fbpx

განსხვავება “პანიკურ შოპინგსა” და კრიზისისთვის გონიერ მომზადებას შორის


გააზიარე სტატია

 

ავტორები: David Savage, Benno Togler

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაცარიელდა სავაჭრო ცენტრები უჰანში, ჰონგ-კონგში, სინგაპურსა და მილანში კორონავირუსის გავრცელების გამო. ეს მოვლენა “პანიკური შეძენის” სახელწოდებით არის ცნობილი. თუმცა, კვლევა აჩვენებს, რომ ამას საერთო არაფერი აქვს პანიკასთან და სიტუაციაზე სრულიად რაციონალურ პასუხს წარმოადგენს.

 

რეაგირება უბედურებაზე

პანიკა სხვა ადამიანურ საქციელებს შორის ყველაზე არასწორად არის გაგებული და ინტერპრეტირებული. სინამდვილეში, ამ ფენომენის ტრადიციული გაგება უფრო მითს ეფუძნება, ვიდრე რეალობას. 

თუ ჩვენ პანიკას ვიაზრებთ, როგორც გაუკონტროლებელი შიშის მდგომარეობას, რომელსაც ირაციონალური ქმედებისკენ მივყავართ, მაშინ ის, როგორც ხალხი სტიქიური უბედურებების დროს იქცევა, სრულიად სხვა რამეა.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სოციალური კანონი კატასტროფის პირობებში ირღვევა. ჰოლივუდის ვერსიაში უბედურების დროს ქაოსი იწყება, ხალხი არალოგიკურად და უგუნურად მოქმედებს. რეალობა კი სრულიად სხვაა.

კვლევების უმეტესობა უარყოფს  “კატასტროფათა სინდრომის” გაგებას, თითქოს ის იყოს უეცარი შოკის ან მასობრივი პანიკის მდგომარეობა. რეალური კატასტროფების დროს ხალხი მიღებული ქცევის პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა მორალი, ლოიალურობა, კანონებისა და წესებისთვის პატივისცემა.



დაგეგმვა

თუ პანიკას არა, მაშინ რა არის? ცხოველთა უმეტესობისგან განსხვავებით, ადამიანებს უნარი აქვთ, გააცნობიერონ მოსალოდნელი უბედურების საფრთხე და ამისთვის მოემზადონ კიდეც. 

ჩვენ ვხედავთ უჰანისა და სხვა ქალაქების დაცარიელებულ ქუჩებს, სადაც ხალხს არ აქვთ უფლება ან შესაძლებლობა, რომ გარეთ გავიდნენ იმის შიშით, რომ ვირუსი არ გადაედოთ. ბუნებრივია, გვსურს, ამ დროს მოვემზადოთ მოსალოდნელი საფრთხისთვის. 

საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების მომარაგება ადამიანებს აგრძნობინებს, რომ მათ რაღაც მოვლენებზე კონტროლის საშუალება ჯერ კიდევ აქვთ.  ეს ყველაფერი ლოგიკური აზროვნების პროცესია. თუ თქვენ ვირუსი შეგეყრებათ, გარშემო მყოფებთან კონტაქტის გაწყვეტა მოგიწევთ, ამ დროს კი თავი რაღაცით უნდა გადაირჩინოთ.

რაც უფრო მეტად აცნობიერებს ადამიანი საფრთხეს, მით უფრო ძლიერი იქნება მისი რეაქცია. ამ ეტაპზე მიიჩნევა, რომ ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 14 დღეა. ამის გამო ადამიანებს უნდათ, რომ 14-დღიანი იზოლაციისთვის საკმარისი საკვები მოიმარაგონ.



კეთილგონივრული რეაქცია

იზოლაციის პერიოდისთვის მზადება არის არა ექსტრემალური ან ირაციონალური შიშის შედეგი, არამედ ჩვენში არსებული გადარჩენის მექანიზმის ამუშავება. ისტორიულად, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი მკაცრი ზამთრისგან, მწირი მოსავლისა და ინფექციური დაავადებებისგან თანამედროვე სოციალური და ტექნოლოგიური ინსტიტუციებისგან დამოუკიდებლად.

