რის გაკეთება არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს?
ადამიანების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს და მოგვცემს ისეთ ინოვაციურ შესაძლებლობებს, როგორებზეც ადრე ოცნებაც არ ღირდა. თუმცა, სხვები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურ ცხოვრებაში ჩაშენებული ნაღმია.
მიუხედავად მომხრეებისა თუ მოწინააღმდეგეებისა, ფაქტია, რომ ბევრი წარმატებული ბიზნეს-კომპანია სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. ისინი ცდილობენ ხელოვნური ინტელექტი საკუთარი ბიზნეს-საქმიანობისთვის სასარგებლოდ გამოიყენონ, ასევე, განსაზღვრონ, თუ რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ტექნოლოგია დასაქმებულ თანამშრომლებზე.
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი დიდია. მიუხედავად ამისა, მათთვის ჯერ კიდევ ბევრი შეზღუდვა არსებობს.
AI-ს არ შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება
ხელოვნური ინტელექტის სისტემები მაღალორგანიზებულია სპეციფიკური სამუშაოს შესრულების მხრივ. მიუხედავად ამისა, მათთვის კვლავაც სირთულეს წარმოადგენს რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება. მაგალითად, თუ გსურთ, რომ ტექნოლოგიამ თქვენთვის კონკრეტული სპეციფიკური ოპერაცია განახორციელოს, ის ამას რამდენიმე წამში გააკეთებს, თუმცა ვერ შეძლებს ერთდროულად რამდენიმე ოპერაციის დამატებით შესრულებას. Google-მა ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ დარგში, Google ასისტენტისთვის რუტინული შესაძლებლობების დამატებით – AI-ს შეუძლია ერთდროულად აანთოს შუქები, გაახსენოს ადამიანს დღის გეგმები და ა.შ. მაგრამ ამისთვისაც საჭიროა მომხმარებლის ჩართვა, ე.წ. ბრძანების გაცემა.
საბოლოო ჯამში ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის დახმარების გარეშე ერთდროულად არ შეუძლია გაყიდვების ანალიზი და მონიტორინგი, პარალელურად მეილებზე პასუხი და თან საქმიან შეხვედრაზე ჩანაწერების გაკეთება.
AI ყოველთვის ვერ ხსნის თავის გადაწყვეტილებებს
ხელოვნური ინტელექტი ზოგჯერ შეიძლება უპასუხისმგებლო იყოს. მომხმარებლებისთვის ცნობილია ფაქტი, რომ AI ტექნოლოგია მასში ჩაწერილ ალგორითმზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს და ამუშავებს მონაცემებს, თუმცა აუდიტორიისთვის ნაკლებად ცხადია, თუ როგორ ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.
შესაბამისად, ხშირად რთულია განსაზღვრო, რამდენად სანდო და მიუკერძოებელია ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული ოპერაცია თუ მოწოდებული ინფორმაცია.
AI-ს არ გააჩნია ემპათია, სიმპათია, მისთვის ემოციები არ არსებობს.
„ვწუხვარ“, „მესმის თქვენი უკმაყოფილება“ „ბოდიში, რომ ვერ დაგეხმარეთ“ – ეს ის ტერმინებია, რომლებიც ალბათ ბევრ ადამიანს ხშირად მოუსმენია ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობებისგან. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩატ-ბოტები.
რა არის ამაში ცუდი?
საიდუმლო არავისთვისაა, რომ ეს საბოდიშო წერილები, მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. კერძოდ, შეუძლებელია რობოტი მართლაც დამნაშავედ გრძნობდეს თავს ან უხერხულად, რადგან თქვენი დახმარება ვერ შეძლო. ეს ყველაფერი ხშირად მომხმარებელში გაღიზიანებასაც კი იწვევს.
გააზრებული თუ გაუაზრებელი, ნამდვილი თუ ყალბი „წუხილის“ მიუხედავად პრობლემა პრობლემად რჩება. ადამიანი დახმარების ნაცვლად იღებს მხოლოდ ტექსტებს. ამ დროს კომპიუტერული სისტემა უძლურია.
წარმოიდგინეთ, რას გააკეთებდა ე.წ. ქოლ-ცენტრის ოპერატორი ასეთ სიტუაციაში? განსხვავებით ბოტისგან, ის ალბათ დახმარებას შეეცდებოდა და თუნდაც რამდენიმე ზედმეტ წუთს დახარჯავდა თქვენი პრობლემის გადაჭრელად.
AI-ს არ შეუძლია იყოს კრეატიული
შემოქმედებითობა ადამიანის უნიკალური თვისებაა. ხშირად სხვადასხვა გარე ფაქტორები ადამიანებს ხელს უშლის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. ზოგიერთი დავალების შესრულება არც ისე მარტივია, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. დიახ, ამ დროს შესაძლოა „ჭკვიანი“ მანქანები ბევრად პროდუქტიულები იყვნენ, ვიდრე ადამიანები, რადგან მათი ერთადერთი დანიშნულება სპეციფიკური საქმის კეთებაა. თუმცა, რომლის „გონებაა“ უფრო ძლიერი? მანქანის თუ ადამიანის?
რა თქმა უნდა ადამიანის!
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მუსიკაც შეუქმნია და ნახატებიც დაუხატავს, ეს ყველაფერი მას ადამიანის ხელმძღვანელობით გაუკეთებია და არა სპონტანურად, დახმარების გარეშე.
გარდა რიგი პროცესებისა, რომლის განხორციელებაც ხელოვნური ინტელექტისთვის შეუძლებელია, არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს არა მხოლოდ მანქანებისგან, არამედ ყველა სხვა არსებისგან გამოარჩევს პლანეტაზე. ეს შემოქმედებითობაა, საკუთარი ფიქრის მატერიალიზაცია და შექმნა იმის, რაც აქამდე არ არსებობდა.
მაშინ როცა ადამიანისთვის შემოქმედებითობა ყოველდღიური რუტინაა, ყველაზე ძლიერი სისტემით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ამაზე ოცნებაც კი არ შეუძლია.
ორიგინალი: https://blog.invoca.com