.

 

რა შეიძლება მოხდეს, თუ არ იმკურნალებთ?

მკურნალობის გარეშე გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში:

  •   ქალების უნაყოფობა (მიზეზი – გონორეით გამოწვეული მენჯის ანთებითი დაავადება)
  •   მამაკაცების უნაყოფობა (მიზეზი – გონორეით გამოწვეული ეპიდიდიმიტი)
  •   ართრიტი და სახსრების ინფექცია (მიზეზი – გონორეის გავრცელება სისხლში)

 

რა უნდა ქნათ, თუ ორსულად ხართ?

ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან ორსულობის მოშლა. ასევე, უშუალოდ მშობიარობის მომენტში ინფექცია შეიძლება გადაეცეს ახალშობილს და გამოიწვიოს თვალის დაზიანება და მხედველობის პრობლემები (კონიუქტივიტი). თუ ფიქრობთ, რომ ხართ ინფიცირებული და ამავდროულად ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის მიზნით.

 

როგორ უნდა იმკურნალოთ?

მკურნალობის ტაქტიკა ორივე სქესისთვის ერთი და იგივეა. ექსპერტთა უმეტესობა მართებულად მიიჩნევს ერთჯერად ანტიბიოტიკოთერაპიას ტაბლეტებითა და ინიექციით.

თუ მკურნალობის შემდეგ სიმპტომები კვლავ ვლინდება, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს ანტიბიოტიკ-რეზისტენტული გონორეისა თუ სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტირებისთვის.

აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის ინფორმირება, კვლევა და მკურნალობა – საჭიროებისამებრ. ზოგ შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება მკურნალობა დაგინიშნოთ ორივე პარტნიორს.

განკურნებამდე სექსისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან გონორეით ინფიცირება მრავალჯერადად არის შესაძლებელი.

 

როგორ უნდა აირიდოთ თავიდან? 

  •   მამაკაცებში კონდომის გამოყენება სქესობრივი აქტის დროს.
  •   სექსისგან თავშეკავება, როდესაც თქვენ ან თქვენს პარტნიორს აქვს პათოლოგიური გამონადენი სასქესო ორგანოდან ან წვა შარდვის დროს.
  •   სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ტესტირება.
  •   სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ექიმის დროული კონსულტაცია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.