საკვების მომარაგება – სწორი რეაქციაა. ეს რეაქცია მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები სასოწარკვეთაში არ ვარდებიან, ფიქრობენ მომავალზე და გეგმავენ მოსალოდნელი მდგომარეობის სიმწვავეს.



თადარიგის დაჭერა

უმეტეს შემთხვევაში ადამიანები გადაწყვეტილებებს არა თავად კატასტროფის შედეგად, არამედ ნავარაუდევი საფრთხის საფუძველზე იღებენ. გაურკვევლობის გამო ადამიანებს ხშირად ახასიათებთ გადაჭარბება. ჩვენ უმეტეს შემთხვევაში, გვეშინია, გვაქვს უარესის და არა უკეთესის მოლოდინი.

როდესაც საქმე საჭირო პროდუქტის მომარაგებას ეხება, ჩვენ ვერ ვიგებთ, როგორ უნდა განვსაზღვროთ რაოდენობა, რადგანაც არ ვიცით, თუ რამდენ ხანს გასტანს კრიზისული პერიოდი.

ამის გამო დიდი შანსია, რომ მოგვივიდეს შეცდომა,  ვიყიდოთ არა ცოტა, არამედ ზედმეტად ბევრი. სინამდვილეში, ეს არის ბუნებრივი პასუხი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისა, რომელიც სამომავლო განუსაზღვრელობას ეჯახება და ისწრაფვის იმისკენ, რომ საკუთარ ოჯახთან ერთად გარანტირებულად გადარჩეს.



ემოციების მნიშვნელობა

პროდუქტის მომარაგების დროს მაღაზიების დაცარიელება შესაძლოა ირაციონალურ ემოციურ რეაქციად ჩანდეს. მაგრამ ემოციები არ არის ირაციონალური. ისინი გვეხმარებიან  პრობლემებზე ყურადღების გამახვილებაში. 

ემოციების დახმარებით ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ იზრუნონ პრობლემებზე, გამოიჩინონ მეტი ყურადღება  და გამძლეობა. ემოციები ადამიანის ქცევის ინსტინქტური ელემენტია, რომელსაც ჩვენ ხშირად არ ვითვალისწინებთ იმის გასაგებად, თუ რა უდევს საფუძვლად ადამიანთა ქმედებას.

ცვლილებებს ინდივიდუალურ ქცევაში შესაძლოა ჰქონდეთ მასშტაბური შედეგები. მაგალითად, სუპერმარკეტი პროდუქციის რაოდენობას საშუალო მოხმარების დონით საზღვრავს. 

სისტემები არცთუ ისე კარგად უმკლავდებიან მოთხოვნათა რყევას. ამიტომ, როცა მოთხოვნა იზრდება, როგორც ეს ჩინეთში, იტალიასა და სხვა ადგილებში მოხდა, თაროებზე არსებული პროდუქტის მარაგი სწრაფად იწურება. 



საჭიროა პროდუქტის მომარაგება?

ზოგადად, ავსტრალიელები არ არიან ისე კარგად მომზადებულები კატასტროფებისთვის, როგორც, მაგალითად, ახალზელანდიელები, რომლებსაც ხშირი მიწისძვრების გამო სახლებში აქვთ სასწრაფო დახმარებისთვის საჭირო ნივთები

ზაფხულის ხანძარს, წყალდიდობებსა და დაავადებებს უნდა მოეცათ სიგნალი იმის შესახებ, რომ საჭირო იყო მომზადება.

 

იმისთვის, რომ სასწრაფოდ არ დაგჭირდეთ საჭირო პროდუქტით მომარაგება,  თქვენ შეგიძლიათ დაიხმაროთ ABC-ის სია და საჭიროების მიხედვით წინასწარ შეიძინოთ პროდუქტი. თუ თქვენ ამ  მეთოდს მიმართავთ, მაღაზიების დაცარიელების შანსი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ორიგინალი: https://www.sciencealert.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.